ფოტო: Jens Buttner/AFP/Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot PAC-3-ტიპის რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა. რაკეტების ჯამური ღირებულება $2.1 მილიარდს შეადგენს. ეს ნაბიჯი კიევისთვის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეორე ვადის დაწყების შემდეგ თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
აღსანიშნავია, რომ რაკეტების მიწოდების შეფერხებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობები უკრაინასა და აშშ-ს შორის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავთან დაკავშირებული გარიგების შესახებ განაცხადა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ქვეყანა უარს ამბობს რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტაზე.
უკრაინა წლებია აცხადებს, რომ სასწრაფოდ სჭირდება მეტი საზენიტო რაკეტა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, მზარდი რაოდენობის სარაკეტო იერიშების მოსაგერიებლად. Patriot-ის სარაკეტო სისტემა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა სწრაფად მოძრავი ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად.
გასულ კვირას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ის თანხმობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაკეტების მიწოდებაზე უკვე თითქმის ერთი თვეა ელოდება.
თუმცა უკრაინის გადაუდებელი საჭიროების მიუხედავად, სავარაუდოდ, რაკეტები დანიშნულების ადგილამდე სწრაფად ვერ ჩავა. შეიარაღების მიწოდების პროცესი ხშირად წლობით გრძელდება. საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, რაკეტები, რომლებიც ჯერ წარმოებულიც კი არ არის, სავარაუდოდ, უკრაინას 2030-იანი წლების დასაწყისამდე არ მიეწოდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს მიწოდების ვადების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. უკრაინული მხარე ითხოვს კიევს გადაეცეს აშშ-ის არსენალში უკვე არსებული რაკეტები, ხოლო ამერიკული მარაგები მოგვიანებით, Patriot-ის ახალი რაკეტებით შეივსოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, უკრაინა რაკეტების საფასურს კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ პროგრამა JUMPSTART-ის ფარგლებში გამოყოფილი სახსრებით დაფარავს.
JUMPSTART-ის პროგრამა აგვისტოშიც გამოიყენეს, როდესაც Zone 5 Technolgies-ისა და CoAspire-ის მიერ წარმოებული, $825 მილიონის ღირებულების, 3,350 ერთეული საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა შეიძინეს.









