21 მაისს Forbes.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით – “ტელევიზიების შემოსავლები შემცირებულია”. მასალის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში გამოცემას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაუკავშირდა. მარეგულირებლის პრესსამსახურმა წერილობით გვაცნობა, რომ მასალა მცდარი იყო და კომისიის მოთხოვნა იყო, რომ ის შეცვლილიყო.
სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში მოქმედი ტელევიზიების მთლიანი შემოსავლები შემცირებულია. მთლიან შემოსავლებში შედის, როგორც სამაუწყებლო, ისე არასამაუწყებლო შემოსავლები, რომლებიც წლების მიხედვით შემდეგი იყო: 2016 წელი – 143.9 მლნ ლარი; 2017 წელი – 146.6 მლნ ლარი; 2018 წელი – 137.2 მლნ ლარი. აღნიშნული მონაცემების და ქვევით მოყვანილი გრაფიკის წყარო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური პორტალია, სადაც ყოველკვარტლურად ქვეყნდება საქართველოში მოქმედი ტელევიზიების შემოსავლების შესახებ მონაცემები.
კომისიის მოთხოვნა იყო, რომ გამოგვექვეყნებინა მონაცემები არა ტელევიზიების “მთლიან შემოსავლებზე”, არამედ მხოლოდ სამაუწყებლო შემოსავლებზე. პრესრელიზში, რომელიც კომისიამ Forbes-ის მასალაზე საპასუხოდ გაავრცელა წერია, რომ “სამაუწყებლო შემოსავლები სტაბილურია და ის არ შემცირებულა”.
თუკი ვნახავთ ტელევიზიების მხოლოდ სამაუწყებლო შემოსავლებს, ის მართლაც გაზრდილია 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, თუმცა კვლავაც ჩამორჩება 2016 წლის მონაცემს.
ტელევიზიების სამაუწყებლო შემოსავლები 2018 წელს 135.6 მლნ ლარი იყო, 2017 წელს 127.9 მლნ ლარი, ხოლო 2016 წელს კი 143.9 მლნ ლარი. ქვევით მოყვანილი გრაფიკის წყარო ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური პორტალია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კომისია მცდარს უწოდებს შეეხება ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებს. სტატიაში, რომელიც Forbes.ge-ზე განთავსდა აღნიშნული იყო, რომ დათვლაში შედიოდა რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებული შემოსავლები. რეკლამიდან და სპონსორობიდან ტელევიზიებმა 2018 წელს 67.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, 2017 წელს 69.1 მლნ ლარი, ხოლო 2016 წელს კი 83.2 მლნ ლარი. ქვევით მოყვანილი გრაფიკის წყარო ასევე მარეგულირებლის ანალიტიკური პორტალია.
კომისიის მოთხოვნა იყო, რომ სტატიაში დაგვეთვალა არა მხოლოდ რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებული შემოსავლები, არამედ მასთან ერთად განცხადებებიდან, ტელეშოფინგიდან და პროდუქტის განთავსებიდან მიღებული შემოსავალიც. ამ შემთხვევაში მონაცემები შემდეგია: 2018 წელი – 75.2 მლნ ლარი; 2017 წელი – 75.4 მლნ ლარი, 2016 წელი – 87.9 მლნ ლარი.
გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც ტელეკომპანიების სარეკლამო შემოსავლები შემცირებულია.