G7-ის წევრი ქვეყნები უკრაინას ეკონომიკური დახმარების სახით $19.8 მილიარდს გამოუყოფენ

G7-ის წევრი ქვეყნები უკრაინას ეკონომიკური დახმარების სახით $19.8 მილიარდს გამოუყოფენ

G7-ის წევრი სახელმწიფოები უკრაინას ეკონომიკური დახმარების სახით 19.8 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფენ. გერმანიის ფინანსთა მინისტრის, კრისტიან ლინდნერის განცხადებით, 9.5 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება უშუალოდ წევრი სახელმწიფოების შეხვედრისას მოხერხდა.

გასაკვირი არ არის, რომ G7-ის ფორმატის შეხვედრის დღის წესრიგში მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახლდათ. სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა შეხვედრისას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისა და ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად საჭირო კავშირების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.

მათი განმარტებით, უკრაინის ეკონომიკურ-ფინანსურმა შესაძლებლობებმა ომში მის თავდაცვისუნარიანობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს. შესაბამისად, ეკონომიკური დახმარების გამოყოფის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდება. უშუალოდ საომარი მოქმედებების გარდა კი ამაზე გავლენას ის საზღვაო ბლოკადა ახდენს, რომელიც უკრაინას საგარეო ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობას პრაქტიკულად არ აძლევს.

გარდა ამისა, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრებმა და მდივნებმა მსოფლიოში არსებული ინფლაციის, სურსათის დეფიციტისა და სხვა ეკონომიკური საკითხებიც განიხილეს.

ცნობისათვის, G7-ის ქვეყნების ფინანსური ლიდერების შეხვედრის პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარების მორიგი, $40-მილიარდიანი გეგმა დაამტკიცა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი სამხრეთ კორეაში მოაწერა.