რუსეთი მზადაა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, სურსათით დატვირთული გემებისთვის უკრაინიდან გასასვლელად ჰუმანიტარული დერეფანი უზრუნველყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებას საინფორმაციო სააგენტო Interfax-ი აქვეყნებს.
უკრაინა ხორბალთან ერთად, სიმინდისა და მზესუმზირას ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორიცაა. დასავლეთის სახელმწიფოები დიდი ხანია განიხილავენ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „უსაფრთხო დერეფნების“ შექმნის შესაძლებლობებს, თუმცა, მათივე განცხადებით, მსგავსი ტიპის ნებისმიერ დერეფანს რუსეთისგან თანხმობა დასჭირდება. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით კი, რუსეთი სურსათის მარაგს იარაღად იყენებს.
რუდენკოს თქმით, სურსათის პრობლემის გადაჭრა ყოვლისმომცველ მიდგომას მოითხოვს, მათ შორის – რუსეთისთვის ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე დაწესებული სანქციების მოხსნას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკრაინისგან ხომალდებით გამაგრებული პორტების განაღმვასაც ითხოვს და დასძენს, რომ რუსეთი თავის მხრივ მზადაა, აუცილებელი ჰუმანიტარული გასასვლელი უზრუნველყოს, რასაც ისედაც ყოველდღიურად აკეთებს.
რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტები 24 თებერვალს, საომარი ქმედებების დაწყების შემდგომ დაბლოკა. ამჟამად ქვეყანაში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულია ჩარჩენილი. რუსეთი და უკრაინა ხორბლის გლობალური მიწოდების თითქმის მესამედს უზრუნველყოფენ, რის გამოც, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეწყვეტა მზარდი გლობალური სასურსათო კრიზისის მიზეზი გახდა.