ხვიჩა მაქაცარიამ გამდიდრება ოჩამჩირეში მოახერხა, თუმცა მისი ქონება აფხაზეთთან ერთად დაიკარგა. რუსეთში პავილიონების მშენებლობით გაგრძელებული საქმე ჯერ ბენზინგასამართ ქსელში გადაიზარდა, შემდეგ კი უფრო დივერსიფიცირდა. 2008 წელს დაბრუნებული ბიზნესმენის ქართული აქტივები თელასს, თბილისი ენერჯის, თელმიკოს, ბილაინს და მრავალ სხვას მოიცავს. ჩრდილში მყოფი საქმოსანი თავის ცხოვრებასა და საქმეზე გვესაუბრა.
„მე არ ვარ თბილისელი ბიჭი. ეს ქალაქიც ჩემთვის უცხო იყო სულ რაღაც 20 წლის წინ და არც საჯაროობას ვარ ნაჩვევი. მოვყვები საკუთარ ისტორიას, თუ როგორ მოვიდა ჩვენი ბიზნესი აქამდე“.
– ასე, კითხვის გარეშე დაიწყო ჩემი შეხვედრა ხვიჩა მაქაცარიასთან, რომელიც საქართველოში რამდენიმე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სისტემურ ბიზნესს ფლობს და მართავს. ინტერვიუზე შეთანხმების პროცესი მარტივი არ იყო და გარკვეული დათქმებით მიმდინარეობდა, მაგრამ, მე მგონი, გამოვიდა. დღეიდან მისი საქმიანი ისტორიაც გვეცოდინება, პირველი ნაბიჯებიდან დღემდე. მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო – გაიცანით ხვიჩა მაქაცარია.
აღნიშნავს, რომ ეს საზოგადოება, აქაური ურთიერთობები, უცხო იყო მისი ოჯახისთვისაც, შვილებისთვის, რომლებითაც გამორჩეულად ამაყობს. აფასებს პარტნიორებს, მეგობრებს – ყველას, ვინც მისი თბილისში დამკვიდრებისთანავე (2008- 2009 წწ) მისი ყოველდღიურობის ნაწილია. საქართველოში მანამდეც ჩამოდიოდა, მაგრამ ეს უფრო სტუმრად, სამი-ოთხი დღით, „გადაბმულად, მგონი, სრული კვირაც არ გამიტარებია თბილისში 2008 წლამდე, და პერიოდულად ჩამოსვლის მიზეზი ბიზნესიც იყო, თუმცა იმ პერიოდში ეს ინვესტიციები უფრო ემოციურ ხასიათს ატარებდა. რომ ვიხსენებ, მაგ წლებში, ვიდრე სრულად დავფუძნდებოდი საქართველოში $20-25 მლნ ინვესტიცია გვაქვს გაკეთებული საქართველოში, რომელიც უბრალოდ დაიკარგა და ამაში (ფულის დაკარგვაში) არც არავის ვადანაშაულებ საკუთარი თავის გარდა”.
ჩემს პირველ კითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ხვიჩა მაქაცარიამ პირველი ფული მოსკოვში იშოვა, სწრაფად მპასუხობს: „არა. ფულს მანამდეც ვაკეთებდი და არცთუ ცოტას”.
– სად? ანუ აფხაზეთში?
– კი ბატონო, ოჩამჩირე.
– რა საქმე იყო?
– მოგიყვები, თხილის ამბავია.
„პირველი ფული” – ოჩამჩირე
– აფხაზური ენის ცოდნა თუ შეგრჩათ?
– კი, მესმის ყველაფერი. მაგრამ, სამწუხაროდ, წლებია, აფხაზურად საუბრის პრაქტიკა აღარ მაქვს და უკვე მავიწყდება ლაპარაკი მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობები აფხაზებთან დღემდე მაქვს, ვმეგობრობ ჩემს კურსელებთან, კავშირები არ გაგვიწყვეტია.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და იმ დროსაც მოესწრო როგორც სტუდენტი, როცა სოხუმის უნივერსიტეტი ორ ნაწილად გაიყო (1988 წელი – თსუ-ს სოხუმის ფილიალი). ეს არის პერიოდი, როცა აფხაზებისა და ქართველების დაპირისპირება მწვავდება. მიუხედავად უნივერსიტეტის ორ ნაწილად გაყოფისა, დარჩა სოხუმის უნივირსიტეტში. უკვე V კურსზე (სახალხო მეურნეობის გეგმარების ფაკულტეტი) ქართველები სამნი იყვნენ – მერაბ ახალაია, გია დოჩია და ხვიჩა მაქაცარია. ხვიჩას „დაუფასეს” დარჩენა უნივერსიტეტში, რომელიც აფხაზურ ენაზე წითელი დიპლომით დაამთავრა. იმ პერიოდში უკვე მთელი ქვეყანა მოცულია ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით და კოოპერატივების იდეით და მასაც თავში ათასი ბიზნესიდეა უტრიალებს. რამდენიმე ბიზნესიც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს თავი რიგით ეკონომისტად მეფრინველეობის ფაბრიკაში ამოყო, არცთუ ურიგო ანაზღაურებით და საქმით. თუ რიგითი ანაზღაურება საბჭოთა პროლეტარებს 120 მანეთი ჰქონდათ, ახალგაზრდა მაქაცარია თვეში 400 მანეთს აკეთებდა და, ზემოდან, არც დაფასება აკლდა ფაბრიკის ხელმძღვანელობისგან სხვადასხვა ბონუსის სახით. თუმცა აფხაზურმა ქედმაღლობამ და ახალგაზრდულმა მოუსვენრობამ თავისი ქნა და მაქაცარიას კარიერა სოფლის მეურნეობის მიმართულებით რამდენიმე თვეში დასრულდა. ფაბრიკის დირექტორთან უთანხმოება მოუვიდა, რომელსაც დღეს ასე იხსენებს: „ჩვეულებრივი დავალების შესრულება ვიუკადრისე, ემოციურად მივუყარე ყველაფერი და დავტოვე სამსახური“. შემდეგ რამდენიმე თვეს ატარებს მეგობრებთან ერთად ქუჩის „ბირჟაზე”, ძირითადად ფიქრში ან უშედეგო მცდელობებში, აკეთოს საქმე, ვიდრე მის ცხოვრებაში არ ჩნდება მისი მოგვარე, ჰამლეტ მაქაცარია.
„ჩემი აზრით, ჰამლეტ მაქაცარია არა მარტო ჩვენს გვარში, არამედ საქართველოში და, მგონი, მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო”, – ასე იხსენებს ჰამლეტ მაქაცარიას ჩემი რესპონდენტი. მას მოსკოვში ჰქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი, მისი ერთ-ერთი კურსელი საბჭოთა კავშირის ვაჭრობის მინისტრი იყო და ამ მეგობრობამ ის მოიტანა, რომ აფხაზეთში ადგილობრივი (საკავშირო მნიშვნელობის) სავაჭრო წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, რაც მოიცავდა მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებს კაპიტალისტურ ქვეყნებთან, ძირითადად – ბარტერულ ოპერაციებს. აქედან იტვირთებოდა საბჭოთა პროდუქცია: ჩაი, თხილი და სხვა, და ბრუნდებოდა სხვადასხვა იმპორტული საქონელი – დაწყებული სიგარეტით, დამთავრებული ძვირად ღირებული უცხოური სამომხმარებლო ტექნიკით, იქნებოდა ეს მაცივრები თუ SHARP-ის საოცნებო ორკასეტიანი მაგნიტოფონები. ჰამლეტ მაქაცარიას წესად ჰქონდა, რომ მუშაობდა სოხუმში, მაგრამ შაბათ-კვირას აუცილებლად მიემგზავრებოდა სოფლად, სამეგრელოში, სადაც უქმეებს ზუგდიდის რაიონში ატარებდა და გზად მიაშურებდა რესტორანს, სადაც მზარეულად ხვიჩა მაქაცარიას მამა მუშაობდა.
