გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასულ კვირას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ალასკაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების პროექტი დაამტკიცა, რასაც გარემოს დამცველი აქტივისტების პროტესტი და ადმინისტრაციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიც კი მოჰყვა. გარემოს დამცველების განცხადებით, პროექტი, თუნდაც მცირე მასშტაბებით, ეწინააღმდეგება აშშ-ის კლიმატურ გეგმებს და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ველურ ბუნებასა და კლიმატს.

პარალელურად კი ევროკავშირი აქტიურად ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს, რისთვისაც ევროკომისიამ გასულ კვირას განახლებული კლიმატური გეგმებიც წარადგინა. ევროკავშირის მიზანი მწვანე ინდუსტრიულ რევოლუციაში ლიდერის პოზიციის მოპოვებაა, რისთვისაც ათწლეულის ბოლოსთვის მწვანე ტრანზიციაში განხორციელებული გლობალური ინვესტიციები, გასული წლის $1 ტრილიონთან შედარებით, გასამმაგდება.


პრეზიდენტ ბაიდენის ალასკის პროექტი, რომელსაც  გარემოს დამცველი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ალასკაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების პროექტი დაამტკიცა. ბაიდენის მხრიდან, ConocoPhillips-ის პროექტ Willow-ის მცირე ზომის ვერსიის დამტკიცებას კი მალევე გარემოს დამცველი აქტივისტების აღშფოთება მოჰყვა.

Willow-ის პროექტი დაახლოებით $7-მილიარდიანი შეთავაზებაა ConocoPhillips-ისგან, რომლის მიზანიც ალასკაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაა. პროექტი ქვეყნის ეროვნული ნავთობის რეზერვში – ალასკაში, 93 მილიონი ჰექტარის ფართობზე, შტატის ჩრდილოეთ ფერდობზე განთავსდება, რომელიც ამავდროულად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოუყენებელი სახელმწიფო მიწის ყველაზე დიდი ნაკვეთია.

ბაიდენის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული პროექტის ვერსია კი ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის მხოლოდ სამ ლოკაციას უზრუნველყოფს და უფრო ნაკლებ მიწაზე განსალაგებელ ინფრასტრუქტურასაც.

ConocoPhillips-ის საწყისი გეგმა, პროექტის ფარგლებში, ალასკაში ხუთამდე საბურღი ადგილის, ათობით მილი გზების, შვიდი ხიდისა და მილსადენის განლაგებას ითვალისწინებდა. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, Willow-ის შედარებით მცირე ზომის ვერსიის დამტკიცება შეამცირებს მის გავლენას ისეთი სახეობების ჰაბიტატებზე, მათ შორის პოლარული დათვების.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პროექტის სრული ვერსია წლების წინ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება 2021 წელს ალასკის ფედერალურმა მოსამართლემ შეცვალა, რადგან, მისი შეფასებით, პროექტის გარემოსდაცვითი ანალიზი ხარვეზებს შეიცავდა და გადახედვას საჭიროებდა.

ამ ეტაპზე აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარდასაჭერად, ყურადღებას პროექტის შემცირებული ზომებით დამტკიცებაზე ამახვილებს, რაც, თავის მხრივ, Willow-სთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით რისკებსაც შეამცირებს. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებით კვლავ უკმაყოფილონი არიან გარემოს დამცველი აქტივისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პროექტი, თუნდაც შემცირებული ზომით, ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციის კლიმატურ დაპირებებს და საფრთხეს უქმნის ველურ გარემოს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება Willow-ის პროექტის დამტკიცების შესახებ, ალასკის ფარგლებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის დამაბინძურებელ და სახიფათო წარმოებას დამატებით ათწლეულებით გაახანგრძლივებს. პროექტი გაანადგურებს უდიდეს ეკონომიკურ და ეკოლოგიურ შესაძლებლობებს, რომელთაც მსოფლიო სუფთა ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ მიიღებს“, – განაცხადა Climate Action-ის კამპანიის დირექტორმა მარჯი ალტმა.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ Willow-ის ნავთობისა და ბუნებრივი აირის პროექტის დამტკიცების გამო, გარემოს დამცველთა ექვსმა ჯგუფმა გასულ კვირაში სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. მათი მტკიცებით, პროექტი ზიანს აყენებს არქტიკულ თემებს, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ველურ ბუნებასა და კლიმატს.

