2001 წელს ნაქირავებ შენობაში სამი საბაკალავრო პროგრამით დაწყებული საგანმანათლებლო საქმიანობა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დამფუძნებელმა და რექტორმა, გია კავთელიშვილმა რეგიონის წამყვან კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუციად აქცია. SEU თანამედროვე კამპუსით, 41 000-ზე მეტი ქართველი და საერთაშორისო კურსდამთავრებულის წარმატებიის ისტორიითა და პროფესიონალთა გუნდით ამბიციური მომავლისთვის ემზადება.
ბატონო გია, დავიწყოთ თავიდან. რატომ გადაწყვიტეთ ინვესტირება უმაღლეს განათლებაში?
განათლების სფერო ყოველთვის მიზიდავდა, სკოლის ასაკიდანვე ვცდილობდი, თანატოლებისთვის ცოდნა გამეზიარებინა. ჩემს მეგობრებს ხშირად ვეხმარებოდი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში უკეთ მომზადებულიყვნენ. ასე გრძელდებოდა უნივერსიტეტში სწავლის დროსაც.
მოგვიანებით, სწორედ ამ თვისებამ მიბიძგა გადაწყვეტილებისკენ და მომცა მოტივაცია, დამეფუძნებინა უნივერსიტეტი, სადაც სწავლა, სწავლება და კვლევა არის მხარდაჭერილი და სადაც ყველას მიეცემა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა.
როგორ ტრანსფორმირდა ეს მიზანი წლების განმავლობაში?
ცხადია, მიმდინარე გლობალური გამოწვევების კვალდაკვალ, უნივერსიტეტის მისია მუდმივ გადააზრებასა და რეინტერპრეტაციას საჭიროებს. თუმცა ჩვენ თავიდანვე გვქონდა მყარი ხედვა, რაც გულისხმობს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტებისა და პრინციპების ერთგულებას, ხარისხიანი, ინოვაციური და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს მუდმივ განვითარებას.
ვფიქრობ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კამპუსი გვაქვს. თავად უნივერსიტეტის მართვა კი ბოლო წლებში პრაქტიკულად ევროპულ სტანდარტებზე გადავიდა. ეს ტრანსფორმაცია არ იყო მარტივი პროცესი, თუმცა დღეს SEU-ს სტრუქტურა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი დეცენტრალიზებული, დემოკრატიული და ეფექტიანია.
წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა SEU-ს გუნდი და დღეს დარგში აღიარებულ პროფესიონალებს აერთიანებს – როგორც ადგილობრივს, ისე უცხოელს. სწორედ მათი უშუალო ჩართულობით განვაახლეთ პერსონალის მართვის პოლიტიკაც, სადაც უფრო მეტად გამოიკვეთა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის ხელშემწყობი მექანიზმები.
მიგვაჩნია, რომ SEU არის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე უნივერსიტეტი, რაც ბევრ ასპექტში გამოიხატება, იქნება ეს თანამედროვე კამპუსი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები, ორმაგი ხარისხის დიპლომები თუ სხვა ისეთი პროექტები, რომლებიც ახალი და ღირებული ცოდნის შექმნას და სტუდენტებისთვის გადაცემას ისახავს მიზნად.
რა ძირითადი გამოწვევები გხვდებოდათ ამ გზაზე და რა არის ის ძირითადი შედეგები, რითაც დღეს ამაყობთ?
2001 წელს, როდესაც SEU დავაფუძნე, უნივერსიტეტში მხოლოდ სამი პროგრამა გვქონდა. 22 წლის წინ საკუთარი ფართი არ გაგვაჩნდა.
შემდეგ იყო ძალიან დიდი შრომა, რამაც ზუსტად ის შედეგი მოგვცა, რისი მოლოდინიც გვქონდა. დღეს SEU ყველაზე მოთხოვნადი და განვითარებაზე ორიენტირებული კერძო უნივერსიტეტია საქართველოში – თანამედროვე, ხარისხიანი ქართულ- და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამებით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კამპუსითა და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდით.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ SEU ადგილობრივი და საერთაშორისო ლექტორებისთვის პრესტიჟულ სამუშაო ადგილად სახელდება, თუმცა განსაკუთრებით ვამაყობ იმ ფაქტით, რომ დაფუძნების დღიდან ჩვენ 41,000-ზე მეტი ქართველი და საერთაშორისო სტუდენტის ნდობა მოვიპოვეთ.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ ვფლობთ საქართველოში საუკეთესო კლინიკას, რომელიც ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი და ადგილობრივ და საერთაშორისო ექიმებს აერთიანებს. ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი AHT (American Hospital Tbilisi) ჩვენი ინგლისურენოვანი სამედიცინო პროგრამის საბაზისო კლინიკაა, სადაც მხოლოდ ჩვენი სტუდენტები გადიან კლინიკურ პრაქტიკას. რამდენჯერმე ვახსენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები.
