Health Innovation 2030-ის პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთის მთავრობა ნაციონალურ ციფრულ ჯანდაცვაში €650-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის განცხადებით, ქვეყანას ციფრული ჯანდაცვის სექტორის ლიდერობის პოტენციალი აქვს.
საფრანგეთის ციფრული ჯანდაცვის განვითარების სტრატეგია ხუთ ძირითად პუნქტს მოიცავს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უმსხვილესი წილი, €202 მილიონი, ციფრული ჯანდაცვის კვლევებსა და ინოვაციებში საფრანგეთის ლიდერობის გაძლიერებას მოხმარდება. ინოვაციების თვალსაზრისით ციფრული ჯანდაცვის სტრატეგიები რამდენიმე სფეროს აერთიანებს, ესენია: პრევენცია, ტელეკონსულტაციები, ქირურგიული რობოტექნიკა, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი სამედიცინო მოწყობილობები. მეორე უმსხვილესი ინვესტიცია კი €168 მილიონის ოდენობით ექსპერიმენტული პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყოფა.
საფრანგეთის ციფრული ჯანდაცვის პროგრამა კლინიკური შეფასების ხარისხისა და მარეგულირებელი პროცედურების შესაბამისად ჩატარდება, რათა დადგინდეს პროდუქტის შესაბამისობა ევროპის უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან. რაც შეეხება მთავრობის ინვესტიციებიდან დარჩენილ თანხას, €81 მილიონი – ჯანდაცვის პროფესიონალების ტრენინგებისთვის, €60 მილიონი – პრიორიტეტული კვლევითი პროგრამებისა და აღჭურვილობისთვის, €35 მილიონი კი ციფრული ჯანდაცვის საფრანგეთსა და საერთაშორისო მასშტაბით დასანერგად გამოიყოფა. დარჩენილი €100 მილიონი 2022 წელს “Santé numérique”-ის ფარგლებში შერჩეულ კომპანიებს გაუნაწილდება.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი ციფრულ მედიცინას ჯანდაცვის მომავალს უწოდებს. ვერანი დასძენს, რომ ციფრული მედიცინა მხოლოდ გაჯეტებით არ შემოიფარგლება და პირისპირ კონტაქტის ჩანაცვლების მაგივრად ის მხოლოდ და მხოლოდ დააახლოებს პაციენტებს ჯანდაცვის სისტემასთან.