ახალი საფეხური

ახალი საფეხური

ნინა კობახიძე საჯარო სამსახურს ტოვებს და ისევ სადაზღვევო ბიზნესს უბრუნდება. ბაზარს, სადაც მსხვილი მოთამაშეებიც ცოტაა და მთლიანი გაყიდული პრემიის ყველაზე დიდი წილი – 79% – მხოლოდ სამი სადაზღვევო პროდუქტის სახეობებზე ნაწილდება. ახალ კომპანიას ზურგს უმსხვილესი ამერიკელი და ქართველი პარტნიორები უმაგრებენ.

დღეს უკვე მსხვილი კომპანიის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის პოზიციაზე მყოფს სჯერა, რომ ამით ქვეყნის ეკონომიკურ და ზოგადად, უსაფრთხოებაში წვლილი შეაქვს. ნინა კობახიძის ფილოსოფია მარტივია: როდესაც შენს ქვეყანაში ბევრი მსხვილი, საერთაშორისოდ აღიარებული ბაზრის მოთამაშეა წარმოდგენილი, მტერიც და მეზობელიც დაფიქრდება, ღირს თუ არა კონფრონტაცია – არა პატარა ქვეყანასთან, არამედ ყველასთან, ვისი ინტერესიც ამ პატარა ქვეყანასთან იკვეთება.

ინტერესის გადაკვეთისთვის კი დიდი პოტენციალი ჩანს. ამაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს: 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში მთლიანი მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობა 360 მილიონი ლარია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1.1%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც განვითარებული ქვეყნების (8.7%), ისე განვითარებადი ქვეყნების იმავე ნიშნულს (2.8%). “ეს, ერთი მხრივ, ბაზრის დაბალ განვითარებაზე, მაგრამ მეორე მხრივ, განვითარების იმ დიდ პოტენციალზე მიუთითებს, რომელიც ასათვისებელია”, – ამბობს ნინა კობახიძე.

მართლაც, ისევ 2015 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, მთლიანი გაყიდული პრემიის ყველაზე დიდი წილი – 79% – მხოლოდ სამი სადაზღვევო პროდუქტის სახეობებზე ნაწილდება (სამედიცინო ანუ ჯანმრთელობის დაზღვევა, ქონების დაზღვევა და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა), სხვა სადაზღვევო პროდუქტების წილი კი ძალიან მცირეა. მეორე მხრივ, საქართველოში ბოლო წლების მანძილზე სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ მოზიდული ჯამური პრემია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს შეადგენს და ეს ტენდენცია მზარდია.

ნინა კობახიძე ბიზნესში Global Benefits Georgia-სთან ერთად დაბრუნდება – ბაზარზე, სადაც დღეს არსებული 14 კომპანიიდან ბაზრის გამოკვეთილი ლიდერი მხოლოდ სამია და მათი მთლიანი წილი ბაზარზე 58%-ს შეადგენს.

სადაზღვევო სფეროებში კომპანიისთვის პრიორიტეტული მიმართულებებისა და დაზღვევის სფეროს განვითარების პროგნოზების დასადგენად ჩატარებული სპეციალური მარკეტინგული კვლევა აჩვენებს, რომ Global Benefits Georgia განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს მომხმარებელთა მაღალი დონის მომსახურებისა და ანაზღაურების მარტივი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის შემუშავებაზე, ხოლო პროდუქტების რეალიზაციისთვის გამოიყენებს ყველა არსებულ არხს – პირდაპირს, საცალოს, ელექტრონულსა და საშუამავლო/ საბროკეროს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ნინა კობახიძის კომპანია, თავის ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აპირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი ხელწერის შემოტანას – ეს იქნება ინოვაციური პროდუქტები და მოქნილი, ინდივიდუალური მიდგომა პარტნიორებთან.

