ინტერნეტის განვითარების ფონზე, თითქმის ყოველწლიურად იზრდება კიბერკრიმინალთა მცდელობები, სარგებლის მიღების მიზნით, გატეხონ და დაჰაკონ ციფრული სისტემები.
კრიმინალის გააქტიურების ფონზე, საჯარო უწყებები და კომპანიები მეტ დროსა და რესურსებს უთმობენ კიბერუსაფრთხოებას და ამ მიმართულებით, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვანი პროგრესიც შეიმჩნევა.
მიუხედავად ამისა, გამოცდილი ჰაკერული დაჯგუფებები მაინც ახერხებენ თავდაცვითი სისტემების გვერდის ავლას და წამყვანი გლობალური კომპანიების სისტემების პარალიზებას.
Visual Capitalist-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 2021 წელს სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციაზე განხორციელებული უმსხვილესი ჰაკერული კიბერშეტევების რეიტინგს (თანხის მოცულობის მიხედვით):
1. Kaseya – $70 მლნ
2. Acer – $50 მლნ
3. Accenture – $50 მლნ
4. CNA Financial – $40 მლნ
5. Kia Motors – $20 მლნ
6. JBS – $11 მლნ
7. Harris Federation – $8 მლნ
8. Colonial Pipeline – $4.4 მლნ
9. Microsoft – მოცულობა უცნობია
10. Bombardier – მოცულობა უცნობია
ჰაკერების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი სტრატეგია ციფრული სისტემების პარალიზება და ბლოკის გამხსნელი „გასაღების“ სანაცვლოდ გამოსასყიდის მოთხოვნაა. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, ჰაკერები კომპანიის სისტემაში შეღწევის შემდეგ, ახდენენ გარკვეული სისტემების პარალიზებას და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემებისა და ინფორმაციის ბლოკირებას, რის გამოც ნაწილობრივ ფერხდება ან სრულად ჩერდება წარმოების პროცესი, კომპანიის ხელმძღვანელობა კი იძულებული ხდება, შეფერხებით მიღებული ზარალის თავიდან ასარიდებლად ჰაკერებს გამოსასყიდი გადაუხადოს და სისტემაზე კონტროლი დაიბრუნოს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ჰაკერული დაჯგუფება, მაგალითად, REvil-ი და DarkSide-ი „კარგი რეპუტაციით“ სარგებლობს, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოსასყიდი თანხის მიღების შემდეგ, ისინი მსხვერპლს დაუზიანებლად უბრუნებენ მონაცემთა ბაზებს და სისტემაზე კონტროლს – განსხვავებით იმ ჰაკერებისგან, რომლებიც თანხის მიღების შემდეგ უბრალოდ იმალებიან, სისტემაზე ბლოკის მოხსნის გარეშე.
ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი კრიპტოვალუტაში ხორციელდება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან აღნიშნული გადახდის მეთოდი, ანონიმურობიდან და დისტანციურობიდან გამომდინარე, ჰაკერთათვის ყველაზე ხელსაყრელია.