„მამაჩემი ცალკე ისტორიაა, – იცინის ხვიჩა მოყოლისას. – არც ჩვენი ოჯახი იყო ღარიბი, მამა კარგ ფულს შოულობდა, მაგრამ მსგავსად სხვა საბჭოთა შეძლებული ადამიანებისა, ერიდებოდა შემოსავლების გამოჩენას. მახსოვს, ერთი ძველი თეთრი „ნივა” ჰყავდა. შევუჩნდი – გამოცვალე-მეთქი. მართლაც ასე მოიქცა, ოღონდ ახალი თეთრი „ნივა“ გამოიყვანა და ნომრებიც კი ძველი დაამაგრა, რას იტყვის ხალხიო. ასეთი იყო საბჭოთა რეალობა.
მოკლედ, ხვიჩას მამასთან რესტორანში გზად ერთ-ერთი სტუმრობისას, ჰამლეტ მაქაცარია ახალგაზრდა ხვიჩას გაესაუბრა და დაიყოლია საქმეზე, რომელიც ოჩამჩირე-გალის რაიონში თხილის შესყიდვა-შეგროვებას და სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიისთვის ჩაბარებას ითვალისწინებდა. ოღონდ ეს ჩაბარებული თხილი, რომლის კალიბრაციაც აფხაზეთში ხდებოდა, იტვირთებოდა, იგზავნებოდა იაპონიაში და იქიდან ჩამოდიოდა ალბათ ასჯერ ან სამასჯერ მეტი ღირებულების ტექნიკა და საქონელი. მოკლედ, ჩაიბარე ეს საქმეო, შესთავაზა ჰამლეტმა უმცროს მაქაცარიას და რამდენ კილოგრამ თხილსაც მოიტან ჩვენს გულრიფშის ბაზაზე, იმდენი ღირებულების ტექნიკას მოგცემ 10-ჯერ მეტს, რომელსაც გაყიდი და კარგ ფულსაც იშოვიო.
ჰამლეტ მაქაცარია ამ შეთანხმებით აგვარებდა მისთვის პრობლემას, რომ ოჩამჩირე-გალის რეგიონში თხილის ჩაბარება-შესყიდვა მოხდებოდა და ხვიჩაც დასაქმდებოდა. ამოიქოქა ახალგაზრდა ხვიჩა, იმდენი კი ჰქონდა, რომ შესყიდვები და თხილის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ავტო შეეძინა, გააკეთა სოფლებში პირველი შესყიდვები – ამ დროს ვნახე ალბათ მთელი აფხაზეთი, და ისეთ სოფლებშიც დავდიოდი, რომ ვერც წარმომედგინა, თუ იქ არათუ თხილის პლანტაციები, ცოცხალი ადამიანები დამხვდებოდნენო. მოკლედ, პირველი ჩაბარება მოხდა გულრიფშში და იქვე მოხდა პირველი ანაზღაურებაც. ცხადია, შეთანხმებისამებრ ნატურით – 150 ტელევიზორი, მაცივრები, მაგნიტოფონები, სხვა ტექნიკა. იქვე იყო უცხოური წარმოების, მაშინ საოცრად მოთხოვნადი თამბაქო – Pall Mall-ითა და Winston-ით სავსე ყუთები. მოკლედ, გადაივსო ხვიჩას ოჩამჩირეში ნაქირავები საწყობი ძვირად ღირებული ტექნიკით. ჯერი გაყიდვაზე მიდგა, რაშიც ზუგდიდელი გადამყიდველები დაეხმარნენ, რომლებმაც ორ დღეში დააცარიელეს საწყობი – ტექნიკის 30% ადგილზე გაყიდეს, 70% შუა აზიაში გაგზავნეს და პირველი ფულიც მოიტანეს.
„ვზივართ ახლა, – იხსენებს ხვიჩა მაქაცარია, – ხუთი თუ ექვსი ყუთი გამოვიდა სავსე რუსული მანეთებით, და სულ ხელით დაგვჭირდა დათვლა, სად იყო მაშინ ფულის სათვლელი მანქანა… გავყავით მე და ჩემმა პარტნიორმა ეს ფული და მე ჩემი წილი, რომელიც ასევე სიგარეტის ყუთებში მქონდა ჩალაგებული, ვერ ჩავტიე ჩემს მანქანაში, ამიტომ მამაჩემის „ნივა“ ვითხოვე და გავემართე გულრიფშის ბაზისკენ, ჰამლეტ მაქაცარიასთან. „არ ყოფილხარ შენ უბრალო კაცი – ყველაზე მეტი შენგან არის თხილის ჩაბარება”, – ეუბნება ჰამლეტი ხვიჩას. ავედით მასთან კაბინეტში და მეუბნება ასეთ რამეს: „ახლა წადი, ჩემო ხვიჩა, წაიღე ეგ ფული, მამას ახალი მანქანა უყიდე, შეიძინე, რაც გინდა და დაიმახსოვრე ერთი რამ, არასდროს გაიჩერო სახლში ფული, არასდროს! რადგან ფულს აქვს ერთი ასეთი თვისება: ან შენ ხდები მაგის პატრონი, ან ფული ხდება შენი პატრონიო. შენ იმდენად ახალგაზრდა ხარ, რომ შეინახო ახლა ფული, ის ბოლომდე დაგიმონებს. მთავარია, ეს ფული არ გააჩერო და ბოლომდე საქმეში ჩაატრიალე, მით უმეტეს ამის კარგი დროა ახლა”.
„ბოლომდე მაშინ ვერც კი გავიაზრე და ცოტა უცნაურ კაცად მომეჩვენა ჩემი მოგვარე“, – ასე იხსენებს საუბრის ამ ნაწილს ხვიჩა მაქაცარია, მაგრამ, მაგრამ… ახალგაზრდა მაქაცარია უჯერებს უფროს ჰამლეტს და იწყებს ოჩამჩირეში და მის ცენტრში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის შეძენას, იქნებოდა ეს მაღაზიები, სალონები, ტექნიკის მაღაზიები, ლიმონათის მწარმოებელი ქარხანა, რესტორნების ქსელი თუ სხვა. სწორედ ამ პერიოდში ფუძნდება აფხაზეთში პირველი კომერციული ბანკი, რომლის მეპატრონეც ხვიჩა მაქაცარია ხდება.