ბიზნესში დაბრუნების შესაძლებლობა რომ გამოჩნდა, ნინა კობახიძეს ბევრი არ უფიქრია, ისე გადაწყვიტა კერძო სექტორში დაბრუნება. იმიტომ კი არა, რომ საჯარო სამსახური მობეზრდა ან საკუთარი თავი ამოწურა, უფრო იმიტომ, რომ, როგორც თავად ამბობს, ოცნების ახდენის შანსი გაუჩნდა. ეს მისთვის ახალი საფეხურია. “წარმოიდგინე, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ მეკეთებინა, რა გეგმების განხორციელების სურვილიც მქონდა და ყოველთვის სხვებს ვუმტკიცებდი, რა მიმაჩნდა განვითარების სწორ გზად და ხან ვარწმუნებდი, ხანაც – ვერა, უცებ, სწორედ ამ ყველაფრის განხორციელების შესაძლებლობა მეძლევა”, – ამბობს ნინა კობახიძე და ვგრძნობ, როგორ ცდილობს, ბოლომდე გადმომცეს ის ემოცია, რაც თვითონ აქვს – მოულოდნელ, თუმცა უკვე კარგად გააზრებულ გადაწყვეტილებას რომ ახლავს თან, დამარწმუნებელი არგუმენტებით გაჯერებული მსუბუქი ღელვით, რომელიც ხშირად გვაიძულებს, რისკზე წავიდეთ საკუთარი ძალების კიდევ ერთხელ მოსინჯვისა და დაგროვილი იდეების ხელშესახებ პროდუქტად გადაქცევის მიზნით. რისკების მართვა ნინას საქმეა. 22 წლის იყო, პირველად რომ შეეხო სადაზღვევო ბიზნესს. ამ დროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი უკვე დამთავრებული ჰქონდა და სორბონაში სწავლაც მოესწრო. 2003 წელს გასაუბრება გაიარა კომპანიაში, რომელიც ეგონა, რომ ბენზინს აწარმოებდა, რადგან კომპანიის აბრევიატურამ სწორედ ასეთი ასოციაცია გაუჩინა. “სადაზღვევო კომპანია ყოფილა”, – ფართო ღიმილით იხსენებს, როცა დღეს უკვე ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ პროფესიონალად ითვლება და მიყვება, იმხანად როგორ თქვა უარი სასაცილო ხელფასის ფასად სორბონაში სწავლის გაგრძელებაზე.

მისი პირველი სამსახური და პირველი შეხება სადაზღვევო ბიზნესთან გაყიდვების მენეჯერის პოზიციით დაიწყო. რვა წლის განმავლობაში კარიერული კიბის საფეხურები ბევრჯერ შეიცვალა და 20-კაციანი კომპანია 1000-მდე რომ გაიზარდა, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდატოვა მაშინ, როცა უკვე რეგიონალური ქსელის მართვა ებარა.

სამსახურის შეცვლისკენ მაშინაც ახალმა შესაძლებლობამ უბიძგა.

2011 წელს საქართველოს ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი Gras Savoye დაინტერესდა. როგორც ნინა მიხსნის, ბაზარზე იმ დროს ორი მსხვილი მოთამაშე იყო და პოზიციების გასამაგრებლად გამოცდილი საერთაშორისო პარტნიორი ორივეს ჰაერივით სჭირდებოდა. Gras Savoye-ს უნდა გადაეწყვიტა, ამ ორიდან რომელ ჯგუფთან გააგრძელებდა თანამშრომლობას.

ორივე კომპანიასთან ერთი და იგივე პასუხი მივიდა. ოფიციალურად გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ Gras Savoye-ს პარტნიორი ნინა კობახიძეს შეეძლო, აერჩია. მსოფლიოში ცნობილი, მსხვილი საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერისთვის მთავარი იყო, ნინასთან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდა. “ეს ძალიან საამაყო იყო”, – ამბობს ნინა და ძნელია, არ დაეთანხმო.

