Bloomberg-ის ცნობით, ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა, მაქკენზი სკოტმა გასულ წელს Amazon-ის $10 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. მედიაკომპანია ინფორმაციას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სკოტის მიერ 2023 წელს გაყიდული აქციების რაოდენობა 65.3 მილიონს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიარდერმა გასულ წელს Amazon-ში საკუთარი წილის მეოთხედი გაასხვისა. შეგახსენებთ, 2019 წელს ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ, მაქკენზი სკოტმა ტექნოლოგიური გიგანტის დაახლოებით 4% მიიღო, რომლის ღირებულებაც მაშინ $37 მილიარდს უტოლდებოდა. ამჟამად Amazon-ში სკოტის წილი 1.9%-ს შეადგენს.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის, მაქკენზი სკოტის ქონება $43.2 მილიარდია და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში 29-ე ადგილს იკავებს. გასულ ხუთ წელიწადში Amazon-ის აქციების დაახლოებით ნახევრის გასხვისების მიუხედავად, სკოტი სიმდიდრეს, დიდწილად, სწორედ ტექნოლოგიურ გიგანტს უნდა უმადლოდეს.
რომ არა მაქკენზი სკოტის აქტიური ფილანთროპული საქმიანობა, ის ახლა გაცილებით მდიდარი იქნებოდა. არსებული ინფორმაციით, 2019 წლიდან, ჯეფ ბეზოთან განქორწინების შემდეგ, მან საქველმოქმედო ორგანიზაციებს $14 მილიარდამდე შესწირა.