როცა ხვიჩა მაქაცარია აფხაზეთის პერიფერიის შემდეგ სოხუმს ითვისებდა, ამ დროს ვითარება ქართველებსა და აფხაზებს შორის უკვე იძაბებოდა. სოხუმის პარალელურად, იგი რუსეთში იწყებს ვაჭრობას თავის პარტნიორთან, თემურ არონიასთან ერთად. ომსკში გზავნის ჩაის, თამბაქოს და სხვა პროდუქციას, თუმცა აფხაზეთში ვითარება სულ უფრო მწვავდება და დაპირისპირება შეუქცევად სახეს იღებს. მაქაცარია ოჯახთან და პარტნიორებთან ერთად მოსკოვში გადადის საცხოვრებლად, სადაც თემურ არონიასთან ერთად პირველ კომპანიას აფუძნებს.
საბჭოთა ეკონომიკისა და მაშინდელი რეალობის გათვალისწინებით რთულია, შეაფასო ხვიჩა მაქაცარიას ქონება და ბიზნესი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩა, თუმცა მიახლოებითი დათვლით, ეს ყველაფერი რამდენიმე მილიონის ღირებულებისა იყო. მაგრამ ნათესავის შეგონება, რომ ფულმა არ აიღოს კონტროლი მის პატრონზე, მთელი ცხოვრება გაჰყვება. არ ჩერდება და მუდმივად ინვესტირებს ადამიანებში, პროექტებში, ძირითადად – საქართველოში, მცირედით ევროპაშიც უძრავი ქონებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით.
აფხაზეთის ამბებს მაინც ყველაზე დიდი ემოციით ჰყვება. მიმეორებს, რომ დღემდე ინარჩუნებს ძველ კავშირებს და ურთიერთობებს. მაგრამ განსაკუთრებული სითბო აფხაზეთზე გახსენებისას არა ოჩამჩირის, არამედ გალის რაიონის ოკუპირებულ სოფელზე, დიხაზურგაზე საუბრისას გამოსჭვივის, სადაც ხვიჩა მაქაცარია წელიწადში სამ თვეს ბებიასთან ატარებდა. „ჩემი ყველაფერი იქ დავტოვე. ოჩამჩირე არა. აი, დიხაზურგა სულ მესიზმრება და სულ ჩემთან არის…”
ნიკო და ხვიჩა
კიდევ სენტიმენტალური მიზეზი, თუ რატომ ვცდილობდი ხვიჩა მაქაცარიასთან ინტერვიუს – ნიკო კვარაცხელია, რომელიც საზოგადოებამ იცის, რაოდენ ძვირფასია ქართული Forbes-ის გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მაქაცარიას კომპანიების პორტფელშია ნიკო კვარაცხელიას შექმნილი სოციალური ქსელი Feedc-ი, სადაც ხვიჩა პარტნიორად არის წარმოდგენილი. ნიკოზე საუბარი და კითხვა უგდებს ჩვეულ რიტმს და ენერგიას პასუხებში. მომავლის ბიჭი ბოლო წლების ყველაზე დიდ დროს სწორედ მაქაცარიასთან ატარებდა: „ნიკოს ვუყურებდი და საკუთარი თავი მახსენდებოდა, როცა საქმეს ვიწყებდი ოჩამჩირეში, ოღონდ… ნიკოს თავს რომ ვადარებ, ვამსგავსებ საკუთარ ტემპთან, შეუპოვრობასთან, მოუსვენრობასთან, თორემ – აქედან მაქაცარია უკვე ღიმილით აგრძელებს, – სხვა ყველაფერში ამ 21 წლის ბიჭთან ახლოს ვერც გონიერებით, ვერც ცოდნით და ვერც მასშტაბით მოვდიოდი. ან საიდან, ან როგორ ის იდეები, რაც ნიკოს თავში იხარშებოდა, რაც სრულიად უნიკალურ პროექტებში ითარგმნებოდა. ასეთი ბიჭი, რომელიც ასწლეულებში ერთხელ ევლინება საზოგადოებას ღმერთისგან საჩუქრად, უცბად გაქრა. აორთქლდა. გააქრო შურმა, ბოროტებამ და გაუტანლობამ, რომ ასეთ ასაკში შეიძლებოდა ყოფილიყავი ასეთი მაგარი, ვაჟკაცი, გამორჩეულად განათლებული და განვითარებული, რომელიც ყველას მუხტავდა სიახლეებით და ახალი იდეებით. ასეთი ბიჭი დავკარგე… მაგრამ მარტო მე რა… ქვეყანამ დაკარგა. დაკარგა ადამიანი, რომლის ნიჭიერებას და უნარებს საზღვრები არ ჰქონდა”. აქ ვცდილობ, რომ ნიკოზე საუბარი აღარ გავაგრძელო, რადგან ვიცი, რომ… არც ინტერვიუერი და არც რესპონდენტი ამ თემაზე საუბარს ცრემლის გარეშე არასდროს დაასრულებს…
მეორე „გაჩერება“ — რუსეთის ფედერაცია
„რუსეთში პირველი ბიზნესი, ვიდრე ბოლომდე დავიქოქებოდით, მაინც პავილიონებისა და სხვადასხვა ფართის (ჯიხურები) მშენებლობა იყო, რაც რამდენიმე ცენტრალურ უბანში მოვახერხეთ“, – იხსენებს მაქაცარია.
„სწორედ ამ პერიოდში ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი, ისიც ოჩამჩირელი, მთავაზობს, პირველი ბენზინგასამართი სადგურის აშენებას, რომელიც იმ დროს მოსკოვში არ არსებობდა”. სადგურები კი არა, პირველი ნაბიჯები საწვავის დისტრიბუციაში იწყება 8 გადამზიდით, რომლებიც მოსახლეობის მოჭარბებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, სპეციალურად დაუშვა მოსკოვის მერიამ, რადგან ავტოპარკი არანორმალური ტემპით იზრდებოდა, ხოლო სადგურების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნას, ამიტომაც მოსკოვში მობილური, მოძრავი ნავთობმზიდებიდან საწვავის გაყიდვა დაუშვეს. ამის შემდეგ, ფინეთიდან ჩამოტანილი ტექნიკით მაქაცარია და მისი ჯგუფი აშენებენ პირველ სრულფასოვან თანამედროვე ბენზინგასამართ სადგურს და რამდენიმე თვეში, მარტო ერთი კომპანიით, ამ გასამართი სადგურების რაოდენობა 18-ს მიაღწევს. ისე, მათი ჯგუფის ხელში ამ ბიზნესში ათეულობით ჩართულმა სადგურების ქსელმა გაიარა. საკუთრებაში ჰქონდათ დაახლოებთ 16 ბენზინგასამართი სადგური, თუმცა მიღებული ამონაგებით უკვე ინვესტიციები იყო გაკეთებული მოსკოვის გასართობ, სათამაშო, რესტორნის ქსელების შექმნაში. ეგ კი არა და, მაქაცარია და მისი პარტნიორები მართავდნენ ზედ კრემლთან მდებარე სასტუმრო „ნაციონალის” რესტორანს და კაზინოს. პარალელურად, დაწყებულია სხვადასხვა უძრავი ქონებისა და მიწის ფართობების შეძენაც და ოთხივე პარტნიორი ენთუზიაზმით რეინვესტირებდა სხვადასხვა მიმართულებით საერთო კომპანიის სახელით.
კომპანია და ბიზნესი, უფრო სწორად, ბიზნესები იზრდება, ჯგუფი მოსკოვში საკმაოდ გავლენიანი და კარგი კავშირებით არის წარმოდგენილი. იმატებენ ახალ ბიზნესებს და მიმართულებებს, მაგრამ პარალელურად მაინც იწყებენ საქართველოშიც ინვესტირებას და პირველი ინვესტიციები რესტორნების ქსელს და უძრავ ქონებას უკავშირდება.
