25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამჟამად კავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერის, „თეგეტასა“ და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საბურავების მწარმოებელი ბრენდის „ბრიჯსტოუნის“ გზები გადაიკვეთა. 500 ერთეული საბურავის შეკვეთით დაწყებული თანამშრომლობა დღეს მთლიანობაში მილიონამდე რეალიზებულ პროდუქტს ითვლის.
„თეგეტას“ შენების პროცესში „ბრიჯსტოუნის“, როგორც გლობალური კომპანიის, გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ეს იყო მომავლის სტანდარტი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანასა და მომხმარებელს“, – აცხადებს დავით ჩხაიძე, Tegeta Prime Products-ის დირექტორი.
1995 წელს დაარსებიდან სამი წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში ავტოპარკის საბჭოთა ნარჩენებისგან გასუფთავება ახალი დაწყებული იყო და „თეგეტა მოტორსი“ ბაზარზე ფეხის მოკიდებას ცდილობდა, კომპანია კავკასიის რეგიონში იაპონური გიგანტის, „ბრიჯსტოუნის“ პირველი ოფიციალური დილერი გახდა. ეს შეთანხმება როგორც ქვეყნისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი იყო – მსოფლიოში უკვე აღიარებული ბრენდის წყალობით ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა დაიწყო.
საქართველოსა და რეგიონში შემოსვლამდე, დაარსებიდან 20 წელიწადში ბრენდი, რომლის სახელიც დღეს ავტოინდუსტრიაში ხარისხსა და მდგრადობასთან ასოცირდება, იაპონიის საკმაოდ დიდი და კონკურენტული ბაზრის ლიდერი გახდა. 35 წლის შემდეგ „ბრიჯსტოუნმა“ წარმოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. აქედან ორი წლის შემდეგ კომპანიამ საბურავების ამერიკის ბაზარზე გაყიდვა დაიწყო, 1983 წლიდან კი – კონტინენტზე პროდუქციის წარმოება. ევროპის ბაზარზე „ბრიჯსტოუნი“ 1994 წლიდან გამოჩნდა, სულ რაღაც ოთხ წელიწადში კი „თეგეტა მოტორსმა“ ის კავკასიის რეგიონში შემოიყვანა.
პოსტსაბჭოთა პერიოდში დაბადებული კომპანიისა და მწირი საერთაშორისო გამოცილების მქონე ბაზრისთვის ნდობის გამოცხადება „ბრიჯსტოუნის“ მხრიდან სარისკო ნაბიჯს წარმოადგენდა.
„მომავლის ხედვის, განვითარებისა და ზრდის პერსპექტივის სწორად დანახვამ ორივე მხარეს მისცა საშუალება, რეგიონისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიეღო“, – აღნიშნავს დავით ჩხაიძე, Tegeta Prime Products-ის დირექტორი.
საერთაშორისო ბრენდების მიერ ჯერ კიდევ აუთვისებელ ბაზარზე შემოსვლამ „ბრიჯსტოუნს“ პოზიციების დასაკავებლად უპირატესობა მისცა, „თეგეტა მოტორსს“ კი, მისი ნდობის მოპოვებამ, მსოფლიო დონის გამოცდილებასთან ზიარებისა და გლობალური მასშტაბით აღიარებული სხვა კომპანიების ყურადღების მიპყრობის საშუალება.
1998 წელს პირველი 500 საბურავის შეკვეთის შემდეგ „თეგეტა მოტორსსა“ და „ბრიჯსტოუნს“ შორის ნდობის ზრდასთან ერთად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაც გაიზარდა. თანამშრომლობის დაწყებიდან ათი წლის თავზე რეალიზაციამ 15 000 ერთეულს მიაღწია, ოცი წლის შემდეგ კი – 40000-ს. ბოლო წლებში, ავტოინდუსტრიის ზრდისა და რეგიონში „თეგეტა მოტორსის“ მიერ ლიდერობის მოპოვების პარალელურად, ამ მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად მოიმატა. მაგალითად, გასულ წელს ქართულმა კომპანიამ იაპონური გიგანტის 80 000 ცალი საბურავი გაყიდა, მიმდინარე წელს კი უფრო ამბიციური გეგმები აქვს და რეგიონის მასშტაბით 120 000 ცალი საბურავის რეალიზაციას ისახავს მიზნად.