როგორ აისახება თქვენს საქმიანობაზე ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპი?
ტექნოლოგიების სფეროს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გარდაქმნას ინდუსტრიები, შექმნას ახალი შესაძლებლობები და შემოგვთავაზოს კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზები. განვითარების ეს ტემპი აჩენს ახალ პროფესიებს და, შესაბამისად, ითხოვს უახლეს და საკმაოდ სპეციფიკურ ცოდნას.
შედეგად, არა მხოლოდ ფეხს ვუწყობთ ტექნოლოგიებს და ვნერგავთ მათ სასწავლო და მმართველობით პროცესში, არამედ ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ვქმნით სრულიად ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს. 2023 წელს შევიმუშავეთ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის პირველი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა და სხვ.
უნივერსიტეტის საზოგადოებრივ გავლენაზეც მინდა გკითხოთ, როგორია SEU-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა?
ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძო ბიზნესი, არაერთ პროექტს ვახორციელებთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას სტუდენტების, თანამშრომლების, გარემოს და ზოგადად საზოგადოების მიმართ.
წლის განმავლობაში 150-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერი ვართ, თუმცა მინდა გამოვყო რამდენიმე: SEU ჩართულია კონსერვატორიაში არსებული უნიკალური აუდიო- და ვიდეოარქივის მასალების ციფრულ ფორმატში გადაყვანის, დამუშავებისა და გამოცემის პროცესში, სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა და იტალიაში გაიმართა წიგნის, La Georgia de Kvara-ს პრეზენტაცია, რომლის სპონსორიც იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. პანდემიის პერიოდშიც, როდესაც ონლაინ სწავლაზე გადავედით, სტუდენტებს უფასოდ გადავეცით 1900-ზე მეტი უახლესი მოდელის ნოუტბუკი. ამავე პერიოდში, SEU-ში სრულიად უსასყიდლოდ ფუნქციონირებდა ჯანდაცვის სამინისტროს “ცენტრალური ონლაინ კლინიკა” და კოვიდ-ექიმები კონსულტაციებს უწევდნენ მოქალაქეებს.
გარდა სოციალური პროექტებისა, ეკოლოგიური მიმართულებითაც ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობას. ეკოეფექტიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, SEU-ში გამოცდები უკვე მე-10 წელია, ელექტრონულად ტარდება, საქმიანი დოკუმენტბრუნვაც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, წლის განმავლობაში 100 000-ზე მეტი ფურცელი დავზოგოთ. ჩვენი შენობაც ენერგოეფექტიანია.
ჩვენ არა მხოლოდ ბოლომდე ვითავისებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას, არამედ ვცდილობთ ავამაღლოთ ახალგაზრდების ცნობიერება ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ სპეციალური სასწავლო კურსი – „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“ და შევიტანეთ საგანმანათლებლო პროგრამებში და ვმართავთ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას ამ მიმართულებით.
როგორ დაახასიათებდით სტუდენტების ნაკადს და რა ინიციატივებს მიმართავთ, რომ მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემო უზრუნველყოთ?
წლიდან წლამდე, სტუდენტების ნაკადი SEU-ში მზარდია, 2023 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებით, კერძო უნივერსიტეტების ისტორიაში მივიღეთ რეკორდული რაოდენობა – 2362 ბაკალავრიატის სტუდენტი.
ჩვენთან სტუდენტებს აქვთ მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება. გარდა ლექციებისა, ყოველდღიურად ტარდება დამატებითი შემეცნებითი საჯარო ლექციები თუ ტრენინგები, სტუდენტური კონფერენციები. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნან სტუდენტური კლუბები ან გაწევრიანდნენ არსებულში, ჩაერთონ სპორტულ, სოციალურ-კულტურულ აქტივობებში, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებსა თუ საზაფხულო სკოლებში.
