Meta-ს აქციების ფასი 7%-ით დაეცა | მომხმარებელთა ზრდის შენელებამ ინვესტორები დააფრთხო

Meta-ს აქციების ფასი 7%-ით დაეცა | მომხმარებელთა ზრდის შენელებამ ინვესტორები დააფრთხო

ფოტო: Igor Golovniov/SOPA Images/LightRocket via Getty Images

 

ოთხშაბათს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Meta-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 7%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მომხმარებელთა ზრდის ტემპის შენელებასა და კვარტალური დანახარჯების პროგნოზის ცვლილებაზე განაცხადა. ამის მიუხედავად, 2026 წლის პირველ კვარტალში მარკ ცუკერბერგის კომპანიამ $56.31 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რითაც ანალიტიკოსების $55.45-მილიარდიან პროგნოზს მცირედით გადააჭარბა.

შედეგად, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის კვარტალური შემოსავალი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის შემდეგ ზრდის ყველაზე მაღალი ტემპია. მოგებამ თითო აქციაზე $7.31 შეადგინა, ნაცვლად ანალიტიკოსების ნავარაუდები $6.79-ისა. ხოლო Meta-ს წმინდა მოგება, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, გასული წლის $16.6 მილიარდიდან $26.8 მილიარდამდე გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, კომპანიამ პირველად დააფიქსირა დღიური აქტიური მომხმარებლების კლება. 2026 წლის პირველ კვარტალში Meta-ს დღიურ აქტიურ მომხმარებელთა რიცხვმა 3.56 მილიარდს მიაღწია — რაც გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით 4%-იანი ზრდაა, თუმცა 2025 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 5%-იანი კლებაა. Meta-მ კლების მიზეზად ირანის ომი და რუსეთში WhatsApp-ის წვდომაზე დაწესებული შეზღუდვები დაასახელა.

პარალელურად, Meta აგრძელებს ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას. კომპანიამ 2026 წლისთვის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი $125-$145 მილიარდამდე გაზარდა, რაც დიდწილად კომპონენტების გაძვირებისა და მონაცემთა ცენტრების მშენებლობის მზარდი ხარჯების დამსახურებაა. დამატებით, ამ თვის დასაწყისში ამერიკულმა კომპანიამ Muse Spark-იც წარადგინა, რომელიც Meta-ს პირველი საკუთარი წარმოების საბაზისო AI-მოდელია.