ConocoPhillips-ის თქმით, შემცირებული გეგმა Willow-ისთვის „წინსვლის სიცოცხლისუნარიან გზას“ წარმოადგენს და კომპანია, პროექტის დამტკიცებისთანავე, მშენებლობის დასაწყებად მზად იყო. ცნობისთვის, Willow-ის პროექტის არეალი დაახლოებით 600 მილიონ ბარელ ნავთობს ინახავს, იმაზე მეტს, ვიდრე ამჟამად აშშ-ის „ნავთობის სტრატეგიულ რეზერვში“, ქვეყნის საგანგებო მარაგშია წარმოდგენილი.

მწვანე ინდუსტრიული რევოლუციის ლიდერობისთვის ევროკავშირმა გეგმები წარადგინა

გასულ კვირას ევროკომისიამ სტრატეგია წარადგინა, რომელიც 27 ქვეყნისგან შემდგან ბლოკს, ტექნოლოგიური და მწვანე ინდუსტრიების მიმართულებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან კონკურენციის გაწევაში დაეხმარება. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მიერ შემუშავებული „წმინდა ნულოვანი ინდუსტრიის აქტი“ და „დეფიციტური ნედლი მასალის აქტი“, ბლოკის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმის“ ნაწილია, რომლის მიზანიც ევროკავშირის მიერ ემისიების შემცირება და მწვანე ინდუსტრიულ რევოლუციაში ლიდერის პოზიციის მოპოვებაა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ათწლეულის ბოლოსთვის, მწვანე ტრანზიციაში განხორციელებული გლობალური ინვესტიციები, გასული წლის $1 ტრილიონთან შედარებით, გასამმაგდება. ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, ორგანიზაციის მთავარი მიზანი მომავლის მწვანე ინდუსტრიის ლიდერობაა. ევროკომისიის დადგენილი მიზნით, ორგანიზაციის მიერ მოხმარებული დეფიციტური ნედლი მასალის, მათ შორის ლითიუმის სპილენძისა და ნიკელის 10%, თავად ბლოკის ფარგლებში უნდა იქნას მოპოვებული, ხოლო 15% გადამუშავების შედეგად უნდა მიიღონ. აღნიშნული სამიზნე მაჩვენებელი კი 2030 წლისთვის საჭიროების 40%-მდე უნდა გაიზარდოს.

ევროკავშირის მწვანე ტრანზიციისთვის ნედლი მასალის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ჩინეთი ლითიუმის თითქმის 60%-ს ამუშავებს, მასალას, რომელიც ბატარეების წარმოების საკვანძო ელემენტია. კომისიის განცხადებით, ნებისმიერი ნედლეულის არაუმეტეს 65%-ისა სხვა ქვეყნიდან იქნება მიღებული. „ჩვენ არ ვართ რესურსებით მდიდარი დიდი კონტინენტი, რის გამოც ბევრი რესურსისთვის ევროპა ეყრდნობოდა მისი პარტნიორების მცირე რაოდენობას. თუმცა ეს არ არის სტაბილური და საიმედო გზა სამომავლო ინდუსტრიების განსავითარებლად, რისთვისაც სასწრაფოდ დივერსიფიკაცია გვჭირდება“, – განაცხადა დომბროვსკისმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრით, პანდემიის პერიოდში მიღებული „გაკვეთილი“ ევროკავშირმა თავიდან გამოცადა, როდესაც გააცნობიერა, რომ არსებითად მნიშვნელოვანი რესურსებისთვის ერთი მიმწოდებლის იმედზე არ უნდა იყოს. ევროკომისიისთვის ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავების გეგმებს „სტრატეგიული პროექტების“ მნიშვნელობა აქვს, რაც, ახალი გეგმით, მათ გამარტივებული ნებართვებით სარგებლობისა და ფინანსებზე წვდომის საშუალებას მისცემს. ვაჭრობის მხრივ ევროკავშირი მისი პარტნიორების გარემოცვის გაფართოებასაც შეეცდება, მათ შორის ავსტრალიასთან, კანადასთან და ჩილესთან თანამშრომლობით.

