ყავისადმი სიყვარული ბევრს აუხსნია, მაგრამ დამტკიცებისთვის ბევრი ასე არ გარჯილა: თემურ სისაურმა სურნელოვან მარცვლებს 28 ქვეყნიდან მოუყარა თავი და ერთი ბრენდის ქვეშ მოაქცია. სხვა რა დარჩენია ბრენდს, თუ არა, სიამაყით ატაროს სახელი “სისაური”. სისაური “სისაური გრაინდერსის” შესახებ მოგვითხრობს.
სანამ უშუალოდ თქვენი კომპანიის ისტორიაზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით თქვენზე გვიამბეთ. რა პროფესიის ბრძანდებით, რა გზა გაიარეთ, სანამ საკუთარ ბიზნესს შექმნიდით?
ყველა ადამიანს სჯერა, რომ მის ცხოვრებას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ყველა ეძებს საკუთარ ადგილს ცხოვრებაში. მთავარია, ადამიანი ღირსეულად ცხოვრობდეს. ძალიან ადვილია, ადამიანმა ნებისმიერ სფეროში საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს, განსაკუთრებით ბიზნესში. მახსოვს, პატარა ვიყავი, მარქსის “კაპიტალმა” რომ დამაინტერესა. შინაგანად სულ ვგრძნობდი ინტერესს ამ სფეროსადმი, ვკითხულობდი, მიზი დავდა და მაინტერესებდა, ვინ როგორ მიაღწია წარმატებას. ამბობენ, რომ ცხოვრება ძნელია, მე არ ვეთანხმები, პირიქით, წარმატებული ადამიანები გვეუბნებიან, რომ მათთვის ძნელი არ ყოფილა. ბიზნესით რომ ვიქნებოდი დაკავებული, უკვე 15 წლის ასაკში ვიცოდი, ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ვგრძნობდი. ბიზნესი ჩემთვის შესაძლებლობაა, რომ კარგი როლი ვითამაშო სხვა ადამიანების ცხოვრებაში, დავეხმარო მათ და დამეხმარონ.
ყავას რაც შეეხება, 18 წლის ვიყავი, მამამ რომ დამაინტერესა, შემიყვარდა ეს სასმელი, ფანატიკურად გამიტაცა. მთელი არსით გადავეშვი – ღამეების თენება კითხვაში, ნიმუშების შესწავლა, მოხალვა, დეგუსტაცია. მერე მოგზაურობა, სხვა კომპანიების გამოცდილებით დაინტერესება. ახლაც არ ვიღლები, დღეში რამდენიმე ლიტრ ყავას ვსვამ.
მოდი, ახლა უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ თქვენს ბიზნესზე, კერძოდ, ბრენდ “სისაურზე”, როდის და რატომ გადაწყვიტეთ ყავისა და ჩაის შემოტანა საქართველოს ბაზარზე?
ბიზნესს მე განსხვავებულად ვუყურებ. ეს არაა ფულის შოვნა და ანგარიში. მჯერა, რომ ყველა დიდი ბიზნესი ნულიდან დაწყებული ოცნებაა. წარმატებული ბიზნესი – ესაა მხოლოდ ოცნება და ამ ოცნების გარშემო გაერთიანებული ენთუზიაზმიანი კეთილი და დადებითი ადამიანები. ეს ორი კომპონენტი ქმნის განსაკუთრებულ აურას და ეს აურა გაძლევს განსაკუთრებულ შეგრძნებას, რაც გამოძრავებს წარმატებისკენ. საოცარი სიხარულია, იყო ამ ყველაფრის ნაწილი.
ეს ძნელი გასაგებია და კიდევ უფრო ძნელი გასაკეთებელი, ამიტომაცაა წარმატება იშვიათი და წარუმატებელი ბიზნესისა და ცხოვრების მაგალითი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. წარუმატებელი ბიზნესი ეს წვალებაა, გაჭირვება, ნერვიულობა. მიმაჩნია, რომ ბიზნესი, რომელიც სიხარულს არ ანიჭებს ხალხს, კეთებად არც ღირს. რა თქმა უნდა, მეც ძალიან გამიჭირდა ამის გააზრება, მაგრამ ბედმა გამიღიმა და ჩემი კარგი მეგობრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დახმარებით მოხდა რევოლუცია ჩემს აზროვნებაში. გადავწყვიტე შემექმნა სწორედ ასეთი განსაკუთრებული კომპანია, სადაც ადამიანი (თანამშრომელი და მომხმარებელი) იქნებოდა მთავარი. სადაც გადმოვიტანდით მხოლოდ წარმატებული კომპანიების საუკეთესო მაგალითებს წიგნებიდან, არ დავუშვებდით კომპრომისებს საკუთარ თავთან და შრომის გაიოლების მიზნით “დროებით არაუშავს” არ იქნებოდა ჩვენს ბიზნესში.