გაზრდილი რეალიზაციისა და გამყარებული თანამშრომლობის პასუხად „თეგეტა მოტორსმა“ 2005 წელს „ბრიჯსტოუნის“ ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო. გზების გადაკვეთიდან 25 წლის შემდეგ ქართული კომპანია კავკასიის რეგიონში იაპონური ბრენდის ყველაზე მსხვილ პარტნიორად რჩება. საქართველოს ბაზარზე იაპონური ბრენდის წილი ახალ საბურავებში 15%-დან 20%-მდე მერყეობს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კომპანიების წარმატებულ პარტნიორობაზე მეტყველებს.
„თეგეტა მოტორსისა“ და „ბრიჯსტოუნის“ პარტნიორობა მხოლოდ საბურავების პირდაპირი რეალიზაციით არ შემოფარგლულა. ქართულმა კომპანიამ იაპონური გიგანტი მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებში ჩართო. „თეგეტა მოტორსმა“ თბილისის, ბაქოსა და ერევნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გასაახლებლად ტენდერი მოიგო და თავისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორის, გერმანულ ბრენდ MAN-ის უახლესი ავტობუსებით აღნიშნული ქალაქების ავტოპარკის მომარაგება ითავა. კომპანიამ, რომელმაც სატრანსპორტო საშუალებების მიწოდების გარდა, MAN-ის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ავტობუსების ტექნიკური გამართულობის პასუხისმგებლობაც აიღო საკუთარ თავზე, ტრანსპორტი „ბრიჯსტოუნის“ საბურავებით აღჭურვა, რაც დიდი ხნის პარტნიორებს შორის არსებულ ნდობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.
გარდა ამისა, „თეგეტა მოტორსისა“ და „ბრიჯსტოუნის“ წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია ავტორბოლის ღონისძიება „Bridgestone Black Sea Cup“, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან 2017 წლის ჩათვლით იმართებოდა. პროექტის მიზანი როგორც „ბრიჯსტოუნის“ ბრენდის პოპულარიზაციის გაზრდა, ასევე ავტოსპორტის განვითარების მხარდაჭერა და ახალგაზრდების ამ სპორტით დაინტერესება იყო.
„ზოგადად, დიდი ბრენდები ლოკალურ კამპანიებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. გარდა იმისა, რომ „ბრიჯსტოუნი“ ამ კამპანიის განხორციელებაზე დაგვთანხმდა, კომპანიის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ყოველწლიურად სტუმრობდა საქართველოში და რბოლის გახსნისა და დაჯილდოების ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. ეს მიანიშნებს პარტნიორის დაფასებაზე“, – ამბობს დავით ჩხაიძე.
ერთ გზაზე 25-წლიანი მოგზაურობის განმავლობაში და ერთმანეთის თანადგომით კომპანიები კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდნენ. დღეს „თეგეტა მოტორსი“, რომელიც „ბრიჯსტოუნთან“ თანამშრომლობის დაწყებამდე მხოლოდ ქართულ ბაზარზე იყო წარმოდგენილი და ერთი ფილიალი ჰქონდა, კავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერია. ამაში დიდი წვლილი სწორედ 25 წლის წინ საფუძველჩაყრილ პარტნიორობას მიუძღვის. ამჟამად „თეგეტა მოტორსს“ მხოლოდ საქართველოში 28 ფილიალი აქვს. რეგიონში კი ჰოლდინგი აზერბაიჯანში, სომხეთსა და უზბეკეთშია წარმოდგენილი. „თეგეტას“ გაფართოება და ზრდა, ცხადია, მის გუნდსა და შემოსავლებზეც აისახა. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2022 წელს მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, მასში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კი დაახლოებით 3 000-ს შეადგენს.