ევროკავშირის ახალი გეგმები 2030 წლისთვის „წმინდა ნულოვანი“ ტექნოლოგიებისთვის საჭირო პროდუქტების, მათ შორის მზის ენერგიის პანელების, მინიმუმ, 40%-ის წარმოებასაც ითვალისწინებს. ბლოკი ათწლეულის ბოლოსთვის კი, ევროკავშირის არსებული გეგმით, 50 მილიონი ტონა ნახშირბადის დაჭერასაც შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ნახშირბადის დაჭერის ტექნოლოგიის განვითარება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში ევროკავშირის უმთავრეს სამიზნეებს შორისაა.

Volkswagen- ელექტრომობილებში $193 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Volkswagen-ი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების განვითარების, მათ შორის ბატარეების წარმოების მიმართულებით $193 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ინვესტირება ჩრდილოეთ ამერიკასთან დაკავშირებულ გეგმებსაც შეეხება, თუმცა, ავტომწარმოებლის განცხადებით, ხარჯვის ტემპი 2025  წლიდან შემცირებას დაიწყებს.

ელექტრომობილების განვითარების მიმართულებით ინვესტირების გეგმა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა ელექტრომობილების პიონერ Tesla-სთან არსებული „უფსკრულის“ აღმოფხვრა განიზრახა. Volkswagen-ის მიზანი ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების ბაზარზე საკუთარი წილის ზრდაა და კომპანია გეგმავს კიდეც, რომ 2030 წლისთვის მისი გლობალური გაყიდვების 50%-ს EV-ები შეადგენდეს. ხუთწლიანი საინვესტიციო ბიუჯეტის ორი მესამედი ელექტრიფიკაციასა და დიგიტალიზაციაზე დაიხარჯება, როდესაც შარშანდელი გეგმით ამ მიმართულებისთვის მხოლოდ 56% იყო გამოყოფილი.

გეგმების შეცვლა პირველ რიგში ბატარეების ბიზნესში, ნედლ მასალასა და Scout-ის ბრენდის $2-მილიარდიან ქარხანაში გაზრდილი ინვესტიციებითაა განპირობებული. Volkswagen-ის მთავარი ფინანსური დირექტორის, არნო ანტლიცის განცხადებით, კომპანიის მოლოდინით, 2025 წლიდან ახალ გაყიდვებში ელექტრომობილების წილი 20%-ს მიაღწევს, თუმცა კომპანიას შიდაწვის ძრავებში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაც სჭირდება, რაც ავტომწარმოებლისთვის ორმაგი ტვირთია.

Volkswagen-ის ინფორმაციით, სრულდება მუშაობა მაღალეფექტიან პროგრამულ უზრუნველყოფაზეც ავტომწარმოებლების მდიდრული და პრემიუმ-ბრენდებისთვის. თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში Volkswagen-ი მის გამოყენებას, პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება Cariad-ში თავისი ოპერაციების გასაუმჯობესებლად, კომპანიის მასშტაბითაც გეგმავს.

ავტომწარმოებლის ბოლო გეგმით, ბატარეების ქარხნებისა და ნედლი მასალებისთვის 15 მილიარდი ევრო უნდა გამოყოფილიყო. საბჭოს წევრ თომას შმალის განცხადებით, Volkswagen-მა ევროპაში თავისი საჭიროებები სამი ქარხნით დაფარა, ამ ეტაპზე კომპანია დამატებითი ლოკაციის შერჩევას არ ჩქარობს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Volkswagen-მა კანადაში, თავისი პირველი ჩრდილოამერიკული ქარხნის მშენებლობაც დააანონსა, რომელიც წარმოებას 2027 წლიდან დაიწყებს.

ინგლისის უძველეს საკათედრო ტაძარზე მზის პანელები განთავსდება

მზარდ ენერგოხარჯებთან და კლიმატურ კრიზისთან გასამკლავებლად, ინგლისის ისტორიული ტაძარი განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადადის. ინგლისის ჩრდილოეთით, იორკის საკათედრო ტაძრის სახურავზე, უახლოეს პერიოდში მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება. იორკის საკრებულოს ნებართვით, ტაძრის სახურავზე 199 ფოტოვოლტური პანელი განთავსდება, რომლებიც 75,000 კვტ/საათის გამომუშავებას შეძლებს – ეს კი გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები საშუალო ზომის ოცდახუთი ოჯახის საჭირო ელექტროენერგიით მომარაგებას ნიშნავს.

