ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიიდან წელს 24 ადამიანი ამოვარდა | Forbes 400

ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიიდან წელს 24 ადამიანი ამოვარდა | Forbes 400

ამერიკული Forbes-ის ტრადიციულ სიაში აღმოჩენა, სადაც 400 ყველაზე მდიდარი ამერიკელი ხვდება, წელს კიდევ უფრო რთული გახდა. მინიმალური ზღვარი წელს $200 მილიონით, $2.9 მილიარდამდე გაიზარდა. შარშანდელი სიიდან 24 ადამიანი წელს Forbes 400-ის ნუსხაში ვეღარ მოხვდა.

აღნიშნული 24 ადამიანის ჯამურმა დანაკარგებმა გასულ წელს $43 მილიარდი შეადგინა. 24-კაციანი სიიდან ზოგმა რამდენიმე ათეული მილიონი, ზოგმა რამდენიმე მილიარდი, ზოგმაც კი მთელი ქონება დაკარგა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სიიდან ამოვარდნილი ადამიანებიდან ყველაზე ცნობილები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი და Snapchat-ის დამფუძნებლები არიან.

შეიძლება ითქვას, რომ დაკარგული $43 მილიარდის მოცულობის ქონების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ FTX-ის დამფუძნებელ სემ ბენკმენ-ფრიდსა და კიდევ ერთი კრიპტობირჟა Alameda Research-ის დამფუძნებელ გარი ვენგზე მოდის. აღნიშნულ ადამიანებს ფულის გათეთრებასა და თაღლითობას ედავებიან. სემ ბენკმენ-ფრიდის სასამართლო პროცესები ნიუ-იორკში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გარი ვენგმა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო და ახლა პროკურატურასთან სემ ბენკმენ-ფრიდის წინააღმდეგ თანამშრომლობს. თავად სემ ბენკმენ-ფრიდი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. გასული წლის სიაში სემ ბენკმენ-ფრიდი $17.2-მილიარდიანი ქონებით, ხოლო გარი ვენგი $4.6-მილიარდიანი ქონებით მოხვდა.

როგორც აღვნიშნეთ, სიიდან ამოვარდნილ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. ტრამპი Forbes 400-ის სიაში მოწინავე პოზიციებს თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იკავებდა. თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ და მის წინააღმდეგ დაწყებული რამდენიმე გამოძიების გათვალისწინებით, ტრამპის ქონება ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა. პირველად Forbes 400-ის სიიდან ის 2021 წელს ამოვარდა, თუმცა 2022 წელს სიაში დაბრუნება მაინც შეძლო. მიუხედავად ამისა, გასული წლის განმავლობაში მისი ქონება 19%-ით, $3.2 მილიარდიდან $2.6 მილიარდამდე შემცირდა.

სიიდან ამოვარდნილი სხვა წევრებიდან აღსანიშნავია პოპულარული კომპიუტერული თამაშის Roblox-ის დამფუძნებელი დევიდ ბაშუცკი ($2 მილიარდი), Facebook-ის ყოფილი პრეზიდენტი შონ პარკერი ($2.8 მილიარდი) და პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმის, Snapchat-ის დამფუძნებლები ივან შპიგელი ($2.6 მილიარდი) და ბობი მერფი ($2.2 მილიარდი).

თუმცა Forbes 400-ის სიიდან ამოვარდნა მხოლოდ გაღარიბებას ან აქტივების შემცირებას არ უკავშირდება. 24-დან ექვსი ადამიანი გასულ წელს გარდაიცვალა, შესაბამისად მათი მემკვიდრეობების გამოცხადებამდე ისინი სიაში აღარ ხვდებიან. რაც შეეხება სხვა აუტსაიდერებს, მათ შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ:

ჩარლი ერგენი

ქონება: $2 მილიარდი (შემცირდა $4.8 მილიარდიდან) | სიმდიდრის წყარო: Satellite TV

ეირინ ლაუდერი

ქონება: $2.2 მილიარდი (შემცირდა $3.3 მილიარდიდან) | სიმდიდრის წყარო: Estee Lauder

ბარბარა ტაისონი

ქონება: $2 მილიარდი (შემცირდა $3 მილიარდიდან) | სიმდიდრის წყარო: კვების ინდუსტრია

ბერნარ სოლ II

ქონება: $2.6 მილიარდი (შემცირდა $3.9 მილიარდიდან) | სიმდიდრის წყარო: საბანკო საქმიანობა