გერმანია მომავალ წელს ჰოლოკოსტს გადარჩენილთათვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ, დამატებით $1.4 მილიარდის გამოყოფას დათანხმდა. ფინანსური სახსრები, პირველ ყოვლისა, მოხუცთა მოვლისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფას მოხმარდება. ამის შესახებ სპეციალურად შექმნილმა ორგანიზაციამ, „კონფერენცია ებრაული მატერიალური პრეტენზიების შესახებ გერმანიის წინააღმდეგ“, განაცხადა.
ცნობისთვის, ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია ნაცისტური გერმანიის დროს დაზარალებული ებრაელების რესტიტუციისა და კომპენსაციის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მან ჰოლოკოსტს გადარჩენილთათვის დამატებითი თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გერმანიის ფინანსთა სამინისტროსთან აწარმოვა.
როგორც ცნობილია, თანხების უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 888 მილიონი აშშ დოლარი, გადარჩენილთათვის სახლის მოვლის სერვისების უზრუნველყოფას, მათ შორის 105.2 მილიონი აშშ დოლარი, ასაკოვანი ჯგუფის „გაზრდილი საჭიროებების“ აღმოსაფხვრელად დაიხარჯება.
ყოველწლიური გადახდების პროგრამა, ახალი დაფინანსების წყალობით, 2027 წლამდე გაგრძელდება, რომლითაც ჰოლოკოსტს გადარჩენილი 128,000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. ორგანიზაციის ცნობით, დაფინანსება 2024 წლისთვის ერთი ადამიანისთვის დაახლოებით $1,356-ის, 2025 წლისთვის – $1,411-ის, 2026 წლისთვის – $1,465-ის, 2027 წლისთვის კი $1,519-ის გადახდას ითვალისწინებს.