ფოტო: playbigger.com
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Alphabet-მა, 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. წლის პირველი სამი თვის შედეგებით, კომპანიის შემოსავალმა ანალიტიკოსთა პროგნოზებს გადააჭარბა, რაც დიდწილად მისი cloud-ტექნოლოგიების ბიზნესის სწრაფი ზრდით იყო განპირობებული.
2026 წლის პირველ კვარტალში Alphabet-ის შემოსავალმა $109.9 მილიარდს მიაღწია, ანალიტიკოსები კი ამ პერიოდში $107.2 მილიარდის მიღებას ვარაუდობდნენ. შემოსავლების კვარტალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20% შეადგინა, რაც 2022 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. მოგება თითო აქციაზე $2.62-ს გაუტოლდა, რითაც მცირედით ჩამორჩა ანალიტიკოსების $2.63-იან ვარაუდებს.
StreetAccount-ის მონაცემებით, იმავე პერიოდში Alphabet-მა Google Cloud-ის მზარდი ბიზნესიდან $20.3 მილიარდის შემოსავალი (წლიურად 63%-იანი ზრდა) მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პროგნოზირებულ $18.05 მილიარდს. YouTube-ის სარეკლამო ბიზნესის შემოსავალმა კი $9.88 მილიარდი შეადგინა.
2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებისას, Alphabet-ის CEO-მ, სუნდარ პიჩაიმ ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ „ისტორიაში პირველად, გასულ კვარტალში cloud-სერვისების ზრდის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად AI-მიმართულებით მიღებული ბიზნესგადაწყვეტილებები იქცა”. პიჩაის თქმითვე, Gemini Enterprise-ის გადამხდელი აქტიური მომხმარებლების ყოველთვიური რაოდენობა, წინა კვარტალთან შედარებით, 40%-ით გაიზარდა.
Alphabet-მა 2026 წლის კაპიტალური დანახარჯებიც გაზარდა — ადრინდელი $175-$185 მილიარდიდან, $180-$190 მილიარდამდე. მხოლოდ ამ კვარტალში Alphabet-მა უძრავ ქონებაზე, სერვერებსა და მონაცემთა ცენტრებზე $35.7 მილიარდი დახარჯა. ამასთან ერთად კი, დეკემბერში $4.75 მილიარდად მონაცემთა ცენტრების კომპანია Intersect-ის შეძენა დააანონსა.













