პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების კოლექციიდან 60 ნამუშევარი $1.5 მილიარდად გაიყიდა

პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების კოლექციიდან 60 ნამუშევარი $1.5 მილიარდად გაიყიდა

Microsoft-ის თანადამფუძნებლის, პოლ ალენის მიერ შეგროვებულ ფერწერული ტილოებისა და ქანდაკებების კოლექცია ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე იყიდება. აუქციონის პირველი ნაწილი 9 ნოემბერს გაიმართა, რომლის დროსაც ხელოვნების ნიმუშების გაყიდვიდან $1 მილიარდზე მეტი თანხა შეგროვდა. შედეგად, მხოლოდ პირველ დღეს მიღებული შემოსავლით პოლ ალენის კოლექციამ ყველაზე ძვირად ღირებულის სტატუსი დაისაკუთრა.

აქამდე რეკორდი უძრავი ქონების დეველოპერის, ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი ცოლის, ლინდა მაკლოუს ხელოვნების ნიმუშების კოლექციას ეკუთვნოდა. შეგახსენებთ, ის მიმდინარე წლის დასაწყისში 922 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

9 ნოემბრის საღამოს, აუქციონზე გაყიდული 60 ნამუშევრის საერთო ღირებულებამ $1,506,386,000 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების ხუთი ნიმუშის ფასმა 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტს მიაღწია.

აქვე უნდა ითქვას, რომ თავდაპირველ შეფასებაზე ნაკლებად არცერთი ნამუშევარი არ გაყიდულა. უფრო მეტიც, მათი 65% შეფასებულზე ძვირად შეიძინეს. აუქციონის მეორე ნაწილი, რომლის განმავლობაში 95 ნამუშევარი გაიყიდება, დღეს, 10 ნოემბერს გაიმართება.

პოლ ალენის კოლექციის უკვე გაყიდული ნამუშევრებიდან ყველაზე ძვირი, $149.24 მილიონი, ფრანგი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ჟორჟ სერას „Les Poseuses, Ensemble (Petite version)“-ში გადაიხადეს. საკმაოდ მაღალ ფასად გაიყიდა პოლ სეზანის „La Montagne Sainte-Victoire“, რომელიც $137.8 მილიონად შეიძინეს. ვინსენტ ვან გოგის „Verger avec cyprès“ კი $117.2 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ დასახელებულმა სამივე ნამუშევარმა აუქციონზე ავტორის რეკორდის მოხსნა შეძლო.

როგორც ირკვევა, პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება. Microsoft-ის თანადამფუძნებელმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში 2 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო ბიოსამედიცინო კვლევებისთვის, კულტურის სფეროს მხარდასაჭერად, გარემოსდაცვითი მიმართულებითა და უსახლკაროებისთვის.

პოლ ალენი 2018 წლის 15 ოქტომბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.