მაშინ პირველად აღიქვა, რომ აღიარებული ფრანგული კომპანიის ოფიციალური პარტნიორი გახდა – ევროპაში პირველი კომპანიის ქართული ფილიალის დამფუძნებელი და დირექტორი. “მივდიოდი იმ ბიზნესში, რომელიც ზუსტად ჩემთან იყო კავშირში – დაზღვევასა და დაზღვევის კონსულტირებას ეხებოდა”. – ასე დატოვა ნინამ სამსახური პირველ კომპანიაში და, უკვე დამფუძნებლის სტატუსით, ახალ გამოწვევას შეეჭიდა. ძველი სამსახურიდან კოლეგებისა და თანამშრომლების ნაწილი მას გამოჰყვა და დღეს ისინი კიდევ უფრო ძლიერ კომპანიაში მუშაობენ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, “გრას სავუა ჯორჯია” Willis Towers Watson-მა შეიძინა – მსოფლიოს წამყვანმა საბროკერო და საკონსულტაციო კომპანიამ, რომელსაც 120-ზე მეტ ქვეყანაში 39 ათასზე მეტი კლიენტი ჰყავს. ეს კომპანიაც საქართველოში პრაქტიკულად ნინა კობახიძემ შემოიყვანა, რომელიც კომპანიის დამფუძნებლად კი დარჩა, თუმცა, საჯარო სამსახურში ბედის ცდის გამო, აქტიურ მართვას ჩამოშორდა.

როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროებით.

ნინას ბიოგრაფიის 2012 წლის შემდგომი პერიოდიც იმას ამტკიცებს, რომ სადაზღვევო ბაზრით დაინტერესების შემდეგ ერთხელაც არ ყოფილა მომენტი, მას თავი ბიზნესპერსონად არ ეგრძნო. მეტიც, საჯარო სამსახურშიც, რასაც ხელი მოჰკიდა, ყველაფერი ბიზნესპრინციპებს მოარგო. მას შემდეგ, რაც იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინადადება – საკუთარი ძალები საჯარო სამსახურშიც მოესინჯა – მიიღო, ნინა კობახიძემ მომსახურების სააგენტოს გამართვაზე აიღო პასუხისმგებლობა. “თავისი არსით ეს ბიზნესსტრუქტურაა. მომსახურების გაწევა უნდა შეეძლოს”, – ამბობს ნინა და თავისი მუშაობის შედეგებით კმაყოფილია: “ზუსტად სამ თვეში განვახორციელეთ ხუთწლიანი პროგრამა”. მთავარ მიღწევად თვლის ცნობების გაცემის გამარტივებული ელექტრონული სისტემის დანერგვას, მანქანის ახალ სანომრე ნიშნებს და მართვის ახალ საგამოცდო ტესტებს: “ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი იმას, რომ მართვის გამოცდა რეალურად ქუჩაში უნდა ჩატარდეს”. ეს პროექტი განხორციელებას უკვე ნინას გარეშე დაიწყებს.

მომსახურების სააგენტოდან ნინა კობახიძე მთავრობის კანცელარიაში აღმოჩნდა, რადგან მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრობას დათანხმდა და ნინაც თან წაიყვანა. “მე ჩამაბარეს მთელი პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ევროპული მოდელის აწყობა, ასევე მისი ვიზიტების მართვა, მისი საპროტოკოლო საქმიანობის კოორდინირება, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები, დონორებთან კოორდინაციის მიმართულება. მოკლე პერიოდში მისი საიმიჯო პიარის მიმართულებასაც ვკურირებდი, თუმცა მერე უკვე შეუძლებელი იყო ამ ყველაფრის მართვა, ამდენი ფუნქციისა და როლის შეთავსება”, – იხსენებს Forbes Georgia-ს თებერვლის ნომრის გამოსვლისდროისთვის, უკვე ოფიციალურად, ისევ ბიზნესში გადანაცვლებული ნინა კობახიძე.

პირველი დიდი შთაბეჭდილება მასზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტმა მოახდინა. დღესაც დეტალებში ახსოვს, როგორ შეხვდა ბარაკ ობამას და როცა ჰყვება, განახლებული ემოციებისგან ხმა ალაგ-ალაგ ეცვლება: “გამართლებაა, აბა რა არის. მივდივარ პირველად კანცელარიაში, ვკითხულობ, სად მივდივართ და ჩემი პირველი ოფიციალური შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან უნდა შედგეს”.

