ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2018 წელს საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. EBRD-ს განახლებულ მიმოხილვაში საქართველოს მშპ-ს ზრდის პროგნოზი არ შეუცვლია.
ბანკი აღნიშნავს, რომ ბოლო ორ წელში საქართველოს ეკონომიკამ გამოჯანსაღება აჩვენა და 2017 წელს ზრდამ 5% შეადგინა. ზრდის მაღალ მაჩვენებელს EBRD გაუმჯობესებულ საგარეო ეკონომიკურ გარემოს უკავშირებს, რამაც ხელი შეუწყო ექსპორტის ზრდას. კიდევ ერთ მიზეზად EBRD უცხოურ ინვესტიციებს ასახელებს, განსაკუთრებით კი მშენებლობისა და სასტუმრო სექტორში.
რეგიონის ქვეყნებში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიას მოიცავს EBRD პროგნოზით, 2018 წელს ეკონომიკა ყველაზე მეტად საქართველოში გაიზრდება. რეგიონის ქვეყნებისთვის მშპ-ს ზრდის პროგნოზი შემდეგია:
სომხეთი – 3.5%
აზერბაიჯანი – 2.5%
ბელორუსი – 3%
მოლდოვა – 3.5%
უკრაინა – 3%
თურქეთი – 4.4%
რუსეთი – 1.5%