უკრაინელი ანტრეპრენიორის, ალექს ილიაშის მიერ 2020 წელს ჩეხეთში დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპი Choice-ი საქართველოშია. ესაა B2B-ონლაინპლატფორმა, რომელიც რესტორნებს გაციფრულებაში, დანახარჯების შემცირებასა და შემოსავლის ზრდაში ეხმარება.
ახლახან სტარტაპმა დამატებით 2.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიპოვა ვენჩურული კაპიტალის ფონდ J&T Ventures-გან. დაფინანსება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებას უნდა მოხმარდეს. ამ ეტაპისთვის სტარტაპი 4.1 მლნ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.
Choice-ი სარესტორნე ბიზნესს საკუთარი ვებგვერდის, აპლიკაციის, ონლაინმენიუს შექმნის, QR-კოდით გადახდისა და მაგიდის დაჯავშნის სერვისის გამოყენების საშუალებას აძლევს საკომისიოს გარეშე. შესაძლებელია იმგვარ POS-სისტემებთან ინტეგრირებაც, როგორიც Glovo, Wolt-ი და Bolt-ია.
ბიზნესისთვის გამოწერის საწყისი ყოველთვიური საფასური 23 ევროა (66 ლარი).
კომპანიის გუნდი 120 ადამიანისგანაა დაკომპლექტებული და ამჟამად პლატფორმას ჩეხეთში, სლოვაკეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში 16,000-მდე რესტორანი იყენებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ მისია არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა სარესტორნე ბიზნესში, არამედ განათლების დონის ამაღლებაც, რისთვისაც რეგულარულად ეწყობა კონფერენციები იმ ქალაქებში, რომლებშიც მათი პარტნიორი რესტორნებია. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა რესტორნის მეპატრონეებისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
,,რესტორნების მფლობელების 99% არ იცნობს საკუთარ მომხმარებელს, არ იციან, რაზე არიან ისინი ალერგიულები, რა უყვართ, რა არ მოსწონთ ან, ზოგადად, რამდენი ადამიანი დადის ან რამდენმა შეწყვიტა რესტორანში სიარული, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა. Choice-ის შექმნის მისია რესტორნების მომხმარებელთა ბაზის გაციფრულებაში დახმარებაა, მომხმარებელთა რაოდენობისა და კმაყოფილების ზრდა“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ალექს ილიაში.
Forbes Georgia-ს ალექსი ილიაში ეუბნება, რომ საწყის ეტაპზე ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარამდე იქნება, მომდევნო თვეებში კი თბილისში ოფისის გახსნა და ადგილობრივების დასაქმებაც იგეგმება.