მუშაობა საქართველოს ორ პრემიერთან მოუწია. ფიქრობს, რომ დიდი გამოცდილება მიიღო და დაკისრებულ მოვალეობებს თავი აქაც წარმატებით გაართვა: “ზუსტად ერთ წელიწადში მივაღწიეთ ისეთ შედეგს, რომ მახსოვს, ევროკავშირის ელჩმა მადლობის წერილი მოგვწერა”. ერთადერთი, რაზეც გული სწყდება, ის არის, რომ ელექტრონული მმართველობის რეფორმის დასრულება ვერ მოასწრო: “იმედი მაქვს, ბოლომდე მიიყვანენ. მეტი კოორდინაცია და ნაკლები ბიუროკრატიაა საჭირო, როცა დოკუმენტების მიმოცვლა ხდება”, – ამბობს ნინა. თუმცა, როცა გიორგი კვირიკაშვილთან თავის ბოლო საუბარს იხსენებს, ერთი ფრაზა -“შენი დრაივი ძალიან მოუხდება ამ სექტორს” -მას მოტივაციას მატებს, სადაზღვევო ბაზარს დაუბრუნდეს როგორც ბიზნესის პარტნიორი და წარმატების დამცველი.

საჯარო სამსახურში მუშაობას აჯამებს როგორც მისთვის მიცემულ შესაძლებლობას, ისეთი საქმეები ეკეთებინა, რაც მომავალში ქვეყანას აუცილებლად გამოადგება. მათ შორის ნინა განსაკუთრებით გამოყოფს ორს: სოლიდარობის ფონდს და განათლების საერთაშორისო ცენტრს. ორივე სტრუქტურის განვითარებას ისევ ბიზნესალღოთი მიუდგა.

ამ დრომდე ასეთი შედეგებია:

სოლიდარობის ფონდი: მობილიზებული 9 მილიონი, ჩართული 40 კომპანია, 60 000 საჯარო მოხელე, დაფინანსებული 356 ბავშვი. “იცი, რომ თუ გაგიჭირდა და სხვა გზა არ არის, სახელმწიფო შენ გვერდითაა”, – ესაა ამ ფონდის მთავარი ფილოსოფია ნინა კობახიძისთვის.

განახლებული განათლების საერთაშორისო ცენტრი: დაფინანსებული 300 სტუდენტი. “ვხუმრობ ხოლმე, რომ ეს ცენტრი ჩემთვის განვაახლე. ახლა, როცა უკვე ბიზნესში ახალი კადრები დამჭირდება, აუცილებლად ვისარგებლებ ამ რესურსით”, – ამბობს ნინა კობახიძე. ბიზნესში დაბრუნება მის ცხოვრებაში ახალი გამოწვევა იქნება. Forbes Georgia-სთან საუბრისას აღიარებს, რომ პირველი სიგნალი, რამაც ისევ ბიზნესისკენ თვალის გაპარება აიძულა, “ვილისის” მიერ Gras Savoye-ს შეძენა იყო.

ბიზნესში დაბრუნების გადაწყვეტილება კი საბოლოოდ იმან გაამყარა, რომ ამერიკულ ჯგუფთან – “გლობალ ბენეფიტთან” მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამასთან, ახალგამოკვეთილი მოთამაშის პოტენციალით ადგილობრივი ბაზრის ლიდერი – GIG-იც დაინტერესდა.

ამერიკული კომპანია GBGI – დამოუკიდებელი საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიაა, 36-წლიანი გამოცდილებით, რომლის საქმიანობა გახლავთ ჯანმრთელობის, სიცოცხლის, მოგზაურობისა და განსაკუთრებული რისკის შემცველი სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება და გადაზღვევა როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორაციული კლიენტებისთვის. სათავო ოფისი ამერიკაში აქვს, კალიფორნიის შტატში. რეგიონული წარმომადგენლობები ფუნქციონირებს 11 სხვადასხვა ლოკაციაზე: ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებზე.