Comeback საქართველოში
„GMC გრუპი“, წესით, უნდა ახსოვდეს საქართველოს საქმიან საზოგადოებას. ამ კომპანიის ქვეშ გაერთიანდა ჯგუფის პირველი ინვესტიციები სარესტორნო ინდუსტრიაში: „ქალაქური”, „მატრიოშკა”, „ძველი თბილისი”. არის სხვა მიმართულებებიც, მაგრამ არცთუ წარმატებული. $20-25 მილიონის ინვესტიციებიდან ხვიჩა მაქაცარია იხსენებს ხილის გადამმუშავებელ საწარმოს აჭარაში და სახელმწიფო კომპანია „ჰიდრომშენს“ როგორც შეცდომებს. ეს „ჰიდრომშენი” საერთოდ ანეკდოტია, მაქაცარიამ და მისმა ჯგუფმა ფაქტობრივად იყიდეს მხოლოდ ბრენდი „ჰიდრომშენი”, რომელიც სახელმწიფომ აქტივების გარეშე გაყიდა აუქციონის წესით და ჯგუფს ხელში ფაქტობრივად ცარიელი კომპანია შერჩა.
„არავის და არასდროს არ დავაბრალებ ამ შეცდომებს, საკუთარი თავის გარდა”, – ამბობს მაქაცარია, – და ეს წესად მაქვს ცხოვრებაში, მიუხედავად ინვესტირებისა ემოციით, განცდით და ინტუიციით თუ სწორი გათვლებით, ბიზნესგეგმებით და დიუ-დილიჯენსებით. შეცდომისგან, მით უმეტეს ბიზნესში, დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში ფულს მხოლოდ 2009 წლამდე ვკარგავდით და როგორც კი აქ დავფუძნდი, აეწყო კონტროლის მწყობრი სისტემა – ბიზნესმა ზრდა დაიწყო, დანაკარგები შემცირდა, აღარ ვიღებდი ემოციურ გადაწყვეტილებებს და ყველაფერი თვლას, მეთოდურ კალკულაციას ექვემდებარებოდა”.
☰ ☰ ☰ ☰ ☰
– ჩვენ მიერ მოპოვებული სია სრულად ასახავს თქვენს ბიზნესებს საქართელოში და მის ფარგლებს გარეთ?
– დავიწყოთ იმით, რომ არა მგონია, განსაკუთრებულად გაგჭირვებოდათ ინფორმაციის მოძიება იმ პირობებში, რომ ყველა კომპანია გამჭვირვალეა, ყოველწლიურად ტარდება აუდიტი და რასაც ახლა გადავხედე, მათი დიდი ნაწილი დამატებით რეგულირებულია სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ მკაცრი ზედამხედველობით.
– ბიზნესი ზოგადად ცდილობს, თავი შორს დაიჭიროს ისეთი ინდუსტრიებისგან, რომლებზეც ზედმეტი „თვალი და ყურია” სახელმწიფოს მხრიდან. თქვენ კი პირიქით…
– და რა მაქვს დასამალი? ან ამ კომპანიების მენეჯმენტს რა აქვს დასამალი? მათი უმრავლესობა ნაყიდია აუქციონის წესით და ყველაზე გამჭვირვალე პროცედურებით. რაც შეეხება რეგულაციებს და დამატებით ზედამხედველობას სახელმწიფოს მხრიდან, თქვენ ალბათ ენერგეტიკული და სატრანსპორტო მიმართულებები იგულისხმეთ…
– საკომუნიკაციოც, თქვენ რამდენიმე თვის წინ „ბილაინის”, იმავე „VEON საქართველოს” 100%-ის მფლობელი გახდით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, თუმცა ზედამხედველობა ამ ინდუსტრიაში სახელმწიფოს მხრიდან არ გაკლდათ არც მანადმე, ვიდრე „ბილაინში” აქციების მეხუთედს ფლობდით, ხოლო მანამდე თქვენს საკუთარებაში იყო „კავკაზუს ონლაინი“, რომელიც შემდგომ აზერბაიჯანულ კომპანიას მიჰყიდეთ.
– აქაც გარკვეულ კორექტირებებს შევიტან მეტი სიცხადისთვის: კი ბატონო, ვადასტურებ და „კავკაზუს ონლაინის“ თემა დახურულია და ამოწურული.
– არ ვიცი, თქვენთვის როგორ, მაგრამ ეს თქვენს ყველაზე სარფიან გარიგებად მიმაჩნია. ბოლო წლებში მაინც ($61 მლნ).
– კი ბატონო, ალბათ და შეიძლება ასეც არის. უბრალოდ იმის დამატება მინდა, რომ თავის დროზე მქონდა გარკვეული განზრახვა, გამეერთიანებინა „კავკაზუს ონლაინი” და “ბილაინი”, და შემეძლო უფრო დიდი, მასშტაბური პროექტი განმეხორციელებინა მაგრამ… როგორც არის, დღეს გარიგება შემდგარია და დახურულიც. რაც შეეხება „ბილაინის“ 100%- ის შეძენას, კი ბატონო, ესეც ასეა, თუმცა ერთი დათქმით და შესწორებით: გარიგება დასრულდა მხოლოდ იმ პერიოდში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას მოიცავს, თორემ რეალურად მოლაპარაკება და საბოლოო შეთანხმება გაცილებით ადრე შედგა, ჯერ კიდევ გასულ წელს და უბრალოდ, საბოლოოდ 2022 წელს გაფორმდა. ფასიც და პირობებიც გამჭვირვალეა, შეგიძლიათ, ნახოთ.
– პირადად თუ გქონიათ კომპანია „Letter One”-ის მეპატრონეებთან პიოტრ ავენთან ან მიხაილ ფრიდმანთან საუბარი ამ გარიგების მსვლელობისას?
– არა. მოლაპარაკებები მიდიოდა მათ მმართველ და მენეჯერთა ჯგუფთან, რომლებიც ალბათ და შესაძლოა ყველაფერს უთანხმებდნენ. ვერაფერს გეტყვით.
– და, ის მართალია თუ არა, რომ პროცესი „მიყიდე-მომყიდე” წლები გრძელდებოდა „VEON საქართველოსთან“ ანუ „ბილაინთან“ დაკავშირებით?
– კი, ეს სიმართლეა. პროცესი სამ თუ მეტ წელიწადს გაიწელა, მაგრამ დასრულდა, როგორც დასრულდა.
– მაგრამ მე ჩემი მკითხველისთვის მაინტერესებს ისტორია, თუ როგორ შემოვიდა რუსული „ბილაინი“ საქართველოში, ანუ კომპანია „ვიმპელკომი“. ამბობენ და ჰყვებოდნენ, რომ ეს მოხდა იმ მიზეზით, რომ „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ ოლიგოპოლიური გარიგებები დასრულებულიყო ბაზარზე.
– არც ეს არის სწორი ინფორმაცია. ამბავი სულ სხვაა და თუ გაინტერესებთ „ბილაინის“ შემოსვლა საქართველოში, ის გაცილებით ადრე იწყება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების სექტორით და სატელეფონო კომპანიის შექმნით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 96-97 წლებში დაინტერესდა.
