რუსეთ-დასავლეთის ომმა, სადაც ბრძოლა თითქმის ყველა იარაღით, მათ შორის, ენერგორესურსებით მიმდინარეობს, საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის როლი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა. „აზერბაიჯანმა შეძლო ევროპის ენერგეტიკული რუკის შეცვლა“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც საგრძნობლად გაზრდის ევროპაში ენერგორესურსების ექსპორტს. რაც შეეხება საქართველოს, გარდა გეოგრაფიული სიახლოვისა, აზერბაიჯანთან მას ყველა მნიშვნელოვანი სატრანზიტო პროექტი აკავშირებს და სწორედ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აზერბაიჯანის სიმბოლოდ ქცეულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა.
„სოკარ ენერჯი ჯორჯია”, რომელიც ნავთობპროდუქტების რეალიზატორს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა“ და ბუნებრივი აირის მიმწოდებელსა და გამანაწილებელს „სოკარ ჯორჯია გაზს“ აერთიანებს, 2006 წელს დაარსდა. წლებია, კომპანია გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია საქართველოში.
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ ქვეყნის მასშტაბით 110 გასამართი სადგური, ასევე 13 სერვისცენტრი და 4 ნავთობტერმინალი აქვს, სადაც საერთო ჯამში 1300 თანამშრომელია დასაქმებული.
პანდემიიდან გამოსვლა და რუსეთის ომის შედეგად, ახალ კრიზისთან შეჯახება, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ უპირატესობები და „ნოუ ჰაუ“, რომელიც ქართულ ოფისს „სოკარ გლობალის“ სხვა საერთაშორისო ქვეყნებისგან გამოარჩევს, „ვეი მარტების“ ქსელის გეგმები – ამ და სხვა თემებზე Forbes Georgia ნოდარ ყანჩაველს, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორს ესაუბრა.
„პანდემიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ბიზნესებზე, რამდენიმე ინდუსტრიის გარდა, ძალიან დიდი ჯამური ზარალი წარმოიქმნა. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. განსაკუთრებით რთული იყო 2020 წელი, როდესაც შეზღუდული იყო ტრანსპორტის გადაადგილება და კომპანიის შემოსავლებს პირდაპირი ზიანი მიადგა. რაც შეეხება 2021 წელს, ბაზარმა აღდგენა დაიწყო.
წელს კომპანია დაუბრუნდა პამდემიამდელ მაჩვენებელს, ძალიან კარგად მიდის წლევანდელი წელი და გვინდა, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ჩვენი საქმიანობა როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებისთვის საჭირო საქმეებისა და პროექტების კეთებით“, – ამბობს ყანჩაველი.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს მეტ ზრდასა და ავტოგასამართი სადგურების ინოვაციის კუთხით მეტ განვითარებას.
აგრეთვე, ამ ეტაპზე უკვე გავუშვით 7 თვითმომსახურების სადგური, სადაც მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს ვთავაზობთ.
კომპანიის ღირებულებები
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მთავარი ღირებულებებია სამართლიანობა, გამჭვირვალობა და ადამიანებზე ორიენტირებულობა. არა აქვს მნიშვნელობა, რა საკითხი თუ პროექტი იქნება – გადაწყვეტილებები სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებით მიიღება. ყანჩაველს სწამს, რომ „ეს არის ბიზნესის სწორად სამართავი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები. იცვლება ბიზნესგარემო, იცვლება მენეჯმენტის სტრუქტურები, ადამიანური რესურსები და ა.შ. და ამ პერიოდში, სხვადასხვა ცვლილებისას, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საქმიანობა და გადაწყვეტილება იყოს ადამიანებზე მორგებული და სამართლიანი.
CSR
„სოკარის“ ქველმოქმედება ყველასათვის ცნობილია, თუმცა მენეჯმენტმა, უფრო მეტი შედეგის მისაღებად, შექმნა CSR-სტრატეგია, რომელიც ხუთ მიმართულებაზეა დაფუძნებული. ესენია: შშმ პირებისა და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება, უსაფრთხოება და ახალგაზრდების მხარდაჭერა. წლების განმავლობაში კომპანიამ ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა და თითოეული მიმართულება განავითარა.
