500 Global არის პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა სტარტაპ სამყაროში ბევრი ნაბიჯით წინ გწევს, – ამის შესახებ ქართული სტარტაპის QuickShipper-ის დამფუძნებლები აცხადებენ. აღსანიშნავია, რომ კომპანია ცოტა ხნის წინ 500 Georgia-ს მესამე ნაკადის Demo Day-ზე წარდგა.
QuickShipper მარიამ ახვლედიანმა, ლევან კილაძემ და ილია გიჯაშვილმა დიდი გამოცდილების ფონზე დააარსეს. ეს არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესებს შეუძლიათ ნებისმიერი არხიდან შემოსული შეკვეთების მართვა, მათი დაბინავება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი. ეს სტარტაპი ცოტა ხნის წინ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა.
„თუ ამ პროგრამაში მოხვდი, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე გავლილი გაქვს „ვალიდაცია“ სხვა პოტენციური ინვესტორების თვალში, რაც საგრძნობლად გიმარტივებს მათ მოძიებასა და შენი სტარტაპის მათთვის გაცნობას. სტარტაპი ისეთ პროდუქტს მოიცავს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს თავისუფლად გაცდება, შესაბამისად აქსელერატორიც ისეთი გვჭირდებოდა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, საერთაშორისო გაფართოების სწორი გეზი დაგვეჭირა. 500 Georgia აქსელერაციის სწორედ ასეთი პროგრამაა და ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ პროგრამაში მოვხვდით“, – ამბობენ სტარტაპის დამფუძნებლები.
მათი მოლოდინით, ეს პროგრამა სტარტაპს დაეხმარება როგორც საკუთარი პროდუქტის გაუმჯობესებაში, ასევე იმის გაცნობიერებაში, თუ რა არის საჭირო უფრო ფართო მასშტაბზე, რას აქცევენ ყურადღებას ინვესტორები და რა არის მათთვის საინტერესო. „უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო საკმაოდ სწრაფად ვითარდება ამ მიმართულებით და უკვე არაერთი ქართული სტარტაპის წარმატებას ვისმენთ ყოველდღიურად. იმედი გვაქვს, რომ 500Georgia-ს დახმარებით, ქვიქშიფერიც შეუერთდება ქართული წარმატებული სტარტაპების სიას საერთაშორისო ბაზარზე“, – აცხადებენ ისინი და დასძენენ, რომ გარდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისა, 500 Global არის პროგრამა, სადაც გეხმარებიან, იფიქრო უფრო მასშტაბურად, გეძლევა შესაძლებლობა, გასცდე საქართველოს ფარგლებს და სწორად შეაფასო საერთაშორისო ბაზრის პოტენციალი. სტარტაპის მოლოდინიც სწორედ ის არის, რომ პროგრამის ბოლოს ყველა მათი გადადგმული ნაბიჯი იქნება იმაზე უფრო მასშტაბური, ვიდრე წარმოიდგენდნენ.
რაც შეეხება QuickShipper-ის გეგმებს, ისინი ამბობენ, რომ პროდუქტის როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ გატანასაც აპირებენ. „ეს ჩვენ შემთხვევაში შედარებით მარტივია, რადგან QuickShipper არის სრულიად ციფრული პროდუქტი და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვინდა, შევძლებთ მის გაყიდვას ციფრული არხების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ, მომავალ წელს ჩვენს პროდუქტი უკვე საერთაშორისო ბაზარს გავაცნოთ“, – ამბობენ კომპანიაში.