ავიყვანე ძალიან ახალგაზრდა ადამიანები გამოცდილების გარეშე, გავუზიარე ჩემი ხედვა, მაქსიმუმი გავიღე, რომ მეჩვენებინა, რას ვაპირებდით, რა გვინდა, რას მოუტანს ეს თითოეულ მათგანს, რატომ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი პირიქით, არსებული ცუდი პრაქტიკისგან განსხვავებულად. საოცარი ხალხი გაერთიანდა, საოცრად დიდი ენთუზიაზმით, საოცრად დიდი ოცნებებით, საოცარი სწავლის სურვილით და დავიწყეთ… ჩვენ ერთად ვქმნით წარმატებული კომპანიის ზღაპრულ ისტორიას!
სირთულეები, რომელთაც პირველ ეტაპზე წააწყდით…
ჩემი უცოდინრობა, ბიზნესისადმი არასწორი მიდგომა, ოღონდ ამის ნამდვილად არ მრცხვენია – მთავარია, სულ სწავლობდე. გაჭირვება მოდის უცოდინრობიდან, არ ვიცოდი, რა იყო ბიზნესი, რა არის მენეჯმენტი, ბიზნესში რა არის მთავარი. მე მჯერა, რომ დიდი ფული მარტო პატიოსანი შრომით იშოვება. კარგი და ცუდი საქმე არ არსებობს. თუ სწორად გესმის შენი საქმე, თუ შრომობ, თუ სწავლობ, თუ ადამიანებთან ურთიერთობა გაქვს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, იქნება ის ტრაქტორისტი, ბანკირი, მასწავლებელი თუ მეეზოვე… შეუძლია, გახდეს წარმატებული, დააგროვოს კაპიტალი.
თუ ზოგადად ბიზნესში არსებულ სირთულეებზე ვილაპარაკებთ, იქაც უცოდინრობაა მთავარი პრობლემა. ადამიანები არ სწავლობენ, მენეჯერებს ჰგონიათ, რომ ხალხს უნდა ეუფროსონ და ნერვები უშალონ, მომსახურებაში დასაქმებული ხალხი ფუნდამენტურად ვერ ერკვევა, რა არის და ვისთვისაა სერვისი, გაყიდვაში დასაქმებული ფიქრობს, რომ ფულის აღება გაყიდვაა და წარმოდგენა არა აქვს ამ პროფესიის შესახებ. ტაქსის მძღოლმა არ იცის, რომ თავის პროფესიაზე წიგნი უნდა წაიკითხოს და ერთი ენა მაინც ისწავლოს და წუწუნით გვიყვება ორი დიპლომის შესახებ. ქვეყნის საზღვარზე მომუშავე ქალბატონს ჰგონია, რომ პასპორტებს ამოწმებს და არ იცის, რომ ადამიანებს ემსახურება.
რა თქმა უნდა, ასეთი საერთო სურათის ფონზე ძნელია ბევრი წარმატებული და მოღიმარი ადამიანი ვიპოვოთ ჩვენ გარშემო, თუმცა დრო წინ მიდის და ნელი ტემპით განვითარება ნამდვილად შეიმჩნევა.
მიხარია, რომ “სისაური გრაინდერსში” სულ სხვა აურა გვაქვს: აქ ყველა სწავლობს და იღიმება!
ზოგადად როგორ შეაფასებდით საქართველოს ბაზარს, არის თუ არა ბაზარი კონკურენტული და მიმზიდველი ინვესტორებისთვის?
ბიზნესის საკეთებლად საქართველო ცალსახად მიმზიდველი ბაზარია. ამაში კანონმდებლობაც გვიწყობს ხელს. ჩემი აზრით, ძალიან ადვილია საქართველოში ბიზნესის დაწყებაც და განვითარებაც.
რომელი ქვეყნიდან შემოგაქვთ ეს პროდუქცია და როგორ მოხდა მწარმოებლებთან კონტაქტი?
დაახლოებით 40 სახეობის ჩაი გვაქვს, ყავა – უამრავი. მხოლოდ ეთიოპიიდან 5-6 სახეობის ყავა ჩამოგვაქვს და ეს რიცხვი აუცილებლად გაიზრდება. ძირითადი ქვეყნები, საიდანაც ყავის მარცვალი შემოგვაქვს, არის ბრაზილია, კოლუმბია, ინდონეზია, ეთიოპია, კენია, კოსტა- რიკა და ა.შ. თუ ამ სეზონზე რომელიმე ქვეყნის პროდუქტის ხარისხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, მაშინ მას სხვა ქვეყნის ყავით ჩავანაცვლებთ. ყავა მიწის პროდუქტია და, შესაბამისად, მოსავალზე ვართ დამოკიდებული. რაც შეეხება მომწოდებლებთან დაკავშირებას, როცა რამის სწავლას იწყებ, აქტიურად დადიხარ გამოფენებზე და ნაცნობების წრეს ზრდი, მერე ყველაფერი ადვილია. თავიდან მხოლოდ მე ვხალავდი ყავას, არავის არ ვანდობდი ამ საქმეს… იცით, ყავის მარცვლები ლაპარაკობენ. . . ჩაი არის სუფთა ბიზნესი, ყავა კი – ჩვენი სული.
