„პორშე ცენტრი თბილისის“ რეკორდული გაყიდვები და თანამედროვე სტანდარტების შოურუმი  2022-ის გეგმებში | ინტერვიუ პეტრე წაქაძესთან

„პორშე ცენტრი თბილისის“ რეკორდული გაყიდვები და თანამედროვე სტანდარტების შოურუმი  2022-ის გეგმებში | ინტერვიუ პეტრე წაქაძესთან

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, „The Volkswagen Group“-მა, რომლის ერთ-ერთი ბრენდი პორშეა, რუსული ბაზარი დატოვა. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ იმედს იტოვებენ, კონფლიქტის გადაწყვეტა დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდება და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოხდება.

როგორ აისახება უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რუსეთისათვის დაწესებული სანქციები ავტოინდუსტრიასა და მათ შორის, ქართულ წარმომადგენლობებზე – ამ ეტაპზე რთული სათქმელია. თუმცა, მანამდე, პორშეს საქართველოს ოფისში პანდემიური წელი შეაჯამეს. ,,პორშე ცენტრი თბილისმა“ გასული წელი რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებით დაასრულა. გაყიდვები წლიურად – 65%-ით,  2019 -თან შედარებით კი 32%-ით გაიზარდა. „თეგეტა ჯგუფში“ შემავალმა კომპანიამ 2022-ისთვის კიდევ უფრო მასშტაბური ამოცანები დაისახა მიზნად. კომპანია მზად არის, დანაპირები შეასრულოს – პრემიუმ ბრენდის მომხმარებელს, ახალ მოდელებთან ერთად, გაუმჯობესებული, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზოს. როგორია კომპანიის სტრატეგია ამ მიზნის შესასრულებლად?

უკვე მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებსა და მიმდინარე წლის ამბიციურ გეგმებზე „პორშე ცენტრი თბილისის“ გენერალური დირექტორი პეტრე წაქაძე საუბრობს.

,,2021 წელს კომპანიამ  91 ახალი და 30 მეორადი პორშე გაყიდა, თუმცა პოტენციალი მეტი იყო. მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი პანდემიის მორიგი ტალღა და მისი თანმხლები პრობლემები იყო, პირველ რიგში  მიკროჩიპების დეფიციტი, რამაც არაერთი კომპანიის წარმოება შეაფერხა. ეს საკითხი გარკვეულწილად, „პორშე ცენტრი თბილისსაც“ შეეხო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პოტენციური რისკები ბევრად ადრე შევაფასეთ, გლობალურ გამოწვევას მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდით. საჭირო იყო თამამი ნაბიჯები, რაშიც დიდი ხელშეწყობა მივიღეთ პორშეს სათავო ოფისისგან“, – აცხადებს პეტრე წაქაძე.

კრიზისის რეჟიმის სამუშაო პროცესად ქცევა და სირთულეების შესაძლებლობების ჭრილში განხილვა „პორშე ცენტრი თბილისისთვის“ უწყვეტ ჯაჭვად იქცა, რაშიც თითოეულ თანამშრომელს დიდი წვლილი მიუძღვის.

„2021 წელი პორშესთვის შემოსავლების ნაწილშიც რეკორდული იყო. 2020-თან შედარებით 90%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო 2019-თან შედარებით – 96%-იანი. რა თქმა უნდა, მეტად ორგანიზებულად შევხვდით პანდემიურ პერიოდს და ის საკითხებიც გავითვალისწინეთ, რომლებსაც კრიზისულ პერიოდში 2020 წელს შევეჩეხეთ. მთავარი იყო, რომ თამამი ნაბიჯების გადადგმის არ შეგვეშინდა, რაშიც „პორშე ცენტრი თბილისის“ გუნდის დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და რამაც მოგვცა მუხტი, რომ წარსულზე ნაკლები გვეფიქრა და პორშეს სიჩქარით გვევლო წინ“.

პორშეს გამორჩეულ მოდელებს შორის, მსოფლიო მასშტაბით 2021 წელს განსაკუთრებით პოპულარული Porsche Taycan იყო, რომლის გაყიდვებმაც 41,296 შეადგინა. ტაიკანი – ესაა პორშეს პირველი, სერიული ელექტრომობილი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტროავტომობილი მიეღო.

„პორშემ ეს შეძლო – ტაიკანი არ არის მხოლოდ ელექტროავტომობილი, მასში პორშეს ხასიათი, პორშეს DNA იგრძნობა. ბაზარზე ლიდერის პოზიცია ტაიკანმა, როგორც საუკეთესო ელექტროავტომობილმა, 40-ზე მეტი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი დაამტკიცა. ინტერესი დიდი იყო. როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ბაზარზე ტაიკანმა შექმნა მოლოდინები, რომელიც მართვის პირველი წამებიდან მართლდება“.

,,პორშე ცენტრი თბილისი“, რომელიც საქართველოში პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, იყო პირველი, რომელმაც ქართულ ბაზარზე სრულფასოვანი ელექტროავტომობილი შემოიყვანა პორშე ტაიკანის სახით. გაყიდვების პროგნოზირება არათუ რთული, არამედ შეუძლებელიც იყო.

„ტაიკანი 2020-ში შემოვიყვანეთ.  პირველი თვეების განმავლობაში მომხმარებელი  მხოლოდ აკვირდებოდა. ამ პერიოდში ინფორმაციის ინტენსიურად და სწორად მიწოდებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა წარმატებულ გაყიდვებში. დღესდღეობით 30-ზე მეტი ტაიკანია გაყიდული და მასზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ფეხს მსოფლიო ტენდენციას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარიზაციის თვალსაზრისით და 2022 წელიც შესაბამისად დავგეგმეთ, რომ, ჯამურად, გაყიდული ავტომობილების 50% ჰიბრიდული ან ელექტროძრავის უნდა იყოს“.

