გასულ კვირას ტექნოლოგიურ ბაზარზე არაერთი საინტერესო სიახლე დაფიქსირდა: ორმა გიგანტმა, WarnerMedia-მ და Discovery-მ შერწყმის შესახებ განაცხადეს, Alphabet-ის შვილობილმა Wing-მა ტეხასში დრონებით მიტანის კომერციული სერვისი აამუშავა, ხოლო Tesla-მ ოსტინში „ამერიკის უდიდესი ქარხანა გახსნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
WarnerMedia და Discovery გაერთიანდნენ – ბაზარზე ახალი გიგანტი გამოჩნდა
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ HBO Max-ისა და Discovery Plus-ის მფლობელმა კომპანიებმა გაერთიანება გადაწყვიტეს – $43-მილიარდიანი გარიგების შედეგად, ახლად შექმნილი კომპანია, სახელწოდებით Warner Bros. Discovery „მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი კონტენტის შექმნას“ შეძლებს.
ამ შესაძლებლობის შესახებ კომპანიებმა ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადეს, როცა აღნიშნეს, რომ ახალ კომპანიას „მისი სტრიმინგ-სერვისისთვის უფრო მეტი ორიგინალური კონტენტის შექმნის, სამაუწყებლო არხების გაუმჯობესების, კიდევ უფრო ინოვაციური ვიდეოგამოცდილებისა და მრავალფეროვანი არჩევანის შემოთავაზების საშუალება ექნება“.
აღსანიშნავია, რომ ახლად შექმნილ კომპანიას Discovery-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, დევიდ ზასლავი გაუძღვება – მისმა გუნდმა AT&T-ის (WarnerMedia-ს მფლობელი) ყოფილი ლიდერშიფი ჩაანაცვლა. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ გარიგების შედეგად გაერთიანდება კომპანიის სტრიმინგ-პლატფორმები – HBO Max-ი და Discovery Plus-ი, რომლებიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი.
საინტერესოა, რომ WarnerMedia-ს და Discovery-ის გაერთიანება ბაზრის კონსოლიდაციისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია – გასულ თვეს Amazon-მა ლეგენდარული კინოსტუდია MGM-ი შეიძინა $8.45 მილიარდად, ხოლო რამდენიმე წლის წინ, $71.3 მილიარდიანი გარიგების შედეგად, Disney-იმ 21st Century Fox-ი შეიძინა.
Epic Games-ის ახალ აპლიკაციას სურათებიდან სამგანზომილებიანი მოდელის აწყობა შეუძლია
გასულ კვირას Epic Games-მა ახალი სატელეფონო აპლიკაცია, RealityScan-ი წარმოადგინა, რომელსაც თქვენი სმარტფონით გადაღებული სურათებით ნივთების სამგანზომილებიანი მოდელის აწყობა შეუძლია. ამ აპლიკაციის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ადამიანმა საკუთარი ფიზიკური ნივთების გაციფრულება და მათი ვიდეოთამაშებში ან მეტავერსში გადატანა შეძლოს.
ამ ეტაპზე აპლიკაცია ბეტა-ტესტირებას გადის და ის Apple-ის TestFlight-პროგრამის პირველი ათი ათასი დარეგისტრირებული მონაწილისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საინტერესოა, რომ გამოცემა The Verge-ის ჟურნალისტი, ჯეი პიტერსი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც აპლიკაცია გამოიყენა, ასე რომ, პროდუქტის დასახასიათებლად უპრიანი იქნება, მის მონაყოლს თუ დავეყრდნობით.
როგორც ჩანს, RealityScan-ი მარტივად გამოყენებადი აპლიკაცია: მომხმარებელს, რომელსაც ობიექტის გაციფრულება სურს, მას, სულ მცირე, ოცი სურათი უნდა გადაუღოს სხვადასხვა კუთხიდან – ამ პროცესს სკანირება ეწოდება. სკანირების დასრულების შემდეგ სურათები იგზავნება სამგანზომილებიანი მოდელირების პლატფორმა Sketchfab-ში, საიდანაც, რამდენიმე წუთში, მომხმარებელი საკუთარი ნივთის სამგანზომილებიან ციფრულ ასლს იღებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ დროს, როცა ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს შორის არსებული ზღვარი ყოველდღიურად უფერულდება, ამგვარ აპლიკაციას დიდი მომავალი აქვს, რადგან შესაძლოა, საკუთარი ნივთების მეტავერსში გადატანით, ადამიანებმა ვირტუალურ სამყაროში თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. გარდა ამისა, ობიექტების სკანირების პროცესი საგრძნობლად ამარტივებს სამგანზომილებიანი მოდელირების პროცესს, რაც ვიდეოთამაშების შემქმნელებს საქმეს გაუმარტივებს.
Alphabet-ის შვილობილმა Wing-მა დალასში დრონებით მიტანის სერვისი აამოქმედა
გასულ კვირას Alphabet-ის შვილობილმა კომპანია Wing-მა შტატ ტეხასის ქალაქ დალასში დრონებით მიტანის კომერციული სერვისი აამოქმედა – კომპანიის სერვისით სარგებლობა ქალაქის შემოგარენში მცხოვრებ ათიათასობით ოჯახს შეუძლია. ცნობისთვის, ეს კომპანიის პირველი კომერციული სერვისია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ჯერჯერობით, Wing-თან მხოლოდ Walgreens-ი, Blue Bell Creameries-ი, Easyvet-ი და Texas Health-ი თანამშრომლობენ – სასურველი პროდუქტი მომხმარებელმა სმარტფონის აპლიკაციით უნდა შეუკვეთოს. საინტერესოა, რომ Wing-ის დრონები პარტნიორ მაღაზიებთან ახლოს იმყოფებიან და შეკვეთის მიღების შემდეგ უშუალოდ მაღაზიაში მიფრინავენ, იტვირთებიან და მომხმარებლის სახლისაკენ მიემგზავრებიან – ამ ეტაპზე Wing-ის დრონებს ამ საქმეში გაწვრთნილი პილოტები მართავენ.
საინტერესოა, რომ დრონებით მიტანის სერვისის ინდუსტრიის წარუმატებლობის ფონზე, Wing-ი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება – კომპანია სამ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ფინეთსა და ავსტრალიაში არის წარმოდგენილი და დღემდე 200 ათასზე მეტი შეკვეთა აქვს შესრულებელი, ამათგან 50 ათასი ავსტრალიის ქალაქ ლოგანზე მოდის. რაც შეეხება დალასს, სატესტო გაშვებებს კომპანია გასული წლიდან მართავს.
აღსანიშნავია, რომ Wing-ის დრონი საკმაოდ საინტერესოა საინჟინრო გადმოსახედიდანაც – ის ერთმანეთში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის თვისებებს აერთიანებს და, Amazon-ის დრონისგან განსხვავებით, ტვირთს მომხმარებელს 7 მეტრის სიმაღლიდან, სპეციალური კაბელის დახმარებით აწვდის.
LEGO და Epic Games-ი მეტავერსში ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცეს შექმნიან
ყველასათვის საყვარელი დანიური კომპანია, LEGO და მეტავერსის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, Epic Games-ი მეტავერსში ყველა ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო ციფრულ სივრცეს შექმნიან, რომელიც მათ თავდაჯერებულ კრეატორებად აქცევს.
„ბავშვებს უყვართ როგორც ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებში თამაში, ასევე მათ შორის უწყვეტი მიმოსვლა. გვჯერა, რომ იმ უნარების განვითარება, რომლებსაც ისინი სიცოცხლის მანძილზე გამოიყენებენ, მათ შორის კრეატიულობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის – ორთავე სამყაროში არის შესაძლებელი. ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ციფრული თამაში უსაფრთხო, შთამაგონებელ და ყველასათვის სასარგებლო საქმიანობად ვაქციოთ – სწორედ ამის გამო ვიღებთ ვალდებულებას, რომ ციფრული თამაშისას ბავშვებს ისევე დავიცავთ, როგორც მათ უფლებებს ფიზიკური თამაშისას, აწ უკვე რამდენიმე თაობის განმავლობაში“, – განაცხადა LEGO Group-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ნილს კრისტიანსენმა.
„კრეატიული თამაშებით ბავშვებისა და ზრდასრულების წარმოსახვის მოხიბვლას LEGO Group-ი თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ახერხებს და მოხარულნი ვართ, რომ მეტავერსში შევქმნით ისეთ მხიარულ და გასართობ სივრცეს, რომელიც ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი“, – ამბობს Epic Games-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი ტიმ სვინი.
როგორც კომპანიების მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან ირკვევა, მათ შორის თანამშრომლობა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: პირველი – ბავშვების თამაშის უფლების დაცვა, როგორც უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პრიორიტეტი; მეორე – ბავშვების ინტერესების დაცვა და მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; და მესამე – ბავშვებისა და ზრდასრულების გაძლიერება მათთვის ციფრული გამოცდილების მართვის სადავეების გადაცემით.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიებს შორის თანამშრომლობას პოტენციალი მართლაც აქვს. საქმე ისაა, რომ Epic Games-ს სრულად იმერსიული ციფრული სამყაროს შექმნა არ გაუჭირდება – ამისთვის მათ ყველანაირი ხელსაწყო და გამოცდილება აქვთ – ამასთანავე, მეორე მხარეს არის 90-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია, რომლის სათამაშოებით ბავშვების არაერთი თაობა აღიზარდა.
ილონ მასკმა ტეხასში Tesla-ს ახალი გიგაქარხანა გახსნა
გასულ კვირას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, ამერიკული Tesla-ს კიდევ ერთი გიგაქარხანა გაიხსნა, ამჯერად შტატ ტეხასის ქალაქ ოსტინში – კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ილონ მასკის თქმით, ეს ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ქარხანაა.
ახალი გიგაქარხნის გახსნას Tesla-მ სპეციალური ღონისძიება – „კიბერ როდეო“ დაამთხვია, რომელმაც 1000-ზე მეტ მოწვეულ სტუმარს უმასპინძლა. მისი გამოსვლისას, ილონ მასკა ისაუბრა როგორც ამ ქარხნის სიდიდესა და მნიშვნელობაზე, ასევე მის წარმადობაზე – მომავალი წლიდან ამ გიგაქარხანაში ყოველწლიურად, სულ მცირე, 500 ათასი მანქანა აიწყობა. ამ ეტაპზე ქარხანა Model Y-ის წარმოებაზე იქნება კონცენტრირებული, ხოლო მოგვიანებით მის საწარმოო ხაზს Cybertruck-ი, განახლებული Roadster-ი და Tesla Semi დაემატება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატის ცვლილებისა და ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, Tesla-ს დიდებული დრო დაუდგა, როცა ელექტრომანქანებზე არსებული მოთხოვნა საოცრად მაღალი და მზარდია. როგორც ჩანს, ბაზრის ამ მოთხოვნას Tesla იმ 2 მილიონი ერთეული მანქანით შეეცდება, რომელთა წარმოებას მისი რამდენიმე ქარხანა ყოველწლიურად შეძლებს. თუკი Tesla ამ ნიშანსვეტს მიაღწევს, ის ორჯერ უფრო მეტ მანქანას გამოუშვებს, ვიდრე 2021 წელს.
აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მეორე გიგაქარხანაა, რომელიც Tesla-მ ბოლო ოცდაათი დღის განმავლობაში გახსნა: მარტის ბოლოს ბერლინის შემოგარენში Tesla-ს პირველი ევროპული გიგაქარხანა გაიხსნა.
საუდის არაბეთის პრინცის EGDC-მ ვიდეოთამაშების დეველოპერი SNK-ი შეიძინა
როგორც გასულ კვირას გაცხადდა, ცნობილი ვიდეოთამაშების, Metal Slug-ისა და Fatal Fury-ის შემქმნელი კომპანიის, SNK Corporation-ის 96.18% წილს ამიერიდან საუდის არაბეთის პრინცის, მუჰამედ ბინ-სალმანის Electronic Gaming Development Company (EGDC) ფლობს. საუდის არაბეთის პრინცის კომპანიის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან SNK-ის 33.3%-იანი წილი მისმა ფონდმა ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში შეიძინა.
თუმცა ეს სიახლე მაინც ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან ის საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიების ვიდეოთამაშების ინდუსტრიით დაინტერესებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ამა წლის თებერვალში, მაგალითად, საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა (PIF) Capcom-ისა და Nexon-ის მცირე წილები შეიძინა, რომელთა საბაზრო ღირებულება $1 მილიარდს სცდება. ამასთანავე, 2020 წლის მეოთხე კვარტალში PIF-მა Activision Blizzard-ის, EA-ისა და Take-Two-ს აქციებში $3.3 მილიარდი დააბანდა.
Fortnite-ის მოთამაშეებმა უკრაინის დასახმარებლად $144 მილიონი შეაგროვეს
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის შემქმნელმა კომპანიამ, Epic Games-მა, განაცხადა, რომ შემდეგ ორ კვირაში თამაშიდან შემოსულ თანხას სრულად გადარიცხავდა უკრაინის დასახმარებლად – როგორც გაირკვა, ამ მიზნისთვის მოთამაშეებმა $144 მილიონი შეაგროვეს, რომლის დიდი ნაწილი, კერძოდ კი $36 მილიონი, აქციის პირველსავე დღეს მოგროვდა.
Our deepest thanks to everyone who joined us in supporting humanitarian relief efforts for people affected by the war in Ukraine.
Together with the Fortnite community and @Xbox, we raised $144 million USD for @DirectRelief @UNICEF, @WFP, @Refugees and @WCKitchen. pic.twitter.com/lPAa8lmfJn
— Fortnite (@FortniteGame) April 4, 2022
აღსანიშნავია, რომ Epic-ი არ არის ერთადერთი კომპანია ვიდეოთამაშების ინდუსტრიიდან, რომელმაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხა შეაგროვა: გასულ თვეს League of Legends-ის დეველოპერმა, Riot Games-მა უკრაინისთვის $5.4 მილიონი, Itch.io-მ – $6 მილიონი, ხოლო Humble Bundle-მა $20 მილიონი მოაგროვეს.
Intel-ი რუსეთში ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, მიკროჩიპების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტი, Intel-ი რუსეთში ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს, – ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ ეს ომის თაობაზე მიღებული კომპანიის პირველი გადაწყვეტილება არ გახლავთ, რადგან რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის შეტანა Intel-მა ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველ დღეებში შეწყვიტა.
„Intel-ი გლობალური საზოგადოების გვერდით დგას – ვგმობთ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარეებს მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ. დაუყოვნებლივ შევაჩერეთ ბიზნესთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა რუსეთში“, – წერია პრესრელიზში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული ბაზარი არაერთმა დიდმა დასავლურმა კომპანიამ დატოვა, მათ შორის McDonald’s-მა, KFC-მ, Starbucks-მა, Coca-Cola-მ, PepsiCo-მ, Google-მა, Apple-მა და Microsoft-მა.