ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს თავშესაფარს მიცემს. თეთრი სახლის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები სათითაოდ და ინდივიდუალურად განიხილავენ თავშესაფრის მაძიებლების განაცხადებს და სწორედ ამ პროცედურის გავლისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლებას მოიპოვებენ.
„აშშ ხაზგასმით მიჯნავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობას რუსეთის მოქალაქეებისგან, რომელთა ნაწილიც ომის წინააღმდეგია და აკმაყოფილებს თავშესაფრის მიღებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, პრეზიდენტ პუტინის მიერ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, ათასობით რუსეთის მოქალაქემ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მათი ნაწილი კი სწორედ აშშ-ში ითხოვს თავშესაფარს.