ხვიჩა მაქაცარიას ქართული აქტივები
კომპანია | საქმიანობა |
---|---|
„თელასი“ – დღეის მდგომარეობით, სს „თელასი“ საქართველოში ოპერირებადი ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის განაწილებასა და გაყიდვას აწარმოებს. | |
„თბილისი ენერჯი“ – კომპანია „თბილისი ენერჯი“ საქართველოს დედაქალაქს 2019 წლის 3 მაისიდან ემსახურება მას შემდეგ, რაც კომპანიამ თბილისში უმსხვილესი გაზგამანაწილებელი კომპანიის 100% შეიძინა. | |
„თელმიკო“ – მიმდინარე წლის 1 ივლისიდან თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია შეიცვალა და „თელასის“ ნაცვლად დედაქალაქის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო თბილისის ელექტრომომარაგების კომპანიამ, იმავე „თელმიკო. | |
ვიონი საქართველო – ბილაინი“ – „ბილაინის“ მეშვეობით (მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“) პირველი მობილური ზარი 2007 წლის 15 მარტს განხორციელდა. მას შემდეგ კომპანია დინამიკურად ვითარდება და სადღეისოდ თავის 1.3 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz უსადენო მომსახურებით. | |
„ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“ – შპს „ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“ ბულგარული კომპანიის Daisy Technology-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია საქართველოში თანამედროვე GPRS-სისტემის სალარო აპარატებს უზრუნველყოფს, ასევე ეწევა ტექნიკურ და საგარანტიო მომსახურებას. | |
საქართველოს ეროვნული ლატარია – საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ექსკლუზიურად მინიჭებული Lotto.ge-ის სავაჭრო ლიცენზიით დაიწყო ოპერირება. | |
„თბილისის მიკროავტობუსი“ – შპს ,,თბილისის მიკროავტობუსი“, რომელიც 2011 წელს დაარსდა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის: შპს ,,თბილ ლაინის“, შპს ,,კაპიტალ გრუპის“, შპს ,,ფაბლიქ ქარის“ და შპს ,,თბილ ქარის“ მართვას ახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიებმა ოცი წლის ვადით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს. | |
FEEDC-ი – თბილისში დაფუძნებული სოციალური ქსელია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დაწერონ სტატიები, შექმნან ბლოგები და გახდნენ კონტენტის შემქმნელები. კომპანია 2018 წელს ჩაეშვა და თვიდან თვემდე სტაბილური, სწრაფი ტემპით იზრდება. ამჟამად Feedc-ი მუშაობს გეოლოკაციაზე დაფუძნებული სოციალური ქსელის განვითარებაზე. | |
რესტორანი „ქალაქური“ – კომპანიის მფლობელობაშია რესტორანი „ქალაქური“, რომელიც თბილისის ისტორიულ ცენტრში, კულტურულ ძეგლებს შორის მდებარეობს, საიდანაც ქალაქის საუკეთესო ხედები იშლება პრეზიდენტის სასახლეზე, რიყის პარკსა და ანჩისხატის ეკლესიაზე. თბილისის ეს ნაწილი ყველაზე პოპულარული ტურისტული და ისტორიული ადგილია. | |
თბილისის ცენტრალური აგრომარკეტი – „თბილისი მოლის” მფლობელობაშია დედაქალაქის ცენტრში არსებული უძველესი აგრობაზარი. 13,917 კვ/მ მიწის ფართობზე განთავსებულ ორსართულიან შენობაში მისაბმელიან და სატვირთო ავტომობილებსაც კი შეუძლიათ გადაადგილება. | |
„ელეფანტი“ – „ელეფანტი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარეკლამო სააგენტოა, რომელიც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს თბილისის მიკროავტობუსებზე რეკლამის განთავსებას სთავაზობს. | |
კომპანია „ჯეოფიში“ – „ჯეოფიში“ წარმოადგენს თევზჭერის ლიცენზიის მფლობელ ერთადერთ კომპანიას საქართველოში. 2010-2011 წლებში კომპანიამ ააშენა ევროპული წარმოების დანადგარებით აღჭურვილი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა (Geofish Factory). ქარხნის მშენებლობისას სულ 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. | |
„აგროჰოლდინგი ოთხი სეზონი“ – მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა, სათბურების მფლობელი კომპანია Stimor-ის პარტნიორია. „აგროჰოლდინგი ოთხი სეზონი“ ცაიშის ბუნებრივი თერმული წყლების ლიცენზიას ფლობს. | |
„ბლექ სი პროდაქტი“ – კომპანია მართავს და ახორციელებს ახალი პორტის მშენებლობის პროექტს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე სუფსის შესართავთან. |
პირველი კონტაქტი — „ბილაინი საქართველო“
„ჩვენი დაინტერესება საკომუნიკაციო ბიზნესით 90-იანი წლების ბოლოსკენ დაიწყო, როცა ჩემმა რუსმა ნაცნობებმა მითხრეს ამ პერსპექტიული მიმართულების შესახებ, რის შემდეგაც საქართველოში შევიძინეთ შესაბამისი სიხშირე ანუ ლიცენზია – ცხადია, თავისი საინვესტიციო ვალდებულებებით (900 MHZ). არ დავმალავ, იმ დროისთვის საწყისი ინვესტიცია საჭირო იყო $20-30 მილიონის ფარგლებში, რაც საკმაოდ რთულად აწევადი იყო ჩემთვის. მოსკოვის საქმიანმა რუტინამ გაწელა დრო, და დამიგვიანდა მეტი ყურადღების დათმობა ამ მიმართულებისთვის. შემდგომ ფორსმაჟორში ჩემს პარტნიორებთან ერთად, დავკონტრაქტდით ამერიკულ-კანადურ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფდა იმ პირველად საბაზისო ინვესტიციებს. დაიქოქა პროცესი, დაიწყო ინფრასტრუქტურული დაგეგმარება, მაგრამ მცირედი დაგვიანება სალიცენზიო პირობებისა მაშინდელმა მთავრობამ და სამინისტრომ არ გვაპატია. უამრავი თხოვნის, ინვესტორების ჩარიცხული თანხების მიუხედავად, სახელმწიფომ უარი გვითხრა, და ლიცენზია ჩამოგვერთვა. ვერაფერს გავხდი საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ რა გითხრათ… თითქოს ჩარჩენილი დარდივით იყო, რომ ამ მიზნისთვის ჩვენს ჯგუფს მაინც უნდა მიეღწია და მიზნად დავისახე, რომ აუცილებლად შევქმნიდით, ჩამოვაყალიბდებით საკომუნიკაციო კომპანიას. ასე მივადექით კომპანია „ბეტაკომს”, რომლის ბაზაზეც შემდგომ აშენდა რეალობა, სადაც მოვიპატიჟეთ რუსული კომპანია „ვიმპელკომი“, რომელსაც იმ პერიოდში უკრაინული მენეჯმენტი მართავდა. ვიდრე ახალ ინვესტორთან შეთანხმება შედგებოდა, მანამდე ავიღეთ დამატებით ახალი ლიცენზიები და მომზადდა ყველაფერი უკვე „ვიმპელკომის” შემოსაყვანად, სადაც ვერ შევთანხმდით და 51% ჰქონდა „ვიმპელკომის“ მხარეს. ასე იწყება და გრძელდება, ვისაც სიმართლე აინტერესებს, „ბილაინის“ ისტორია, რომელმაც საქართველოში დასაწყისში $150 მლნ-ის ინვესტიცია და ჯამურად 300 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, დაასაქმა ათასობით ადამიანი და გამოზარდა სრულიად ახალი პროფესიონალები დარგისთვის. და ვერ ვხვდები, რა არის ამაში ცუდი? შემდგომ ჩვენი (ქართველი პარტნიორები) მხარე ყიდის თავის წილებს, და მე პირადად 20%-იანი წილით ვიყავი წარმოდგენილი.