უნივერსიტეტი გამუდმებით ზრუნავს ინკლუზიურობის ხარისხის ამაღლებაზე, რისთვისაც იყენებს როგორც საკუთარ რესურსებს, ისე გარე მხარდაჭერის მექანიზმებს, ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაძლებლობებს. SEU მორგებულია თითოეული სტუდენტის ყველანაირ საჭიროებაზე და ვქმნით ყველა პირობას, რათა ახალგაზრდებმა კომფორტულ გარემოში მიიღონ სრულყოფილი განათლება.
ვინ არიან თქვენი მთავარი პარტნიორები და რა ხელშესახები მიღწევები გაქვთ ამ მიმართულებით?
SEU-სთვის ინტერნაციონალიზაცია პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც გულისხმობს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობას, საერთაშორისო ასოციაციების წევრობას, განათლების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, ახალი ბაზრების ათვისებასა და SEU-ს პოპულარიზაციას გლობალურად.
ინტერნაციონალიზაციის უმთავრესი ასპექტი SEU-სთვის პარტნიორ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის გაფართოება და ხელშეწყობაა, იქნება ეს Erasmus+, DAAD-ი თუ სხვა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბებული ფორმატი.
აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის, ამერიკისა და აზიის არაერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტსა და ასოციაციასთან. პარტნიორი უნივერსიტეტების სია გრძელია, თუმცა ახლა რაც მახსენდება და მინდა განსაკუთრებით გამოვყო, შემდეგი უმაღლესი სასწავლებლებია: კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი), გრანდ-კანიონის უნივერსიტეტი (აშშ), ქოვენტრის უნივერსიტეტი (ინგლისი) კარლსრუეს უნივერსიტეტი (გერმანია), სანტ გალენი (შვეიცარია), ლა-კორუნიას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ბრაგანსის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პორტუგალია), ბუქარესტის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (რუმინეთი), იედიტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი) და სხვა. ასევე, მინდა გამოვყო EHL – მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში, რომელიც ჩვენი პარტნიორია და ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ საბაკალავრო, სამაგისტრო, პროფესიული და სასერტიფიკაციო პროგრამების განვითარებას.
როგორც უკვე ვახსენე, გვაქვს ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამა რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით. აღნიშნული პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტს, დამამთავრებელი კურსი უცხოურ უნივერსიტეტში გაატაროს და SEU-სა და პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომები მიიღოს.
შრომის ბაზრის მოთხოვნები რა გავლენას ახდენს თქვენს სასწავლო პროგრამებზე?
უნივერსიტეტი სისტემურად იკვლევს შრომის ბაზარს და ფოკუსირებულია რამდენიმე მიმართულებაზე. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის საინტერესოა, სად და რა პირობებით შეძლებენ ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებას და რა ძირითადი ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეთ მათ წარმატებული კარიერის ფორმირებისათვის.
ასევე დიდ ინტერესს იწვევს ინდუსტრიების განვითარების ტენდენციები, რასაც აქტიურად ვითვალისწინებთ სასწავლო პროგრამების განვითარებისას.
უნივერსიტეტში გვაქვს ამბიცია, მოვამზადოთ ახალგაზრდა პროფესიონალები არა მხოლოდ ლოკალური, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვისაც, ამიტომ აკადემიური პროგრამების უმეტესობა ინგლისურ ენაზე ხორციელდება.
რა ადგილი უჭირავს თქვენს სტრატეგიაში მეცნიერების განვითარებას?
ჩვენი სლოგანია – სწავლება კვლევით. რადგან სწავლება კვლევის გარეშე წარმოუდგენელია. სამეცნიერო კვლევა არის ერთ-ერთი ჩვენი სამი პრიორიტეტიდან. განსაკუთრებული პრიორიტეტია ინტერდისციპლინური კვლევები იმ დარგებში, რომლებიც ჩვენთან ისწავლება.
SEU ორიენტირებულია კვლევის ინტერნაციონალიზაციაზე. ერთი მხრივ, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ჩვენს პერსონალს უკეთესი სამეცნიერო პროდუქტიულობისათვის საერთაშორისო პლატფორმებზე, ხოლო მეორე მხრივ მუდმივად ვაფართოებთ თანამშრომლობის ქსელს. ჩვენ ვთავაზობთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს აქტიურ ჩართულობას კვლევით პროექტებში, მხარდაჭერას სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებასა და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობაში. SEU-ში ფუნქციონირებს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი, რომელიც ახორციელებს ინტერდისციპლინურ კვლევებს ევროპულ საკითხებზე.
ვითავისებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას, კვლევაში განსაკუთრებულ შრომას და მნიშვნელოვან მატერიალურ რესურსს ვდებთ. სწორედ ამის გამო ბოლო წლებში კვლევითი მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობით გამოვირჩევით. ეს გამოიხატება ინდუსტრიასთან კვლევითი თანამშრომლობის, საერთაშორისო კვლევითი პარტნიორობისა და პროექტების ზრდაში.
როგორია უახლოესი სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა და ზოგადად რა სტრატეგიული მიზნისკენ ისწრაფვის SEU?
მიზანი ბევრი გვაქვს. ვგეგმავთ ერთობლივი პროგრამების შემუშავებას ბრიტანულ, შვეიცარიულ და გერმანულ უნივერსიტეტებთან ერთად, უნივერსიტეტში არსებული ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის გაფართოებას, სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების უფრო ფართოდ ინტეგრირებას.
ვგეგმავთ ფილიალების გახსნას როგორც უმაღლესი, ასევე ზოგადი განათლების მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ფართო საზოგადოებას უახლოეს მომავალში გავუზიარებთ შედეგებს.
ვგეგმავთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას სასწავლო და ადმინისტრაციული მმართველობის მიმართულებით. ასევე, ონლაინ სწავლების დანერგვას და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას. ჩვენი მიზანია, კვლევების და საერთაშორისო კომპონენტის კიდევ უფრო გაძლიერება. ინდუსტრიასთან თანამშრომლობის საფუძვლიანი გაღრმავება ურთიერთსასარგებლო და საზოგადოებისთვის სასარგებლო შედეგებით.
თქვენი შეფასებით, როგორი იქნება განათლების მომავალი?
განათლების სისტემა მთლიანად და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, უმაღლესი განათლება, ხშირად დგება სხვადასხვა სახის გამოწვევების წინაშე. ამაზე მოქმედებს როგორც გარემო პირობები, ისე სისტემის შიგნით მიმდინარე პროცესები.
ვფიქრობ, თანამედროვე ეტაპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ძალიან სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება. ეს პროცესი აიძულებს უნივერსიტეტებს, ფეხი აუწყონ ცვალებად პირობებს და შესთავაზონ მისი შესაბამისი განათლება სტუდენტებს. SEU ამ მხრივაც ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტია. მაგალითისათვის, შეგვიძლია გავიხსენოთ პანდემიის პერიოდი, როდესაც ჩვენ პირველებმა შევძელით სრული გადაწყობა ონლაინ რეჟიმზე, გამოვიყენეთ რა ის მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტები და ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებითაც აღჭურვილი იყო და არის უნივერსიტეტი. მიმაჩნია, რომ დისტანციური სწავლება შემოვა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მოხდება ბევრი მიმართულებით.
ამ სწრაფად ცვალებადი გარემოსთვის, ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ. უნივერსიტეტში არსებული შესაბამისი პოტენციალი, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი კონკურენციული უპირატესობაა და, მეორე მხრივ, არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი სერვისები იყოს უახლესი მოთხოვნების შესაბამისი და სამომავლო პერსპექტივებზე ორიენტირებული.
დაბოლოს, როგორც უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარ მომავალს განათლებაში ხედავენ?
ახალმა თაობამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რასაც სტუდენტის სტატუსით მიიღებს. იშრომონ ბევრი, იყვნენ ინიციატივიანები და კრეატიულები. ცოდნითა და შრომით ყველა დასახული მიზნის მიღწევაა შესაძლებელი და ამის მრავალი მაგალითი არსებობს. მერწმუნეთ, დღეს განათლებას ალტერნატივა არა აქვს.
ვურჩევდი, რომ იყვნენ თავდაჯერებულები, იცოდნენ, რომ ყველანაირი გამარჯვების გზა საკუთარი სისუსტეების დაძლევაზე გადის.
ამასთან, არაფრის არ უნდა შეეშინდეთ, განსაკუთრებით – მარცხის, რადგან გამარჯვებებთან ერთად იქნება მარცხიც, წარმატებასთან ერთად იქნება იმედგაცრუებაც, მთავარია, ჰქონდეთ მიზანი და ამ მიზნისთვის ყოველდღიურად იშრომონ.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია და სწორედ ამ თაობის წარმატება უტოლდება ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს.
გავიმეორებ, რომ არასდროს არ უნდა დანებდნენ. შეუძლებელი არაფერია. ახალგაზრდებს ვურჩევ, იყვნენ ეროვნულები და იდენტობას გაუფრთხილდნენ.