ესპანური საფეხბურთო გრანდის, Barcelona-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიურმა კლუბმა აუდიო-სტრიმინგის გიგანტ Spotify-სთან ხელშეკრულება გააფორმა.
კონტრაქტის თანახმად, შვედური კომპანია Barcelona-ს კაცთა და ქალთა გუნდების მთავარი სპონსორი გახდება და კომპანიის ლოგო კლუბის ფეხბურთელების მაისურებზე გამოისახება. ამას გარდა, ხელშეკრულების ფარგლებში, Barcelona-ს ლეგენდარულ სტადიონს სახელწოდება შეეცვლება და Spotify Camp Nou დაერქმევა.
როგორც ცნობილია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის ივლისიდან შევა. სწორედ ამ დროს ეწურება Barcelona-ს კონტრაქტის ვადა თავის ამჟამინდელ მთავარ სპონსორთან, Rakuten-თან. ცნობისთვის, ელექტრონული კომერციის სფეროში მომუშავე იაპონურმა კომპანიამ ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა. აღსანიშნავია, რომ Rakuten-ი, საკუთარი ლოგოს მაისურებზე დატანის სანაცვლოდ, Barcelona-ს წელიწადში 55 მილიონ ევროს უხდიდა. თუმცა, კლუბმა სპონსორთან კონტრაქტის 2021/22 წლების სეზონამდე გახანგრძლივების შემდეგ კომპანიისგან მხოლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო.
რაც შეეხება Spotify-ს, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, Barcelona შვედური კომპანიისგან პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ოთხი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება, საერთო ჯამში დაახლოებით 307 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, რაც მოცემული დროისთვის თითქმის 280 მილიონ ევროს შეადგენს.