მახსოვს, მქონდა გეგმაში, რომ „კავკაზუს ონლაინის” და „ბილაინის“ გაერთიანება მომეხდინა, მაგრამ ამ პროექტზე თავად „ბილაინის“ წარმომადგენლებმა თქვეს უარი. გული მწყდება, რომ ეს არ მოხდა, რადგან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, რომელიც მეგაკომპანიის შექმნას ითვალისწინებდა. თუმცა, როგორც არის – ახლა არ არის ამაზე მეტი ფიქრი საჭირო, ზოგადად, ტიპიც ასეთი ვარ, ვცდილობ, სწრაფად გადავშალო და დავივიწყო წარსული, ძველი თემები და ახალი საქმე დავიწყო. მაგრამ წინ ახალი პრობლემა გველოდა – იმ პერიოდში „ვიმპელკომის” ანუ ჩვენი პარტნიორების მთელი აღმასრულებელი გუნდი შეიცვალა, მოვიდა ახალი მენეჯმენტი, დადეს ახალი განვითარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მცირე ბაზრების ქვეყნებიდან გამოსვლას და, ცხადია, მათ შორის მოხვდა საქართველოც. ასე დადგა რეალობა, რომ მათ გადაწყვიტეს საკუთარი აქციების გაყიდვა და 3-წლიანი საკმაოდ რთული მოლაპარაკებების შემდეგ დავხურეთ ეს გარიგება შარშან, შემოდგომის ბოლოსკენ – როგორც გითხარით, ეს არ არის კავშირში რუსეთ-უკრაინის ომთან. პირიქით – ყველაფერი გაცილებით ადრე და დიდხანს მიმდინარეობდა, მიმდინარეობდა საკმაოდ დაძაბულად – მათ შორის ერთმანეთთან საქართველოში და საერთაშორისო სასამართლოებშიც დავები გვქონდა, მაგრამ მოკლედ, დაიხურა, როგორც იქნა, ეს დამღლელი, საკმაოდ ხარჯიანი და დროში გაწელი პროცესი, და ახლა „ბილაინი“ არის 100%- ით ქართული კომპანია, რომელშიც ძალიან ბევრი სიახლე და სიურპრიზი ელის მომხმარებელს, მათ შორის, ცხადია, ეს ყველაფერი მოხდება კომპანიის მასშტაბური რებრენდინგის ფონზე. 2023 წლიდან ბევრ სიახლეს გაიგებთ „ბილაინზე“ და ჩვენზე საკომუნიკაციო მიმართულებით. გარკვეული პროექტიც შედგა, რომელიც X ინვესტიციების სანაცვლოდ შეძლებს ჩვენი კომპანიის პოზიციების დაახლოებას „მაგთისთან“ და „ჯეოსელთან“.
საუბრისას იხსენებს „კავკაზუს ონლაინის” ისტორიას, რომელსაც მე პირადად გარიგებებს შორის, ყველაზე სარფიან გარიგებად მივიჩნევ მაქაცარიას ბიზნესისტორიაში („Caucasus Online”-ის შეძენა NEQSOL ჯგუფის მიერ) საქართველოში. თავად ხვიჩა, განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე მეთანხმება და ამბობს, რომ მისთვის ეს თემა დახურული და განვლილი ეტაპია, თუმცა მიაჩნია, რომ კომუნიკაციების მიმართულებით შეეძლო, უფრო დიდი და მასშტაბური სტრუქტურა შეექმნა „კავკაზუს ონლანისა” და „ბილაინ საქართველოს”, ასევე სხვა კომპანიების სინერგიით. თუმცა საქმე და გარიგება დასრულებულია, შესაბამისად, ამაზე საუბარს აღარც აგრძელებს.
☰ ☰ ☰ ☰ ☰
– მაინც ვერ გავიგე, რატომ თვლით ასე მიმზიდველად რეგულირებად ბიზნესებს?
– და თქვენ რა პრობლემას ხედავთ?
– მე არაფერს, მე აქ კითხვებს ვსვამ და თქვენი აზრი მაინტერესებს.
– მე ვთვლი, რომ ამ კომპანიებს აქვს ზრდის დიდი პოტენციალი, ანალოგიური სქემა მქონდა, როცა ვფიქრობდი „GWP”-ის (თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალგამანაწილებელი კომპანია) შეძენას, რომ ერთი მეგაკომპანია გაგვეკეთებინა, ყველა კომუნალური სერვისითა და ქსელებით, რომელსაც სააქციო საზოგადოებად ჩამოვაყალიბებდით და აქციების საჯარო განთავსებას (IPO) გავაკეთებდით, მაგრამ არ გამოვიდა. მიუხედავად ჩემი მრავალგზის მცდელობისა, შეთანხმება არ შედგა და თანხა, რომელიც ესპანურმა კომპანია „აქუალიამ” გადაიხადა, საკმაოდ მაღალი იყო. სხვათა შორის, კომპანიების ზრდას რომ ვგულისხმობ, საკუთარ თავსაც მივაკუთვნებ ზრდისა და განვითარების იმ პროცესს, რასაც ჯგუფში შემავალი ბიზნესები გადიან. ეს პროცესი არ არის მარტივი ან იოლი.
– ანუ, გულისხმობთ, რომ თქვენც იზრდებით და ვითარდებით კომპანიების ზრდასთან ერთად?
– მინიმუმ, ვსწავლობ. და ვსწავლობ ბევრს. რამდენად ვვითარდები და ვიცვლები, ეს სხვამ შეაფასოს. და კომპანიების შედეგებით და ახალი პროექტებით ვიმსჯელოთ.
„ენერგიული“ მაქაცარია
რამდენიმე დღის წინ „საქმიან დილაში” „თბილისი ენერჯის” მენეჯმენტს ვუმასპინძლე. BMG-ის სატელევიზიო ეთერის შემდეგ მოვიკითხეთ ინვესტიციები და ხვიჩა მაქაცარია მიდასტურებს კომპანიის სრულად გამოსყიდვას, წინა ყაზახი მეპატრონეების სრულ ფინანსურ გასტუმრებას, ახალი მენეჯმენტი ამ კომპანიაში 2019 წლიდან არის და დღემდე 70 მლნ დოლარის კაპიტალური ინვესტიციაა განხორციელებული, 2022 წლის ბოლომდე დამატებით $10 მლნ-ის ინვესტირებას და აქვე დასძენს, რომ 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს 3-იდან 5 წლამდე გრაფიკით.
– ამ თანხას აწევთ თავად თუ პარტნიორის შემოყვანას გეგმავთ?
