2028 წლისთვის ჩინეთი კოსმოსში მზის ელექტროსადგურის გაშვებას გეგმავს

2028 წლისთვის ჩინეთი კოსმოსში მზის ელექტროსადგურის გაშვებას გეგმავს

ახალი მოხსენების თანახმად, ჩინეთი მზის კოსმოსური ელექტროსადგურების პროგრამას თავდაპირველად დათქმულ ვადაზე ორი წლით ადრე, 2028 წელს აამოქმედებს. აქამდე არსებული გეგმით, აზიური სახელმწიფო დედამიწის ორბიტაზე 1-მეგავატიანი ელექტროსადგურის განთავსებას 2030 წლისთვის აპირებდა.

ჟურნალ Chinese Space Science and Technology-ში გამოქვეყნებული ახალი მოხსენების მიხედვით, ჩინეთი სატელიტს, რომელიც კოსმოსიდან დედამიწამდე, 400 კილომეტრ დისტანციაზე, ელექტროენერგიის გადაცემის უსადენო ტექნოლოგიას დატესტავს, სწორედ 2028 წელს გაუშვებს. მკვლევრების განცხადებით, ხელოვნური თანამგზავრი მზის ენერგიას მიკროტალღებად ან ლაზერულ სხივებად გარდაქმნის და მათ სხვადასხვა სამიზნისკენ, მათ შორის დედამიწაზე ფიქსირებული მდებარეობებისა და სატელიტებისკენ მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, კოსმოსში 2035 წლისთვის საპილოტე მზის ელექტროსადგურის განთავსების გეგმა დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც განიხილა. 16 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების პროექტის განხორციელება ევროპული კონტრაქტორების, მათ შორის Airbus-ის დახმარებით იგეგმება. გარდა ამისა, მსგავსი გეგმა ორი ათეული წლის წლის NASA-მაც წარადგინა, მაგრამ მაღალი ხარჯებისა და ინფრასტრუქტურის სირთულის გამო, გეგმის განხორციელების პროცესი შეაჩერა. თუმცა, გასულ თვეში გაკეთებული განცხადებით, პროექტზე NASA ამჟამად უკვე აშშ-ის საჰაერო ძალებთან ერთად მუშაობს.

ჩინეთის განცხადებით, კოსმოსში გაშვებული მზის ელექტროსადგურიდან გამომუშავებული სიმძლავრე 10 კილოვატს მიაღწევს, რაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება საკმარისი. თუმცა, პროექტზე მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, ტექნოლოგიის განვითარების პოტენციალი არსებობს, რაც, თავის მხრივ, „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს 2060 წლამდე ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიზნების მიღწევაში“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *