ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი წარუდგინა. მისი შეთავაზებით, ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად უნდა აკრძალოს. გარდა ამისა, უნდა აიკრძალოს ევროპულ ეთერებში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა და სანქციები დაუწესდეს უდიდეს რუსულ ბანკს.
წევრი ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბლოკისთვის შესაძლოა, წყალგამყოფი აღმოჩნდეს. რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულ გაერთიანებას ენერგორესურსების ალტერნატიული გზების მოძებნა მოუწევს.
მოგეხსენებათ, რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე ევროკავშირში ერთსულოვნება არ შეიმჩნეოდა. ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის მომხრე სახელმწიფოთა რიგებს რამდენიმე ევროპული ქვეყანა არ უერთდებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო სურათი შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ომის დანაშაულებისა და უკრაინაში განხორციელებული სისასტიკის გამო რუსეთმა საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს. „პუტინმა უნდა გადაიხადოს საფასური, დიდი ფასი, მისი ბრუტალური აგრესიისათვის“, – განაცხადა მან.
ევროპული კომისიის მიერ შეთავაზებული პაკეტი 2022 წლის ბოლომდე რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას გულისხმობს. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპულ ეკონომიკაზე რუსეთის გავლენა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ევროკავშირი შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდება. მოგეხსენებათ, ნავთობი რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლის წყაროა.