მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე, Toyota Motor-ის გლობალური გაყიდვები 8.3%-ით, რეკორდულ 5,596,183 მანქანამდე გაიზარდა, რაც მსოფლიოში ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებლისთვის კიდევ ერთ მოგებიან წელზე მიუთითებს – გაზრდილი მოთხოვნისა და მიწოდების გაუმჯობესებული პირობების წყალობით.
ფისკალურ პირველ ნახევარში, Toyota Motor-ის გლობალური წარმოება, მათ შორის შვილობილ Daihatsu Motor-სა და Hino Moto-ში, 10%-ით, 5,738,126 ერთეულამდე გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, Toyota-სა და Lexus-ის მარკის მანქანების გაყიდვების ყველაზე მაღალი, 22%-იანი ზრდა აფრიკაში დაფიქსირდა. შემდეგ მოდის ახლო აღმოსავლეთი – 17%, ჩრდილოეთ ამერიკა – 9.4% და ევროპა – 7%.
მიუხედავად ამისა, გაყიდვების მაჩვენებელი აზიის ნაწილში, გარდა იაპონიისა, შედარებით დაბალი იყო, ნაწილობრივ ეკონომიკური შენელების გავლენით, განსაკუთრებით ტაილანდსა და ინდონეზიაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრომობილებზე გადასვლასთან ერთად, ჩინეთში Toyota-ს გაყიდვებმა 1%-ზე ნაკლებით მოიმატა. ნახევარგამტარების მიწოდების პრობლემების შემსუბუქებასთან ერთად, იაპონიაში ავტომწარმოებლის გაყიდვები 34%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ელექტრომობილებს, გასულ წელთან შედარებით, Toyota-მ აპრილ-სექტემბრის ექვსთვიან პერიოდში 38%-ით მეტი, 1,825,965 EV-ი გაყიდა.
მხოლოდ სექტემბრისთვის, Toyota-ს გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა. Honda Motor-ის განცხადებით, ფისკალურ პირველ ნახევარში მისი გლობალური წარმოება 6%-ზე მეტით, ხოლო გაყიდვები 7.5%-ით გაიზარდა – ჩინეთსა და ევროპაში ვარდნის მიუხედავად. ხოლო Nissan Motor-ის გლობალური წარმოება და გაყიდვები, შესაბამისად, 2.8%-ით და 5.5%-ითაა მომატებული.