რაც შეეხება წლევანდელ წელს, შშმ პირებისა და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაციის კუთხით, ახალგაზრდულ მედიაკავშირთან ერთად მიმდინარეობს პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“, რომლის საზაფხულო ფაზა უკვე დასრულდა და ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში მათ 200–მდე შშმ პირს, დაჭრილ ჯარისკაცსა და ომის ვეტერანს უმასპინძლეს ჯომარდობის, პეინტბოლის, მშვილდოსნობისა და ზიპლაინის ინტეგრირებულ ტურნირებში.
გარემოს დაცვის კუთხით, წელს „სოკარმა“ ითანამშრომლა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლეთს დუ ით“-ის საქართველოს ფილიალთან და წლის განმავლობაში ჩატარდება ჯამურად 10 დასუფთავების აქცია საქართველოს მასშტაბით. რამდენიმე უკვე ჩატარდა.
ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით, ასპონსორებენ რაგბის კლუბ „სოხუმს”, რომელმაც ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 11-დან 15 წლამდე ვაჟები რაგბის ირგვლივ გააერთიანა.
წელს ჩაეშვა ახალი პროექტი და 3 სკოლადამთავრებულს შანსი მიეცა, ევროპული სწავლის გამოცდილება მიეღო. ეს ახალგაზრდები აგვისტოში ბარსელონის საზაფხულო სკოლაში გაგზავნეს.
უსაფრთხოების კუთხით, უკვე მეორე წელია, ახალი პროექტის ფარგლებში „სოკარის” ავტოგასამართ სადგურებზე მყოფ ძაღლებს უტარებენ სტერილიზაცია/კასტრაციას და უდგამენ სახლებს.
ქალთა გაძლიერების კუთხით, რამდენიმე სოციალური კამპანია ჩატარდა, რაც ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
მომხმარებლის შეცვლილი ქცევა
წლიდან წლამდე, თვალშისაცემი ზრდა ფიქსირდება მომხმარებლის ქცევაში. თუკი ადრე საქართველოში მხოლოდ დაბალ ფასზე იყო ორიენტირებული მომხმარებელი, დღეს უკვე ხარისხიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. „სოკარის” ხელმძღვანელის თქმით, მთელი მსოფლიოს ტრენდიც ასეთია, არ გამოირჩევა საქართველო ამ კუთხით, მსოფლიოშიც გაზრდილია ხარისხიან საწვავზე მოთხოვნა, გაიზარდა მომხმარებელიც, რაც ძალიან მისასალმებელია. „როდესაც არსებობს მაღალი დონის მოთხოვნები, ყალიბდება მაღალი ხარისხის სტანდარტებიც“.
საქართველოს ბაზრის წილი „სოკარ გლობალის“ პორტფელში
„სოკარი“ დღეს წარმოდგენილია როგორც აზერბაიჯანის, ისე თურქეთის, რუმინეთის, შვეიცარიის, ავსტრიისა და უკრაინის ბაზრებზე. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც „სოკარის“ პირველი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა და, შესაბამისად, ადგილობრივ ოფისს გამოცდილებაც უფრო მეტი აქვს ბიზნესსაქმიანობის კუთხით. წილობრივად თუ შევხედავთ, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა „სოკარის“ ფილიალებს შორის. როგორც ყანჩაველი გვიყვება, აგრეთვე გამორჩეულია უკრაინის „სოკარის“ ფილიალიც, რომელსაც აქვს „არაჩვეულებრივი მაღაზიათა ქსელი“. საწვავის კუთხით, ერთ-ერთი ლიდერი საქართველოა, რომელსაც პირველობას მხოლოდ შვეიცარია ართმევს, სადაც „სოკარის“ 200-მდე სადგური ფუნქციონირებს.
„სოკარ ჯორჯია“ vs სხვა საერთაშორისო ოფისები
„სოკარის“ საქართველოს ფილიალი ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ოფისია. კომპანიას რამდენიმე სადგურზე მზის პანელები აქვს განთავსებული, რაც ‘know how’ იყო მაშინ, როდესაც ეს პირველად გაკეთდა და ახლაც მხოლოდ „სოკარს“ აქვს. „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დაყენებულია ელექტროდამტენები. კომპანიაში ხშირად ამბობენ, რომ „სოკარი“ არ არის ბენზინგასამართი სადგური, რომელიც მხოლოდ ამ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს, ეს არის ავტოგასამართი სადგურების ქსელი, სადაც მსურველი მიიღებს იმ ყველა საჭირო მომსახურებას, რაც გზაზე სიარულისას გვჭირდება, იქნება ეს ელექტროდამტენი თუ სხვა.