რაც შეეხება „ბრიჯსტოუნს“, 25 წლის წინ კომპანია მსოფლიო მასშტაბით 10 000-მდე ადამიანს ასაქმებდა და 10-მდე საწარმოს ფლობდა, მისი შემოსავალი კი $13 მილიარდს შეადგენდა. 2023 წლის მონაცემებით, იაპონური ბრენდი გლობალურად 130 ქარხნითაა წარმოდგენილი, 130 000 ადამიანს ასაქმებს და $27 მილიარდის წლიური შემოსავალი აქვს.
უკვე განხორციელებული პროექტების გამოცდილებასა და მაგალითზე „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობის ახალ გზებსაც სახავენ. ამაზე მიანიშნებს ქართული კომპანიის ინიციატივა, რომ „თეგეტა აკადემია“, რომელიც ამჟამად მხოლოდ საქართველოს ტერიტორიას ფარავს, იაპონურ ბრენდთან პარტნიორობით რეგიონული მასშტაბის პროექტად გადააქციოს. მისი მიზანი ქვეყანაში რეგიონული ტრენინგების ჩატარებაა, რომელთა მისია „თეგეტა მოტორსის“ მიერ ადგილობრივ ბაზარზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების, ასევე „ბრიჯსტოუნის“ დახმარებით მის მიერ დანერგილი სტანდარტების აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის ბაზრებისთვის გაზიარებაა.
„თეგეტა მოტორსისა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი წინაპირობა კომპანიების ღირებულებების თანხვდენა გახდა, რაც ასევე მიანიშნებს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე.
„ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტას“ გადაკვეთის მთავარ წერტილად იქცა ის, რომ ორივე კომპანიისთვის ეკოლოგიასა და მომხმარებელზე ზრუნვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“, – ამბობს დავით ჩხაიძე.
„ბრიჯსტოუნის“ მისიასა და მიზანს გარემოზე ზრუნვა და მდგრადი განვითარება წარმოადგენს. ბრენდი სწორედ ამ პრინციპებს ეყრდნობა საკუთარი პროდუქციის წარმოებისას. „ბრიჯსტოუნის“ პროდუქციის ძირითადი მახასიათებლები ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, გამძლეობა და მდგრადობა, ასევე საწვავის დაზოგვაა. გარდა ამისა, ინოვაციური მიდგომებით შექმნილი საბურავები მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურება.
მსგავსი კურსი აქვს არჩეული „თეგეტას“, რომელიც, ისევე როგორც მაღალი სტანდარტების მქონე ბევრი გლობალური კომპანია, გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების სტრატეგიას პლანეტის ეკოსისტემაზე ზრუნვასა და გარემოს დაცვის პროექტებში უფრო მეტად ჩართვაში ხედავს.
„ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტას“ განვითარების სტრატეგია ერთმანეთთან აბსოლუტურ თანხვდენაშია“, – ამბობს Tegeta Prime Products-ის დირექტორი.
დღეს როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში „ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტა მოტორსის“ სახელები ერთმანეთთან ასოცირდება. კომპანიებმა ბაზრის საბჭოთა ნარჩენებისგან გასუფთავება და საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა ერთობლივი ძალისხმევით დაიწყეს და ავტოინდუსტრიის სფეროში მათ მიერ განვითარებულ ბიზნესეკოსისტემას დღემდე ლიდერობენ.
„90-იანი წლების მიწურულს წარმოუდგენელი გახლდათ მსგავსი გიგანტის შემოსვლა საქართველოში. „თეგეტა მოტორსმა“ მსოფლიო ლიდერის ადგილობრივ ბაზარზე შემოყვანით არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყო ხელი, „ბრიჯსტოუნმა“ კი, მისთვის ნდობის გამოცხადებით და გლობალური გამოცდილების გაზიარებით, საქართველოში მსოფლიო დონის ბრენდის ფორმირებას“, – ამბობს დავით ჩხაიძე.