იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური ჟესტია, მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ჩასვლიდან და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან ამ უკანასკნელი შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.
ვიზიტის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიშიდა აპირებს ზელენსკისთან შეხვედრის დროს გამოხატოს თავისი „პატივისცემა უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის მიმართ, რომელიც დგას სამშობლოს სადარაჯოზე“.
როგორც G7 ჯგუფის თავმჯდომარე, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ასევე აპირებს გამოხატოს გაერთიანების „სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ორშაბათს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვს პირველად ეწვია. ის შეხვდა ვლადიმირ პუტინს და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირზე ისაუბრა, პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე.