არც ისე დიდი ხნის წინ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი დედამიწის ორბიტამდე მისაღწევად იბრძოდა. მან მიზანს რაკეტა Falcon 1-ით, მეოთხე მცდელობისას, 2008 წლის 28 სექტემბერს მიაღწია. მიმდინარე წლის 31 მაისს SpaceX-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდ Dragon-ით განხორციელებული პირველი მისიიდან კი ათი წელი გავიდა.
ილონ მასკის კომპანიის მომდევნო მიზანს მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური აპარატით, Starship-ით მთვარესა და მარსზე ადამიანების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
როგორც SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, მისი კომპანიის გეგმა „1000-ზე მეტი Starship-ის აგებაა, მარსზე სიცოცხლის ტრანსპორტირებისთვის“. მასკმა აპარატს თანამედროვე „ნოეს კიდობანიც“ უწოდა.
ამ განცხადებით ილონ მასკმა არაკომერციული ორგანიზაცია TED-ის ხელმძღვანელ კრის ანდერსონთან ბოლო ინტერვიუს დროს გაჟღერებული ინფორმაცია გაიმეორა. მაშინ მასკმა აღნიშნა, რომ SpaceX-ი ზემოხსენებულ მიზანს 2050 წლისთვის მიაღწევს და წითელ პლანეტაზე 1 მილიონი ადამიანის გაგზავნას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.
მარსზე მისიების განხორციელებამდე ილონ მასკის კომპანია Starship-ს დედამიწის ორბიტაზე გამოცდის. თუმცა ამისთვის ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) უნდა მიიღოს. SpaceX-ი იმედოვნებს, რომ აპარატით საცდელ მისიას ამ ზაფხულს შეასრულებს.