ქართულმა ოფისმა ახლახან აქტიური კომუნიკაცია დაიწყო სხვა ქვეყნის „სოკარის“ წარმომადგენლებთან, ჰქონდათ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვლოგერმა სოსო ნებიერიძემ მოინახულა ყველა ის ქვეყანა (უკრაინის გარდა), სადაც ოპერირებს „სოკარი“ და გვაჩვენა იქაური სადგურები.
ინოვაციის კუთხით, საქართველოს ოფისს გეგმაში აქვს მზის პანელებთან დაკავშირებულ პროექტზე ინფორმაციის გაზიარება. „მსოფლიოს ტენდენცია მიდის იქით, რომ რაც შეიძლება ეკომეგობრული ენერგია მივიღოთ და ჩვენც ვცდილობთ, რომ ნელ-ნელა მოვერგოთ ახალ მიმართულებებს“.
რომელ ავტომობილებს იზიდავს „სოკარი“?
„სოკარი“ ევროპაში პოზიციონირდება როგორც პრემიუმ-ტიპის ბრენდი და აქვს მაქსიმალური ნდობა ხალხისგან, ამბობს კომპანიის დირექტორი. მისი თქმით, ზემოთ ნახსენებ პროექტში კარგად ჩანს, თუ რა მანქანების მფლობელები არიან ძირითადი მომხმარებლები ევროპის „სოკარში“, ეს გახლავთ როგორც ძველი, ანტიკვარიატად ქცეული, ასევე სულ ახალი „მერსედესებისა“ და „პორშეების“ მფლობელები.
რაც შეეხება საქართველოს, „სოკარის ნდობაც წლიდან წლამდე იზრდება“, – ამბობს ყანჩაველი, რომელიც „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ „ლექსუსს“ ადარებს. „სტაბილურ, სოლიდურ და სანდო მანქანას, რომელსაც ერთხელ რომ იყიდი და ნახავ, მუდმივად ერთგული რჩები, მისი მდგრადობიდან და მაღალი ხარისხიდან გამომდინარე. ასეა ჩვენთანაც, ხარისხს სტაბილურობა ახასიათებს“.
„ვეი მარტი“
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ქვეყანაში არა მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურებით, არამედ „ვეი მარტებითაც“ არის ცნობილი, რასაც, პირველ რიგში, მათმა არქიტექტურულმა ღირებულებებმა შეუწყო ხელი. დღეს „ვეი მარტის“ უკვე 60-ზე მეტი ფილიალია და თითოეული მათგანი მომხმარებელს სთავაზობს როგორც პირველად პროდუქციას, აგრეთვე გზისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის აქსესუარებს. კომპანიას აგრეთვე აქვს უნიკალური, ექსკლუზიური პროდუქციაც, მაგალითად, ჰოთ დოგი, რომელიც, მენეჯმენტის მოლოდინით, მალე „ვეი მარტის“ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. კომპანია ენერგეტიკული სასმელების ბაზარზეც შევიდა და აქვს „დრაივი“, რომელიც ევროპიდან არის იმპორტირებული, არის ძალიან მაღალი ხარისხის და ჯერჯერობით მხოლოდ „ვეი მარტის“ ქსელში იყიდება.
„ვეი მარტის“ სამომავლო განვითარებას რაც შეეხება, ქსელის ფილიალების ზრდა და, ზოგადად, სადგურზე არსებული სერვისების მეტად გაუმჯობესებაა დაგეგმილი.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ
„ვფიქრობ, უკრაინის ომი ყველა კომპანიას შეეხო – არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, – ამბობს ყანჩაველი. – განსაკუთრებულად შეეხო საწვავის ბიზნესს, რადგან საწვავის ფასი განისაზღვრება საერთაშორისო პლატცის ფასიდან გამომდინარე. შესაბამისად, რადიკალური ცვლილებები დაიწყო ამ პერიოდიდან, რამაც ასახვა ძალიან მალე პოვა ადგილობრივ საფასო პოლიტიკაზეც“.
„სოკარში“ ცდილობენ, რომ ტურბულენტობა მაქსიმალურად შეამცირონ და ყოველთვის ჰქონდეთ მარაგში საწვავი, რომ მომხმარებელმა პლატცის ფასზე ცვლილება მყისიერად არ იგრძნოს და ნელ-ნელა მოხდეს საწვავის ფასების ცვლა, თუმცა ამას ხშირ შემთხვევაში საკუთარი მარჟის ხარჯზე აკეთებენ. ზოგადად, „სოკარის“ დირექტორის შეფასებით, საქართველოში საწვავის ინდუსტრიაში კონკურენცია საკმაოდ დიდია, ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს და გარდა ამისა ბაზრის მნიშვნელოვანი წილი არაბრენდულ სადგურებს უჭირავს.
