Amazon-ის აქციების ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია - ბეზოსის ქონება $3.3 მილიარდით გაიზარდა

Amazon-ის აქციების ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია - ბეზოსის ქონება $3.3 მილიარდით გაიზარდა

გუშინ Amazon-ის აქციების ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კომპანიას რეკორდული ნიშნული 2021 წლის ივლისის შემდეგ არ გადაულახავს. კერძოდ, 11 აპრილს Amazon-ის აქციების ღირებულება 2%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე $190 შეადგინა.

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ბირჟაზე აღმასვლას წინ უსწრებდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ჯესის მიერ აქციონერებისთვის განკუთვნილი ყოველწლიური წერილის გამოქვეყნება, სადაც ის ამაყობდა Amazon-ის ღრუბლოვანი გამოთვლითი განყოფილების შედეგებით და Amazon Web Services-ის პოტენციალით გენერაციული AI-ის რევოლუციის „დიდი ნაწილი“ გახდეს.

ღირებულებით $2-ტრილიონიანი ნიშნულის კომპანიის ისტორიაში პირველად გადალახვამდე Amazon-ს ახლა ძალიან ცოტა აშორებს – მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მოცემული დროისთვის $1.96 ტრილიონს აჭარბებს. შედარებისთვის, 2022 წლის ბოლოს Amazon-ის ღირებულება 900 მილიარდ აშშ დოლარს არ აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ წელს Amazon-ის აქციების ფასის 26%-იანი მატება სამივე ძირითადი საფონდო ინდექსის ზრდას აჭარბებს. ამაში კი დიდი როლი ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ინვესტორების განწყობის ცვლილებას მიუძღვის.

Amazon-ის აქციები 2021 წლის შუა პერიოდიდან 2022 წლის ბოლომდე 60%-ით შემცირდა. ეს პერიოდი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან ჯეფ ბეზოსის გადადგომას ემთხვევა. თუმცა ბეზოსი კვლავ რჩება კომპანიის საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარედ და უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერად.

Amazon-ის აქციების ფასის ზრდის შედეგად კომპანიის დამფუძნებელმა სიმდიდრე მნიშვნელოვნად გაზარდა. Forbes-ის შეფასებით, გუშინ მის ქონებას 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეემატა. გამოცემის დათვლებით, მოცემული დროისთვის ბეზოსის ქონება 206.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-2 ადგილს იკავებს.