რატომ დაარქვით ბრენდს “სისაური”, რაიმე კონკრეტული დატვირთვა ხომ არა აქვს გარდა იმისა, რომ თქვენი გვარია?
ვეძებდით უცხოურ ლამაზ სახელებს, რამდენიმე ვარიანტიც გვქონდა, რა სახელი უნდა დაგვერქმია ჩვენი ბრენდისთვის, საკმაო დრო დავუთმე სახელის არჩევას. ყველა ადამიანს უმართლებს და ჰყავს ერთი მეგობარი, რომელიც მის ცხოვრებაში რაღაც როლს თამაშობს და სწორ მიმართულებას აძლევს. მეც მყავდა ერთი ასეთი მეგობარი, პანოს პაპანტუნოპულოს, წარმოშობით ბერძენი, იგი ბიზნესკონსულტანტია. მან მირჩია ასეთი რამ: გააჩნია, რა გინდა, თუ შენ ფიქრობ, რომ ეს კომპანია შენი ცხოვრების ნაწილია, რაღაც გაცილებით დიდი გინდა, ვიდრე უბრალოდ შემოსავლის წყარო, რასაც ნამდვილად ბიზნესი ჰქვია, უნდა იცოდე, რომ აუცილებლად ყველა წარმატებულ ბიზნესს სჭირდება ისტორია და გაცილებით ადვილია, ისტორია ააშენო შენს საკუთარ გვარზე. მისი იდეა იყო, ბევრი ვიფიქრე და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კომპანიისთვის “სისაური”დამერქმია.
კონკურენტებსაც რომ შევეხოთ, რა ბერკეტები აქვს კომპანია “სისაურს”კონკურენტულ გარემოში თავის დასამკვიდრებლად?
მე პატივს ვცემ მათ. “სისაური გრაინდერსი” იმდენად სხვანაირ ბიზნესს აშენებს, რომ კონკურენტები ხელს ვერ გვიშლიან. ჩვენ კუნძულივით ვართ, ეს მართლა ოცნების ადგილია. სადაც ცოდნაა, იქ კონკურენციის არ ეშინიათ.
ოცნების ბიზნესია?
კი არის, ოღონდ ჩემი არა, ვინც კომპანიაში მუშაობს სულ ყველასია. მე მჯერა, რომ აქ ეს ხალხი ოცნებობს. ჩვენ სხვანაირად გვჯერა, ჩვენ არ ვანგარიშობთ.
რომელ საფასო სეგმენტში ოპერირებთ? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი კომპანიისთვის?
კომპანია “სისაური გრაინდერსისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანია მისი მომხმარებელი. ისაა ჩვენი დამფასებელიც და შემფასებელიც. გაგვიმართლა, განსაკუთრებული მოხმარებელი გვყავს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ყავას. მართლა ვამაყობთ ამ საოცარი ხალხით. ბედნიერებაა ხედავდე, რომ მომხმარებელი აფასებს შენს შრომას, საოცრად ერთგული და მცდონე ყავის მოყვარული ირჩევს ჩვენს ქსელს. ისინი მზად არიან, გვერდზე გასწიონ ბრენდები, სახელები და მხოლოდ ჩვენი ყავა დააგემოვნონ. ძალიან ხშირად უბრალოდ საოცრებებს სჩადიან: როდესაც ახალი ყავა შემოგვაქვს, ის შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს წინა მოსავლისგან, ეს ბუნებრივია და ამ სხვაობის შემჩნევა მხოლოდ პროფესიონალ დეგუსტატორებს თუ შეუძლიათ. ჩვენს დახლებთან კი ამ დროს ჩვეულებრივი ამბავია მყიდველების კომენტარი: – “იცით, თითქოს ოდნავ განსხვავდება, ეს სხვაა?” არ შეიძლება არ გეამაყებოდეს, რომ ასეთი დონის მომხმარებელი შენ გირჩევს.
თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვიამბოთ, ხომ არ იგეგმება “სისაურის” ბრენდის ქვეშ სხვა პროდუქციის შემოტანაც?
კომპანიას, რომელსაც ჰყავს საუკეთესო მომხმარებელი, ჰყავს საუკეთესო გუნდი და საუკეთესო პროდუქტი, აქვს პრეტენზია, რომ ძალიან დიდი კომპანია იყოს. ჩვენ საქართველოში ვიქნებით N1. “სისაური გრაინდერსი” წარმოდგენილი იქნება ყველგან, ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაზე, ყველა რესტორანში, სავაჭრო ცენტრებში და მჯერა, რომ ჩვენს გუნდს ეს გამოუვა. წელს მომხმარებლებს მივცემთ საშუალებას, თითქმის ყველგან მიიღონ საუკეთესო ყავა და მომსახურება – ის, რაც მათ ეკადრება.