South Quire Aisle-ი 1361 წლით თარიღდება, რის გამოც ტაძრის სახურავზე მზის პანელები დიდი სიფრთხილით განთავსდება. პანელების მიერ გამომუშავებული დამატებითი ენერგია მიწისქვეშა ბატარეებში შეინახება და კათედრალის საღამოს მსახურებისა და სხვადასხვა ღონისძიებისას იქნება გამოყენებული. გოტიკური სტილის შუა საუკუნეების ტაძარი გაერთიანებულ სამეფოში, იორკის ცენტრში მდებარეობს.

იორკის საკათედრო ტაძრის დეკარბონიზაცია ინგლისის ეკლესიის გეგმების ნაწილია, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევაა. „ამჟამად ტაძრის მომავლისთვის ყველაზე დიდი გარე საფრთხე სწორედ კლიმატური ცვლილებებია, რასაც ექსტრემალური მეტეოროლოგიური პირობები ახლავს თან. იორკის საკათედრო ტაძარი ქმნის პრეცედენტს, რომელიც სამაგალითო უნდა გახდეს სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის“, – განაცხადა South Quire Aisle-ის წარმომადგენელმა.

ტაძარზე მზის ენერგიის პანელების განთავსება ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქის 15-წლიანი გეგმის ნაწილიცაა, რომელიც ქალაქს კლიმატურად უფრო მდგრადს გახდის. აღსანიშნავია ისიც, რომ „იორკი“ სულაც არაა პირველი კათედრალი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მზის პანელები დაამონტაჟეს. ინგლისის ეკლესიის „გარემოსდაცვითი პროგრამის“ ფარგლებში, PV-პანელები 2016 წელს გლოსტერის, ხოლო 2020 წელს სოლსბერის ტაძრების სახურავზე განთავსდა. მიმდინარე წლის დასაწყისში მზის პანელები განლაგდა ჩესტერის ტაძრის სახურავზეც – პანელები შენობის ენერგომოთხოვნილების 25%-ს დააკმაყოფილებს. გასულ თვეში სამლოცველოს სახურავზე მზის პანელების დამონტაჟების უფლება მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტის „კინგს კოლეჯმა“.

გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს გარეთ კი, ნახშირბადის გამონაბოლქვისა და ხარჯების შემცირების მიზნით, მზის პანელებზე გადასვლა უკვე დაიწყო სამხრეთ იტალიის უძველესმა ქალაქმა პომპეიმ. მიმდინარე წლის დასაწყისში დამონტაჟებული, ტერაკოტის ფილების მსგავსი პანელები და თანხვდენილია რომაულ ნანგრევებთან, რომელიც ვულკანი ვეზუვის 79 წლის ამოფრქვევის შედეგია. ვატიკანი კი მზის ენერგიას 2008 წლიდან გამოიმუშავებს. პანელები დამონტაჟებულია პავლე VI-ის აუდიენციის დარბაზის სახურავზე და ყოველწლიურად 100 სახლისთვის საკმარის, 300,0,000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს.

Nike 2023 წელს ფეხსაცმელებისთვის კენგურუს ტყავის გამოყენებას შეწყვეტს

Nike-მა მიმდინარე წელს ფეხსაცმელების წარმოებისთვის კენგურუს ტყავის გამოყენების შეწყვეტა დააანონსა მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ მისმა გერმანელმა კონკურენტმა Puma-მ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, სპორტული ბრენდები წყვეტენ პრაქტიკას, რომელმაც როგორც გარემოს დამცველების, ასევე მათი მომხმარებლების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

სპორტული ტანისამოსისა და ფეხსაცმლის გიგანტ Nike-ის განცხადებით, უახლოეს მომავალში Tiempo-ს საფეხბურთო ბუცების ახალი ხაზის, Tiempo Legend Elite-ი დებიუტი იგეგმება, რომელიც კენგურუს ტყავის ჩამნაცვლებელი, შესაბამისი სინთეტიკური მასალით დამზადდება. კენგურუს ტყავი არ იქნება გამოყენებული Tiempo Premier-ის საფეხბურთო ბუცების ხაზში, რომელიც 2023 წლის ზაფხულში გამოვა. ბრენდის ცნობით, კომპანიამ კენგურუს ტყავის მის ერთადერთ მიმწოდებელთან პარტნიორობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაასრულა.

