უდიდესი თავდაცვის ბიუჯეტის მქონე ქვეყნები

უდიდესი თავდაცვის ბიუჯეტის მქონე ქვეყნები

ფოტო: REUTERS/Adnan Abidi

 

2025 წელს გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და კოლექტიურად რეკორდული $2.6 ტრილიონი შეადგინა. აქედან მხოლოდ 15-მა წამყვანმა სახელმწიფომ თავდაცვისთვის $2 ტრილიონზე მეტი გამოყო, რაც ბოლო პერიოდში მსოფლიოს გეოპოლიტიკური პრიორიტეტების მკვეთრ ცვლილებებს უკავშირდება და, შესაბამისად, ქვეყნების მხრიდან შეიარაღებაზე რესურსების ზრდაში აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ბიუჯეტების ყველაზე დიდი ზრდა ევროპის ქვეყნებში მივიღეთ, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთპიროვნულ ლიდერად რჩება. ევროპული სახელმწიფოები მხოლოდ არსებული სამხედრო პოტენციალის შენარჩუნებით აღარ შემოიფარგლნენ  და საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაფართოებაზე გადავიდნენ.

Visual Capitalist-მა უდიდესი თავდაცვის ბიუჯეტის მქონე ქვეყნების რეიტინგი სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლინა. ამ მონაცემების თანახმად, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტმა 2025 წელს $921 მილიარდს მიაღწია, რაც ჩინეთის, რუსეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, საუდის არაბეთის, საფრანგეთისა და იაპონიის ერთად აღებულ სამხედრო ხარჯებს აღემატება.

2027 წლისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის ხარჯების $1.5 ტრილიონამდე ზრდის წინადადებითაც გამოვიდა. თუ ეს გეგმა დამტკიცდა, ქვეყნის სამხედრო ხარჯები რეალურ მაჩვენებლებში „ცივი ომის“ პიკზე არსებულ ბიუჯეტსაც კი 90%-ით გადააჭარბებს.

პარალელურად, ჩინეთი $251.3 მილიარდით, თავდაცვის ხარჯებით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის წილი აზიის საერთო თავდაცვის ხარჯებში 2017 წლის 39%-დან 2025 წლისთვის 44%-მდე გაიზარდა. ეს ტენდენცია ნათლად მიუთითებს ჩინეთის ამბიციებზე, გააფართოოს საკუთრი გავლენა რეგიონში და გააძლიეროს თავისი სამხედრო შესაძლებლობები.

2025 წელს რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტმა $186.2 მილიარდს მიაღწია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.3%-ია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ერთ წელიწადში ხარჯები $40 მილიარდზე მეტით გაიზარდა, 2026 წლისთვის, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პირველი კლებაა მოსალოდნელი. რუსეთი მზარდი დეფიციტისა და ეკონომიკური ზეწოლის წინაშე დგას, რასაც ნაწილობრივ ნავთობზე მაღალი ფასები აკომპენსირებს.

პარალელურად კი, სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომისა და აშშ-სგან მოწოდებების ფონზე, ნატო-ს ევროპულმა წევრებმა 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 3.5%-ის გამოყოფის ვალდებულება აიღეს. გამოდის, რომ ალიანსის წევრი ევროპული ქვეყნები 2035 წლისთვის თავდაცვაზე დაახლოებით $1.2 ტრილიონს დახარჯავენ, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო გაძლიერებაა.

უდიდესი თავდაცვის ბიუჯეტის მქონე ქვეყნების რეიტინგი:

ქვეყანა2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტი
1 აშშ$921 მილიარდი
2 ჩინეთი$251.3 მილიარდი
3 რუსეთი$186.2 მილიარდი
4 გერმანია$107.3 მილიარდი
5 გაერთიანებული სამეფო$94.3 მილიარდი
6 ინდოეთი$78.3 მილიარდი
7 საუდის არაბეთი$72.5 მილიარდი
8 საფრანგეთი$70.0 მილიარდი
9 იაპონია$58.9 მილიარდი
10 უკრაინა$44.4 მილიარდი
11 სამხრეთი კორეა$43.8 მილიარდი
12 იტალია$40.1 მილიარდი
13 ისრაელი$39.7 მილიარდი
14 ავსტრალია$37.3 მილიარდი
15 პოლონეთი$33.2 მილიარდი