“ამერიკას თუ ელაპარაკები, მსხვილი ქართველი პარტნიორიც უნდა გყავდეს”, – ასე მოკლედ და მარტივად მიხსნის ნინა კობახიძე მსხვილი ბიზნესგარიგებების ლოგიკას. არც აქ აქვს სუსტი წერტილი. დათო ბეჟუაშვილის მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფი – GIG – ახალი წამოწყების ქართველი პარტნიორია. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, როგორც მსხვილი დამსაქმებელი 3000-ზე მეტი თანამშრომლით და როგორც ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესკომპანია – კომბინირებული წლიური ბრუნვა ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს. ნინა კობახიძის წამოწყება 20-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიაში მაშინვე ჩაეწერა, რადგან მზარდი და მაღალი ეფექტიანობის მისაღწევად, GIG მუდმივად ცდილობს ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან, ეკონომიკურად გამართლებულ და მაღალი პროდუქტიულობის მქონე პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას.

“ძლიერ ადგილობრივ მოთამაშეებს და განსაკუთრებით, საერთაშორისო მსხვილ კომპანიებს მე, პირველ რიგში, ვუყურებ არა როგორც ინვესტიციის შემომტანებს, არამედ როგორც ინვესტიციების მაკოორდინირებლებს და გამტარებს – ანუ ჩვენ შეგვიძლია ასეთი კომპანიები გამოვიყენოთ ქვეყანაში, როგორც კონტაქტები კიდევ სხვა ახალ ინვესტორებთან”, – ამბობს ნინა კობახიძე, რომელსაც ბიზნესკონტაქტების წარმატებით გამოყენების მაგალითები ნამდვილად დაუგროვდა.

ამ ჯერზეც წაუგებელი სამკუთხედი შეკრა: საქართველოს ბაზარზე გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბროკერულმა კომპანიამ შეიძინა; ამერიკელი პარტნიორი, რომელიც მალე IPO-ზე გასვლას აპირებს და ქართული ჯგუფი, რომელიც რისკების გადაზღვევის მიმართულებით ლიდერია.

ბაზრის ახალ მოთამაშესა და მის გენერალურ დირექტორს ამბიციური მიზნები აქვთ. კორპორაციული სეგმენტისთვის სამედიცინო სადაზღვევო საქმიანობას დედა კომპანიის Global Benefits Group-ის მიერ შემუშავებული საერთაშორისო პროდუქტებისა და სერვისების იდენტურად, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” განახორციელებს. მისი მეშვეობით, ქართული ბაზრისთვის ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების ყველა პროდუქტი, რის შეთავაზებაც Global Benefits Group-ს შეუძლია, რაც მოკლედ ალბათ ასე გამოითქმის: გლობალური მხარდაჭერა – უნივერსალური ჯანმრთელობის დაზღვევა.

პარალელურად, ყოველი ცალკეული ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე, Global Benefits Georgia განახორციელებს რისკების მართვისა სადაზღვევო საქმიანობას, რაშიც სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება არ შედის.

“ცოტა რთული იქნება თავიდან, მაგრამ მე მინდა, გამოვიყენო Willis-ისა და GBG-ის ქსელი, რომ ნელ-ნელა შემოვიტანო ახალი პროდუქტები და ახალი მიდგომა. დღეს თუ საქართველოში მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები არიან, ჩვენ ვიქნებით რისკების მართვის, დაზღვევისა და გადაზღვევის ჯგუფი, რომელიც შესთავაზებს ბაზარს არა მხოლოდ თავის მიერ გამოშვებულ პროდუქტებს, არამედ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიას, რომლებთანაც ავაწყობთ ურთიერთობას და კონკრეტული პროდუქტების საფუძველზე შევთავაზებთ უკვე ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს”, – განმარტავს ნინა კობახიძე და იქვე დასძენს, რომ კერძო სექტორის განვითარებისთვის სადაზღვევო მიმართულებების განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: “როდესაც ბიზნესის რისკი არ არის დაზღვეული, მისი განვითარება ფერხდება. კერძო სექტორის განვითარების გარეშე კი სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ არსებობს. ციკლია – ჯაჭვური რეაქცია: დაცული ბიზნესი, წარმატებული ბიზნესპარტნიორების ბაზარზე აქტიურობა და ეს უკვე ქმნის ქვეყანაში დოვლათს”.

