9 თვეში საქართველოდან $103.3 მილიონის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა - თიბისი კაპიტალი

9 თვეში საქართველოდან $103.3 მილიონის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა - თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება, წინა წელთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა და 11.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია. თიბისი კაპიტალის განცხადებით ზრდაში დიდი წვლილი თბოგენერაციამ შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 12.6%-ით გაიზარდა და 14.2 ტვტ.სთ-ს გაუტოლდა. როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაში გამომუშავების ზრდა ჰიდროსადგურების, ასევე, თბოსადგურების და ქარის სადგურის მიერ დაფიქსირდა.

გამომუშავების ზრდასთან ერთად, გასულ წელს ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელიც გაიზარდა და რეკორდულ 14.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია. მოხმარების ზრდის ტემპი შედარებით შენელდა მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში და 9.8 ტვტ.სთ შეადგინა. თიბისი კაპიტალის განცხადებით, ამაზე გავლენა აფხაზეთის, კრიპტომაინინგისა და ფეროშენადნობთა საწარმოების მოხმარების შემცირებამ მოახდინა.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5%-ის ფარგლებში გაიზრდება და, შედეგად, 2026 წლისთვის, 15.4 ტვტ.სთ-ს მიაღწევს.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულმა ელექტროენერგიამ 0.97 ტვტ.სთ შეადგინა, რომლის ღირებულება 84.3 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება 2023 წლის პირველ ცხრა თვეს, ამ პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 103.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1.5 ტვტ.სთ ელექტროენერგია.

აღსანიშნავია, რომ ძირითად საექსპორტო ბაზარს კვლავ თურქეთი წარმოადგენს, სადაც მიმდინარე წლის ცხრა თვეში 3.3 ტვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. ცნობისთვის, გასული წლის 12-ვე თვეში ამ მონაცემმა 4 ტვტ.სთ შეადგინა.