– „თბილისი ენერჯი”? როგორც ბიზნესისთვის იქნება საჭირო, ისე ვიმოქმედებთ. ამოსავალი და პრიორიტეტია მინიმუმამდე დავიდეს ტექნიკური დანაკარგები, მოხდეს ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება და უსაფრთხოების ზომების კიდევ მეტად გაძლიერება, რისთვისაც საკომუნიკაციო კამპანიასაც გავაძლიერებთ. მიუხედავად იმისა, რომ შედარებაც აღარაა, რა იყო ჩვენ შესვლამდე კომპანიაში ავარიების თუ ტრაგიკული შემთხვევების კუთხით, მგონია, რომ მეტს გავაკეთებთ, რათა მინიმუმდე დავიდეს დაუდევრობით გამოწვეული უბედური შემთხვევები.
– „თელასი“?
– „თელასი“ სხვა ისტორიაა, ეს ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულების და ხედვის ნაწილია, რაც ენერგეტიკას უკავშირდება. ენერგეტიკაში ინვესტირებას გავაგრძელებთ გენერაციისა და განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებითაც.
მაქაცარია რუსებისგან „თელასსაც“ ყიდულობს?
„თელასის“ 25% წილის შეძენით, ჩვენი ჯგუფი სრულად შევიდა კომპანიაში და მის ყოველდღიურობაში ვმონაწილეობთ, ამ მხრივ ყოველმხრივი კომფორტია პარტნიორებს შორის, მაგრამ არ მინდა დავმალო ორი თემა, რაც კავშირშია „თელასის“ წილის ყიდვასთან. ვფიქრობ პირველი მაინც ის არის, რომ ვეცდები აუცილებლად დავასრულო თელასის თემა…
– დაასრულებთ, ანუ? „თელასსაც” ყიდულობთ რუსებისგან?!
– კი ბატონო, ვადასტურებ განზრახვას და ვფიქრობ, დროის ამბავია „თელასი“, „თბილისი ენერჯის“ და „ბილაინის“ მსგავსად შეიძლება, რომ ქართული კომპანია გახდეს.
– ვადებზე ან თანხებზე შეგვიძლია საუბარი დღეს?
– ეს პროცესია. და დღეს შემიძლია მხოლოდ დავადასტურო განზრახვა და ის, რომ პროცესი აუცილებლად იმ შედეგით დასრულდება, რაც გითხარით.
ენერგეტიკა CBS-ში (მაქაცარიას აქტივების მმართველი კომპანია) შემავალი კომპანიების სოლიდურ ნაწილს წარმოადგენს. გენერაციის პროექტებიდან მალე 60 მგვტ ჰიდროელექტროსადგურები ჩაეშვება, პროცესშია მზისა და ქარის პროექტები, რომლებზეც ინვესტორს საუბარი ჯერ არ სურს. „მალე იქნება მეტი კონკრეტიკა ამ თემაზე. Пока не стоит, – კვლავ შეურია რუსული საუბრისას. – ერთს ვიტყვი დაზუსტებით, რომ შემდეგი წლები ჩვენი კომპანიების წარმოჩენისა და მდგრადობის გაძლიერების წლები იქნება, სადაც პრიორიტეტული ენერგეტიკა და საკომუნიკაციო მიმართულებები გახდება. 8000 ადამიანი, რომლებიც ჩვენს კომპანიებშია დასაქმებული, პანდემიის დროსაც დარწმუნდა CBS ჯგუფის მენეჯმენტის პასუხისმგებლობიანობაში, როცა არცერთი თანამშრომლის არც შემცირება და არც სახელფასო ანაზღაურების დაგვიანება არ მომხდარა. სხვათა შორის, ეს მიუხედვად იმისა, რომ ჯგუფში შემავალი ბიზნესების დიდი ნაწილი პანდემიის დროს გაჩერდა კარანტინისა თუ სხვა მიზეზების გამო. ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში CBS-ის მენეჯმენტთან ერთად თითქმის წარმოუდგენელი შევძელით, ავიღეთ პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩვენთვის მუშაობდა და სრული ლოკდაუნი სტაბილურად, უზრუნველყოფილად გადავატარეთ – ამით ძალიან ვამაყობ, ადამიანებისთვის სტაბილური, ფინანსური უსაფრთხოება აუცილებელია.
პორტფელში სოფლის მეურნეობაც არის, ნახავთ სიაში და იქიდან გამოსვლას აპირებს, რადგან სრულად კონცენტრირდეს კომპანიების მდგრადობაზე და აქცენტირება ენერგეტიკასა და კომუნიკაციებზე მოახდინოს.
☰ ☰ ☰ ☰ ☰
– მდიდრები არ უყვართ საქართველოში და ამას ახსნა თუ აქვს?
– რა თქმა უნდა აქვს, ოღონდ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. რატომ არ არის იგივე პრობლემა (ამ მასშტაბით) დასავლეთის ქვეყნებში ან იმავე აღმოსავლეთ ევროპაში? პრობლემა ისევ საბჭოთა მენტალიტეტშია და მე ვერ დაგეთანხმებით, რომ მდიდრები არსად არ უყვართ, არ არის ეგრე. და საქართველოში ბიზნესმენები და მდიდარი ადამიანები თუ არ უყვართ, ეს არ არის მსოფლიო პრობლემა, ეს უფრო საბჭოთა პრობლემაა. საბჭოური მენტალობის ნაწილია ეს ყველაფერი, იმ წყობილების, რომელმაც მოკლა წარმატების მიღწევის ჟინი, გაათანაბრა ყველა, წარმატებული და წარუმატებელი, კარგი და ცუდი ექიმი, მასწავლებელი, დურგალი თუ სხვა. ამერიკა ამ მხრივ სამაგა ლითო ქვეყანაა, სადაც არა მხოლოდ უფრთხილდებიან, არამედ თავს ევლებიან და სამაგალითოდ ხდიან ადამიანებს, ვინც ასაქმებს, ბიუჯეტში იხდის ფულს, ქმნის ახალ კომპანიებს, რომლებიც ცვლიან უკეთესობისკენ თავად ამერიკას და სამყაროს. ასეთ ადამიანებს და მათ ისტორიებს იმდენად უფრთხილდებიან, რომ ლამის საუნივერსიტეტო კურსის სახელმძღვანელოებში შეიყვანონ, მათი წარმატებისა და წარუმატებლობის ისტორიებით ცდილობენ, გახდნენ უკეთესები. „ნახეთ, რამდენი მილიარდერი ამერიკელი ასწავლის დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტში და როგორი მოთხოვნაა მათზე? რატომ? იმიტომ, რომ საზოაგადოებას წარმატების სრულიად განსხვავებული საზომი აქვს ჩამოყალიბებული. წარმატებისა, რომლის მიღწევა შეუძლია ნებისმიერს”.
ამიტომაც, ამ ჩანართის ბოლოს ხვიჩა მაქაცარია მიზიარებს, რომ საქართველოში ძალიან ცოტა საქმიანი ადამიანია და მიაჩნია, რომ თუ საქმოსნების რაოდენობა რამდენადმე არ გაიზრდა, ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად ვერ განვითარდება, მიღმა იმისა, რომ უკვე პრობლემები და დეფიციტია პროფესიული კადრების მიმართულებით. და ეს საკმაოდ მწვავე პრობლემაა.
