მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკმა Twitter-ის შეძენა გადაიფიქრა, რითაც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ბიზნეს გარიგება ჩაშალა, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს კრიტიკოსთა ქარცეცხლის გამოვლა მოუხდა. ჩაშლილ გარიგებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც ილონ მასკს „სისულელეების თქმის ოსტატი“ უწოდა.
„ილონი Twitter-ს აღარ იყიდის. პირველად, ამის შესახებ ვისგან გაიგეთ? ჩემგან! ილონს დომხალი დაატყდა თავს. ხომ იცით, იმ დღეს მითხრა რესპუბლიკელისთვის ხმა არასდროს მიმიციაო. მე კი ვუპასუხე, ეგ არ ვიცოდი-მეთქი, რადგან მანამდე მითხრა, [საპრეზიდენტო არჩევნებში] ხმა შენ მოგეციო. ის სისულელეების თქმის ოსტატია. გამოდის, რომ ის [Twitter-ს] აღარ ყიდულობს, მაგრამ იქნებ მოგვიანებით იყიდოს – ვინ იცის მომავალში რა მოხდება! ისე, დამპალი კონტრაქტი კი აქვს. მისი კონტრაქტი წავიკითხე და ის არც თუ ისე კარგია. Truth-ი გადმოიწერეთ – ჩვენ Truth-ი ძალიან გვიყვარს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა შტატ ალასკაში გამართულ შეკრებაზე.
ცნობისთვის, ამგვარი პოზიცია დონალდ ტრამპმა მას მერე დააფიქსირა, რაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ფლორიდის ამჟამინდელი გუბერნატორის, რესპუბლიკელი რონ დესანტისის მხარეს იხრება. დღეს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ყველაზე აქტიურად სწორედ დონალდ ტრამპი და რონ დესანტისი განიხილებიან და გასაკვირი სულაც არ არის, რომ Twitter-ზე ასმილიონიანი აუდიტორიის მქონე ილონ მასკის ამგვარმა პოზიციამ დონალდ ტრამპი გააღიზიანა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ილონ მასკის მიერ რობ დესანტისის მიმართულებით გამოთქმული სიმპათია მხოლოდ ფორმალურია, რადგან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ დიდი დრო არის დარჩენილი. ამასთანავე, ივნისში, ილონ მასკმა Bloomberg-თან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში. ისე კი, ილონ მასკი საკუთარი რჩეულის $20-25 მილიონამდე თანხით დაფინანსებას გეგმავს.