თურქეთმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი დაამტკიცა

თურქეთმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი დაამტკიცა

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი დაამტკიცა, რაც ქვეყანას სამხედრო ალიანსში გაწევრიანებასთან კიდევ უფრო აახლოებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პარლამენტის 346 წევრიდან დადებითი გადაწყვეტილება 287-მა მიიღო, 55 კი წინააღმდეგი იყო. ოთხმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ხმის მიცემა, საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის მიერ განაცხადის გასულ თვეში დამტკიცების შემდეგ, რატიფიკაციის პროცესის მეორე ეტაპი იყო. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერის შემდეგ პროტოკოლი ძალაში შევა.

ერდოღანი სანაცვლოდ ქურთების მუშათა პარტიის იმ წევრების ექსტრადირებას მოითხოვს, რომლებმაც შვედეთში თავშესაფარი მიიღეს, თუმცა თურქეთში ტერორისტებად არიან მიჩნეულნი. განაცხადის შეტანის შემდეგ შვედეთმა ანტიტერორისტული კანონმდებლობა გაამკაცრა და თურქეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობასაც დათანხმდა.

ერდოღანი ასევე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მანამ არ მოაწერს, სანამ აშშ-ი თურქეთისთვის F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას არ დათანხმდება.

ამჟამად ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომელსაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება არ მოუხდენია, უნგრეთია, თუმცა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თანახმად, მან თავისი შვედი კოლეგა ულფ კრისტერსონი ქვეყანაში მიიწვია მოსალაპარაკებლად.

აღსანიშნავია, რომ ფინეთმა და შვედეთმა განაცხადები 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთეს. ფინეთი ნატოს წევრი 2023 წლის აპრილში გახდა, შვედეთისთვის პროცესი კი სხვადასხვა მიზეზის გამო გაჭიანურდა.