ეპილოგის ნაცვლად
რამდენიმე წლის წინ ჩვენი მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელები უცხო ქვეყნის ბიზნესკომპანიები იყვნენ. ვხედავდი თუ არა მე ამ ყველაფერში პრობლემას? არა, განვითარებული ქვეყნების ნაწილში ვერ ვხედავ და მეტიც, მიმაჩნია – რომ არა ამერიკელები და მაიკლ სქოულის დროინდელი „ეიეს თელასი” არც რუსული სახელმწიფო კომპანია დაინტერესდებოდა თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის შეძენით. მიღმა იმ უამრავი სიკეთისა, რაც ამერიკელებს მოჰყვა ცოდნისა და ინვესტიციების სახით. ახლა მეორე, მომწონს თუ არა, რომ ასეთი კომპანიები არის იმ ქვეყნის სახელმწიფო კომპანიების თანასაკუთრებაში, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიების მეხუთედი აქვს ოკუპირებული ჩვენი რესპონდენტის მშობლიური აფხაზეთის თამადობით? ეს როგორ უნდა მომეწონოს? არანაირად. ეს საერთოდ რაღაც ნონსენსური გაუგებრობა მგონია, რომელშიც შევედით და ვეღარასდროს გამოვედით. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ არცერთ ეტაპზე არ ვიყავით თანამიმდევრული და ემოციურად გაწონასწორებული საზოგადოება.
ახლა აქ სერიოზული ადგილობრივი, ქართული პერსპექტივები ჩნდება. პირი იქით მიქნია, და ისე დაბრუნდა ქართველი აქციონერების ხელში ჯერ ყაზახური „თბილგაზის” 100%, მანამდე რუსული „ბილაინის” 100%, რომ თითქოს არც არაფერი მომხდარა, არადა, სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ ამ თემაზე მსჯელობა და ამ კომპანიებთან დაკავშირებული ნებისმიერი ისტორია ლამის ქართველობის წართმევასთან, მორიგ თუ მოქმედ ოკუპაციასთან და ეკონომიკურ ანექსიასთან იყო გაიგივებული.
ჩემთვის ასეთი აქტივების მობრუნება თუ მოქცევა ქართულ საკუთრებაში, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ ფლობდა მათ ადრე, მნიშვნელოვანი და აღნიშვნის ღირსი ამბავია. ამიტომაც ჩავთვალე, რომ ეს ინტერვიუ და საუბარი ხვიჩა მაქაცარიასთან შედგა. მიღმა იმისა, რომ გაგაცანით აფხაზეთში დაბადებული ბიზნესმენი, რომელიც მრავალმილიონიანი აქტივების გარდა ფლობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ ქსელებსა და საწარმოებს.
☰ ☰ ☰ ☰ ☰
რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მაქაცარია მოახერხებს და „თელასის“ 100%-საც წამოიღებს. არა იმიტომ, რომ პირადად შევხვდი და იმაზე მეტი ვესაუბრე, ვიდრე ამ ინტერვიუთი გადმოგეცით. არა. მგონია, რომ გარკვეული კანონზომიერებაც არსებობს იმაში, რაც ახლა ხდება, როცა ერთი ოჩამჩირელი ბიჭი, საკმაოდ რთული და ემოციური ცხოვრებით, ახერხებს მრავალმილიონიანი აქტივები შექმნას სამშობლოში სწორედ რუსებისგან გამოსყიდული აქტივებით, ფლობდეს უძრავ ქონებას ევროპაში და გეგმებს აწყობდეს შავ ზღვაზე ინფრასტრუქტურულ მშენებლობასთან დაკავშირებით. შეიძლება, რუსეთის კომპანიებისგან აქტივების გამოსყიდვა და ქართველი აქციონერების ხელში მოქცევა სწორედ ამ ოჩამჩირელი ბიჭის მისიაა. ვნახოთ.
მგონია, რომ CBS ჯგუფზე და მის დამფუძნებელზე კიდევ ბევრს გავიგებთ წელსვე და გაისად, რადგან პირადად მისცა პირობა Forbes Georgia-ს გუნდს, რომ საზოგადოებას გააცნობს თითოეული კომპანიის საქმიანობას და, ცხადია, მისი გუნდის წევრებისა და ტოპ-მენეჯერების წარდგენის საშუალებაც მოგვეცემა. ანუ მათი, ვინც ხვიჩა მაქაცარიას აქტივებს მართავენ და პირადი საუბრებისას მიყვებიან, თუ როგორი გუნდური ტიპი და მოთამაშეა მათი დამფუძნებელი. მაქაცარია დღემდე სპორტის აქტიური ქომაგი, მიმდევარი და გულშემატკივარია, აგრძელებს ჩოგბურთის ფედერაციისა და სპორტის სხვა სახეობების მხარდაჭერას. თვლის, რომ საქართველოში პატივსაცემია ნებისმიერი ადამიანი, ვინც არათუ 8000-ს, არამედ ორ ადამიანსაც კი ასაქმებს. მას ახლოს არ ვიცნობდი, და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხვიჩა მაქაცარია ნამდვილად არ არის არც მარტივი პიროვნება, ან როგორც იტყვიან, Пассажир, და მინდა გითხრათ, არც რესპონდენტი.
საუბრის ბოლო კითხვა: მაინც რა იყო თქვენი ყველაზე სარფიანი გარიგება ცხოვრებაში?
წამით ფიქრდება… და, მპასუხობს: ის, ჩემი ნათესავი (ჰამლეტ მაქაცარია)! რას ამბობ, 276 „ჟიგული” მომდიოდა, ისეთი ფული კეთდებოდა თხილის ერთ ჩაბარებაზეო. ხვიჩა მაქაცარია ქართველი ბიზნესმენებიდან გამოარჩევს თემურ ჭყონიას, თემურ უგულავას, ილია წულაიას და ამბობს, რომ ჰყავს ამ ქვეყანას კარგი ბიზნესმენები, უბრალოდ ყველას ვერ ჩამოთვლის… ეს ქვეყანა მინიმუმ სამჯერ მეტ საქმიან ადამიანს და საქმოსანს დაიტევსო. აღარაფერს ვამბობ მის დამოკიდებულებაზე ახალგაზრდების და მათი მნიშვნელობის მიმართ, რადგან საუბარი მაშინვე ჩემს ნიკო კვარაცხელიაზე გადააქვს. ტრაგედიამდე საქმიანი წლები და Feedc-ის განვითარება ნიკომ სწორედ ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჯგუფის წიაღში გააგრძელა.
დაველოდოთ. მგონი, დიდი ხნით მოცდა არ მოგვიწევს მის მორიგ ისტორიამდე. ბევრი ანკესია ჩაგდებული სხვადასხვა მიმართულებით. თან, თემურ უგულავას რეაქცია მაინტერესებს, ამ ისტორიას რომ წაიკითხავს. თემურ უგულავა თავად ჩვენი გმირის მიერ მისმა დასახელებამ გამახსენა და იმან, რომ უგულავა („აჭარა ჯგუფი”) სულ მაშაყირებს, თუ როგორ ვახერხებ, რომ Forbes-მა იარსებოს ისეთი მცირე ეკონომიკის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და იპოვოს ამ გამოცემის დონის ისტორიები და გმირები. მაინტერესებს, რას იტყვის, როცა ყდაზე გამოჩნდება ერთი ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს „საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს და ინდუსტრიებს. თან მისთვის ჩვეული, შეუჩერებელი ტემპით. მოკლედ – to be continued…
შეხვედრამდე.