ვარდისფერი ბრილიანტი, რომელსაც სახელად „Fortune Pink“-ს უწოდებენ, Christie’s-ის აუქციონზე 28.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. უნდა ითქვას, რომ სააუქციონო სახლი ძვირფასი ქვის გაყიდვას $25-დან $35 მილიონამდე იმედოვნებდა.
Christie’s-ის სააუქციონო სახლის წარმომადგენლების განცხადებით, „Fortune Pink“-ის წონა 18.18 კარატს შეადგენს. მათივე თქმით, ეს აუქციონზე ოდესმე გატანილი ერთ-ერთი უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „Fortune Pink“ აუქციონის ანონიმმა აზიელმა მონაწილემ შეიძინა. სააუქციონო სახლის სამკაულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ძვირფასი ქვა 15 წელზე მეტი ხნის წინ, ბრაზილიაში მოიპოვეს.
ცნობისთვის, Christie’s-ის აუქციონზე აქამდე გაყიდული უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტი 18.96 კარატს იწონიდა. აღნიშნული ძვირფასი ქვა აუქციონზე 2018 წელს რეკორდულ 50.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.