მას შემდეგ, რაც 22 წლის ნინამ პირველად შეაღო დაზღვევის ბაზრის კარი, ბევრი რამ შეიცვალა. თუ ადრე დაზღვევის არსი არავის ესმოდა და ნდობის ზღვარი მხოლოდ მეგობრობა-ნაცნობობაზე გადიოდა, დღეს ცნობიერება ამ მიმართულებით უფრო მაღალია. თუმცა გამოწვევები მაინც რჩება. ნინას მიაჩნია, რომ მთავარი პრობლემა მაინც ის მოლოდინია, რაც სადაზღვევო კომპანიას უკავშირდება – თითქოს მისი მიზანია, არ აანაზღაუროს ზარალი. როგორც ამბობს, ამ მოლოდინების ჩამოყალიბებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სადაზღვევოებს თავის დროზე კლინიკების მშენებლობა დაევალათ. ესმის, რომ მაშინ ახალი კლინიკები ძალიან სჭირდებოდა ქვეყანას, თუმცა თვლის, რომ ფინანსური და სამედიცინო სექტორები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, თორემ სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო მომხმარებლები ყოველთვის სადაზღვევო კომპანიას მოსთხოვენ პასუხს. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიას არასდროს ეყოფა ფინანსური რესურსი, თავისი მიმართულებით განავითაროს და დანერგოს პროდუქტები, რისთვისაც საქართველოს ბაზარი უკვე მზად არის: “GBGI ამერიკული კომპანიაა, რომელიც დღე-დღეზე IPO-ზე გავა და ის ინტერესდება საქართველოს ბაზრით. ე.ი. ამ ბაზარს პოტენციალი ნამდვილად აქვს. დიახ, ჩვენ გვინდა, შევცვალოთ მოლოდინები, გვინდა ჩვენი მომსახურება სწორად გავყიდოთ და ზუსტად ესმოდეს მომხმარებელს, რა ეკუთვნის და რა – არა”.

ნინა კობახიძისთვის დაზღვევა და პოლიტიკა ერთმანეთს ჰგავს. “შენ ყიდი მოლოდინებს. რომელ მოლოდინსაც გაამართლებ, იმ გზაზე გამოგყვება დაზღვევის შემთხვევაში პარტნიორი და კლიენტი, პოლიტიკის შემთხვევაში – ამომრჩეველი”, – ამბობს ნინა, რომელიც თავის მთავარ აქტივად ორ რამეს მიიჩნევს – ნდობა, რომელიც მისი პიროვნების მიმართ დღეს სადაზღვევო ბაზარზე არსებობს და გამოცდილება, რომელსაც კვალიფიციური სტატისტიკური კვლევების თუ მონაცემების ნაკლებობის პირობებშიც, სწორ გადაწყვეტილებამდე მიჰყავს: “როდესაც კლიენტს ელაპარაკები, შენ იცი მის შესახებ ყველაფერი – ანგარიშგებით დაწყებული, მისი ქონების დეტალური მდგომარეობით დასრულებული; ანუ შენ ყველაზე კარგად იცი მისი ბიზნესი, შენ ყველაზე კარგად იცი, რა მიმართულებით განვითარდება თუ ვერ განვითარდება და ა.შ. ამიტომ, როდესაც რეალურ პოტენციალს ხედავ, ავტომატურად შეგიძლია იმ შენი საინვესტიციო პორტფელიდან, რომელიც ზურგს გიმაგრებს, შესთავაზო ახალი სექტორები, ახალი ინვესტორები, ახალი ბაზრები როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით”.

ინტერვიუ დასასრულისკენ უნდა წავიყვანო, გონებაში ვაჯამებ ნინას პორტრეტს – ადამიანისას, რომელსაც აქვს ამბიცია, გამოცდილება და თავდაჯერებულობა, რომ თავისი კომპანიით და პარტნიორებით სადაზღვევო ინდუსტრიაზე საგრძნობ გავლენას მოახდენს და ახალ სიტყვას იტყვის. მოკლედ ვეკითხები: ნინა, გამოგივა? ისიც მოკლედ მპასუხობს: აქამდე ორ მსხვილ საერთაშორისო კომპანიას ველაპარაკე და დღეს ორივე ქართულ ბაზარზეა.

ასეა.