ბარელი ნავთობის ფასი 72 დოლარამდე გაიზარდა

ბარელი ნავთობის ფასი 72 დოლარამდე გაიზარდა

ბოლო ერთ წელიწადში, 2017 წლის 10 მაისიდან 2018 წლის 10 მაისამდე ერთი ბარელი ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 45%-ით (22 დოლარით) გაიზარდა. ნიუ იორკის ბირჟაზე დღეს ერთი ბარელი ნედლი ნავთობი 72 დოლარი ღირს, რაც ბოლო 42 თვის რეკორდული ფასია. ბოლოს, ბარელი ნავთობი 72 დოლარი 2014 წლის ნოემბერში ღირდა.

ნავთობის ფასის ზრდა ყველაზე მეტად ირანის სანქცირების გარშემო მიმდინარე საუბარმა გამოიწვია, რომელიც 2 დღის წინ იმით დასრულდა, რომ აშშ ირანთან შეთანხმებას გამოეთიშა და სანქციების განახლების გადაწყვეტილება მიიღო. ამას ბოლო დღეებში ისრაელ-ირანს შორის გართულებული სიტუაცია დაემატა, ადგილი ქონდა შეიარაღებულ შეტაკებებს.

მოლოდინია, რომ ბარელი ნავთობის ფასი მინიმუმ 80 დოლარამდე გაიზრდება. ნავთობ ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანებაში (OPEC) ირანი ნავთობის წარმოებით მე-3 ადგილზეა, მხოლოდ საუდის არაბეთს და ერაყს ჩამორჩება. მარტის მონაცემებით ირანი დღეში საშუალოდ 3.8 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა. აქედან გამომდინარე, ირანში ნავთობის წარმოების შეფერხებას და მისგან ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმას, ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

ნავთობის ფასის ზრდას ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის ზრდა და OPEC-ის მიერ მიწოდების მცირედით შემცირებაც განაპირობებს. თებერვალ-მარტში OPEC-მა ნავთობის ყოველდღური წარმოება 270 000 ბარელით შეამცირა. საერთო ჯამში, OPEC-მა ნავთობის წარმოება ბოლო ერთი წლის მინიმუმამდე შეამცირა, დღეში საშუალოდ 32 მილიონ ბარელს აწარმოებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.