საერთაშორისო მოთხოვნებისა და, ამასთანავე, ქვეყანაში ელექტრიფიცირების ხელშეწყობის ფარგლებში,  კომპანიამ საქართველოს 6 რეგიონში  ელექტროდამტენები განათავსა, რომლითაც როგორც ტაიკანის, ისე ნებისმიერი ელექტრომობილის დატენაა შესაძლებელი. ,,პორშე ცენტრი თბილისი“ გეგმავს, რომ 2022 წელს ელექტრომობილის დამტენები ახალ ლოკაციებზეც განათავსოს და მეტი რეგიონი მოიცვას.

„პორშე ცენტრი თბილისი“ რეგიონის მასშტაბით ელექტროავტომობილების სერვისის პირველი ჰაბია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა ჩვენთვის. ამის მისაღწევად ჩვენ, ერთი მხრივ, განვახორციელეთ საკმაოდ დიდი ინვესტიცია როგორც ელექტროავტომობილების დამტენებისა და სპეცინსტრუმენტების შესყიდვის, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით. ჩვენი მექანიკოსები მუდმივად გადიან გადამზადების კურსებს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს ჩვენმა თანამშრომლებმა ელექტროავტომობილებთან მუშაობის დამადასტურებელი ვერცხლის სერტიფიკატები მიიღეს“.

როგორც იცით, პორშეს ისტორია სპორტქარებიდან იწყება. პორშეს დახვეწილი და განსაკუთრებული მოდელებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და ლიმიტირებული მოდელია Porsche 911, GT2 RS. ამ იშვიათ მოდელებს თბილისის ქუჩებშიც შეხვდებით.

„ძალიან გასახარია, რომ ამ ინჟინრულ შედევრებზე საქართველოშიც  წლიდან წლამდე მზარდია მოთხოვნა, სადაც ჩვენ ბაზრის უპირობო ლიდერები ვართ. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მომხმარებლებს სამჯერ მეტი სპორტქარი მივაწოდეთ, რაც ასევე რეკორდული გაყიდვების მაჩვენებელია „პორშე ცენტრი თბილისის“ ისტორიაში.

ზოგადად, 911 პორშეს აიქონიქ მოდელია. საქართველოს ბაზარზე რამდენიმე 911 GT2 RS-ია. ეს მოდელი 911-ებში ყველაზე მძლავრია და უფრო სარბოლო ტრასაზეა ორიენტირებული. ის შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, დროის გარკვეულ მონაკვეთებში. შესაბამისად, GT2 RS-ს და ზოგადად, პორშეს GT ვერსიებს, კონკრეტული სამიზნე აუდიტორია ჰყავს და სასიხარულოა, რომ ქართველი მომხმარებლების ინტერესი ამ თვალსაზრისითაც გაზრდილია“, – აცხადებს ცენტრის გენერალური დირექტორი.

2022-ის მთავარი სიახლე ახალი, ბევრად უფრო მასშტაბური შოურუმია. ცენტრი, რომლის რენოვაციაც უკვე დაწყებულია, პორშეს უახლესი სტანდარტებით იქნება მოწყობილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი სტანდარტების შოურუმი ჯერ მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, ერთ-ერთი კი სწორედ საქართველო იქნება. ახალი ცენტრის გახსნა ივნისში იგეგმება.

„ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრის მშენებლობა გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე გახდა საჭირო, რათა მომხმარებელს სასურველი სერვისი და პრემიუმ ბრენდის ახალი მოდელები კიდევ უფრო სწრაფად და თან კომფორტულ გარემოში შევთავაზოთ. წელს განახლებული მოდელების მხრივ წარმოვადგენთ კაიენის და პანამერას Platinium Edition ვერსიებს, ასევე Taycan GTS-ს და მეოთხე კვარტალში უკვე – 911 GT3 RS-საც. მუდმივად ვცდილობთ, ავტომობილის შეძენის პროცესი ჩვენი მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ. ჩვენი ციფრული სერვისები ახლა უფრო მრავალფეროვანია. ვთარგმნეთ და ქართულ ენაზე შევთავაზეთ წელს მომხმარებელს პორშეს კონფიგურატორი, რომლის დახმარებითაც სასურველი მოდელის აწყობას საკუთარი გემოვნებით  შეძლებს“.

წლის გეგმა კვლავ რეკორდსმენობაა – „პორშე ცენტრი თბილისი“ 2022 წლის ისევ რეკორდული გაყიდვებით დახურვას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტლამდე კვლავაც დარჩება ავტომობილის სხვადასხვა კომპონენტის გლობალური დეფიციტი, რაც, გარკვეულ შემთხვევებში, დაგეგმილ გრაფიკებთან აცდენას იწვევს. თუმცა, ამაზე „პორშე ცენტრი თბილისის“ გენერალურ დირექტორი ერთი ფრაზით გვპასუხობს: „ჩვენთვის გამოწვევები არ აღიქმება როგორც პრობლემა, პირიქით, მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ გავიზარდოთ, რათა გერმანული ხარისხითა და სიზუსტით შევთავაზოთ მომხმარებლებს მათთვის სასურველი მსოფლიოს ინჟინრული შედევრი-Porsche  J“.