Nike-ისა და Puma-ს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ცხოველთა დაცვის აქტივისტებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია, მოუწოდებენ კომპანიებს, უარი თქვან არაეთიკურ პრაქტიკებზე. „Nike-ის განცხადება სეისმური მოვლენაა ველური ბუნების დაცვის მიმართულებით, ბიძგებს კი მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ავსტრალია იგრძნობს, სადაც კენგურუების მასობრივი კომერციული ხოცვა მიმდინარეობს“, – განაცხადა უეინ პეშლიმ, „ჰუმანური ეკონომიკის ცენტრის“ პრეზიდენტმა.

ჯგუფი სათავეში ჩაუდგა კამპანიას, სახელწოდებით „კენგურუები ფეხსაცმელები არ არიან“, რომელიც მან 2020 წელს დააარსა და მთავარი როლი შეასრულა კენგურუს პროდუქტების იმპორტისა და გაყიდვის აკრძალვისთვის კანონმდებლობის შემუშავებაში. აქტივისტების გარდა, ტანსაცმლის კომპანიებს მეტი მდგრადობისკენ ახალგაზრდა თაობაც აქტიურად მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ კენგურუების ტყავისა თუ ბეწვისგან დამზადებული პროდუქტების გაყიდვა და იმპორტი 1971 წლიდან კალიფორნიის შტატში იკრძალება. უკანასკნელ წლებში ცხოველის ბეწვის გამოყენება თავიანთ კოლექციებში აკრძალეს მოდის წამყვანმა კომპანიებმა, მათ შორის Gucci-ს მფლობელმა Kering-მა და იტალიურმა Prada-მ.

ბრიტანეთი განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის £205 მილიონის აუქციონს აცხადებს

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, აუქციონის შემდეგი რაუნდი, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისებისთვის გამოცხადდება, £205 მილიონის ($247 მილიონი) მოცულობის იქნება.

ბრიტანეთის მთავრობის ამბიციური მიზნები ქვეყანაში ქარის ენერგიის მნიშვნელოვნად ზრდას უკავშირდება. ბრიტანეთს 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევა სურს, ამის პარალელურად კი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებასაც აქტიურად ცდილობს.

„განახლებად ენერგიაში ინვესტიციები ქვეყანას ისეთი მოვლენების გავლენის შემცირებაში დაეხმარება, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე წარმართული უკანონო ომი. გაერთიანებულ სამეფოს კი სურს, ჰქონდეს ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი საბითუმო ფასები ევროპაში“, – აღნიშნა ენერგეტიკის უსაფრთხოების მინისტრმა გრემ სტიუარტმა განცხადებაში.

ბრიტანეთის მიერ დაანონსებული აუქციონი Contracts for Difference-ის (CfD) აუქციონების რიგით მეხუთე რაუნდი იქნება, რომელიც განახლებადი ენერგიის ახალი პროექტებისთვის დაინტერესებულ პირებს გარანტირებულ ფასს შესთავაზებს. აუქციონზე განაცხადის გაკეთება მიმდინარე თვიდან იქნება შესაძლებელი, შედეგები კი სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ აუქციონი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბიუჯეტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დაანონსდა. გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოცხადებული ბიუჯეტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ განახლებადი პროექტის დეველოპერები, რომლებიც „ელექტროენერგიის გენერატორის გადასახადში“ (EGL) ცვლილებებს ითხოვდნენ. EGL-ი მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში ენერგიის მაღალ ფასებთან საბრძოლველად განახორციელა და, ინდუსტრიის შეფასებით, დე ფაქტო, გაუთვალისწინებელ გადასახადს წარმოადგენს.

ცვლილებები არ დაანონსებულა, თუმცა, მთავრობის ინფორმაციით, ენერგოუსაფრთხოების მხარდაჭერის ზომები მარტის ბოლოსკენ გამოცხადდება.