საიმპორტო ბაზრები
„სოკარს“ საწვავი შემოაქვს ევროპის სამი ქვეყნიდან, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი. მხოლოდ ევრო 4 ტიპის დიზელი შემოდის აზერბაიჯანიდან, რაც ძალიან გამართლებულია სპეცტექნიკისთვის. თუმცა ამ მხრივადაც უახლოეს მომავალში იგეგმება ცვლილებები: ბაქოს ქარხანამ დაიწყო გადაიარაღება და, შესაბამისად, წლის ბოლოს უკვე ევრო 5 სტანდარტის საწვავს ელოდებიან. მენეჯმენტის თქმით, ეს ძალიან დიდი წინსვლის საწინდარი იქნება კომპანიისთვის, რადგან „ასეთი მაღალი დონის საკუთარი წარმოების პროდუქტი მნიშვნელოვნად გააიაფებს თვითღირებულებას და, შესაბამისად, ეს ცვლილება დადებითად აისახება მომხმარებლის ჯიბეზე, რაც ძალიან გვახარებს“.
კადრების დეფიციტი
ნოდარ ყანჩაველი „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში“ 2017 წლიდან მუშაობს. დირექტორის პოსტი მან 2022 წლის მარტიდან ჩაიბარა. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რასაც დირექტორი შეეჯახა, კადრების დეფიციტია. მისი თქმით, ძალიან დიდი გამოწვევა არსებობს სერვისის სექტორში. როგორც საწვავის, აგრეთვე „ვეი მარტების“ მაღაზიათა ქსელის კუთხით ძალიან პრობლემურია კადრების მოძიება/შენარჩუნება. სექტორის ამ პრობლემის წინაშე ძირითადად ყველა ინდუსტრია დგას და „სოკარის“ მენეჯმენტი ამ მიმართულებით მუშაობს, რომ გააუმჯობესონ სამოტივაციო სისტემები, შექმნან ახალი საკომუნიკაციო არხები, რომ სწორად და ტარგეტირებულად მიაწვდინონ ხმა იმ ხალხთა ჯგუფს, რომელსაც ეს საკითხი აინტერესებს.
წარმატება
სიტყვა წარმატებაში „სოკარის“ დირექტორი ორი სახის წარმატებას მოიაზრებს, პირველი – პირადი წარმატება და მეორე – კომპანიის წარმატება. პირველ შემთხვევაში იგი თვლის, რომ წარმატებული ადამიანია, რადგან აქვს „მაგარი ოჯახი, კარგი სამსახური და მეტ-ნაკლებად სტაბილური მომავალი“. მეორე შემთხვევაში, როგორც კომპანიის დირექტორი, საკუთარი წარმატების შეფასებას ცოტა ნაადრევად მიიჩნევს, რადგან „მინიმუმ ერთი წელი უნდა გავიდეს, რომ შეფასდეს ჩემი შედეგები. უკვე ხუთი წელია, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ გუნდის წევრი ვარ და ვთვლი, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება უკვე მოვასწარი, თუმცა ახალ პოზიციაზე ბევრი ახალი გეგმა და ინიციატივაა, რის სისრულეში მოყვანასაც ჩემს გუნდთან ერთად ვგეგმავ. ამ ეტაპზე კარგი დინამიკა აქვს კომპანიას და იმედი მაქვს, რომ 2022 წელს მნიშვნელოვანი შედეგებით დავხურავთ“.
რა აძლევს დრაივს?
„დრაივს“ ყანჩაველს რამდენიმე რამე აძლევს: „პირველი – ჩემი შვილები, რადგან მინდა, რომ კარგი განათლება მივცე და ამისთვის ბევრს ვშრომობ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და ადამიანები, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. ამაშიც ნამდვილად გამიმართლა და კომპანიაში საუკეთესო გუნდი მყავს – ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან და კარგად ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა. ეს ნამდვილად მაძლევს „დრაივს“, რომ ამ ადამიანებს მივცე საშუალება, განახორციელონ იდეები, პროექტები და ინიციატივები“.