ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მიზანიც რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრად ჩამოყალიბებაა, საგანმანათლებლო სფეროში 2020 წელს გამოჩნდა. წელს KIU-ს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება, რომელთა მომავალი უნივერსიტეტის მიერ ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ საწყის ნაბიჯებს შეაფასებს.
საქართველოში მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტების ანალოგის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და, შედეგად, 2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გაიხსნა. KIU დღეს საქართველოს უმაღლეს აკადემიურ სივრცეში უნიკალური ახალი უნივერსიტეტია. ეს გახლავთ კერძო-საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი განათლების სექტორში, რადგან KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ძირითადად ფინანსდება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ, 1 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტით.
KIU-ს ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა მისი მასშტაბური ინფრასტრუქტურა და 160 ჰექტარ მიწის ფართობზე გადაშლილი ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო კამპუსია, რომელიც ერთადერთია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც.
„KIU-ს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტი – ადგილი, სადაც მეცნიერება, ინჟინერია და ჰუმანიტარული დარგები ხვდებიან ერთმანეთს“, – აღნიშნავს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი.
პანდემიის დროს ახალი უნივერსიტეტისთვის განათლების სფეროში ადგილის დამკვიდრება რთული გამოწვევა იყო, მით უფრო, ისეთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელსაც მიმზიდველი კამპუსი, სტუდენტური საცხოვრებლები და საუნივერსიტეტო ქალაქი აქვს.
„ჩვენ ვართ ერთ-ერთი უნიკალური უნივერსიტეტი მსოფლიოში, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე.
კანცლერის თქმით, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და ციფრულ სწავლებაში გამოცდილი პროფესორ- -მასწავლებლების მეშვეობით, პანდემიის დროს გახსნილმა უნივერსიტეტმა, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, რასაც იმ პერიოდში მსოფლიო უმკლავდებოდა, წარმატებით შეძლო სტუდენტების პირველი კოჰორტის მიღება და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის – მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელს ეფუძნება, რომელიც სამეწარმეო, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო დაწესებულებად ფორმირებას ითვალისწინებს და ინოვაციების დანერგვისკენაა მიმართული. ცნობილი გერმანელი მეცნიერი და პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რომელმაც უნივერსიტეტის რექტორის რანგში TUM-ის ჩამოყალიბებასა და წარმატებაში შეიტანა წვლილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნაშიც მონაწილეობდა. ამჟამად ის KIU-ს საპატიო პრეზიდენტია და, მენეჯმენტის გუნდთან ერთად, მის განვითარებაზე ზრუნავს.
„მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტის რანგში მიღებული ჩემი 24-წლიანი გამოცდილებით, მოხარული ვარ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ვმონაწილეობ“, – გვეუბნება პროფესორი ჰერმანი.
KIU-ს გუნდმა უნივერსიტეტის პირველი ნაბიჯების შეფასებისას, არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დაგვისახელა. მათ შორის, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, რანჟირებით, KIU ორი წელია, საქართველოში ნომერ პირველი უნივერსიტეტია. ეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს შორის კონკურენციას ზრდის, რაც KIU-ს საუკეთესო სტუდენტების მოზიდვაში ეხმარება. „KIU-ში განსაკუთრებით ნიჭიერი და მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტები აბარებენ. ეს უკვე მნიშვნელოვანი წინაპირობაა წარმატებისათვის. მაღალი ხარისხის განათლების მიღებით, ჩვენი სტუდენტები ყალიბდებიან საერთაშორისო კონკურენტუნარიან პროფესიონალებად, რაც დღეს ასე ძალიან სჭირდება და რისი დიდი დანაკლისიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.
უნივერსიტეტის გუნდი KIU-ს მიერ მიღწეულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორების მოზიდვას ასახელებს, რომელთაც სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, არიან თავიანთ სფეროში არაერთი სახელმძღვანელოს ავტორები და წამყვანი მეცნიერები. უცხოელი პროფესორების შერჩევაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს TUM-ის შვილობილი ორგანიზაცია TUM International-ი ეხმარება. გარდა ამისა, ის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და სხვა სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის გზამკვლევის ფუნქციას ითავსებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ წელს TUM Internationalისა და ევროპელი ექსპერტების მიერ KIU-მ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა და დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბი ამიერკავკასიის რეგიონში.
TUM-სა და TUM International-თან პარტნიორობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სადაც სწავლება მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, უკვე შექმნა რამდენიმე საბაკალავრო პროგრამა, მათ შორის, კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და მენეჯმენტის მიმართულებებით. როგორც KIU-ს რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე გვეუბნება, გათვალისწინებულია მრავალფეროვანი, „მომავლის პროფესიების“ დასაუფლებლად გამიზნული აკადემიური პროგრამების შეთავაზება.
ახალი პროგრამების შემუშავების მიზნით, KIU კერძო სექტორთან, საკუთარი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან აქტიურად თანამშრომლობს.
უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის უნივერსიტეტებმა დამსაქმებლებთან ერთად უნდა იმუშაონ, შექმნან ახალი პროგრამები და შრომის ბაზრის მოთხოვნებს მოარგონ ისინი, ხელი შეუწყონ სტუდენტების სტარტაპებს და ინოვაციურ პროექტებს. ამ მხრივ, KIU დღეს ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია საქართველოში, რადგან მისი სამოქმედო გეგმა აგებულია ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მისიის გარშემო. სტუდენტებს უკვე შექმნილი აქვთ არაერთი სტარტაპი როგორც უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ასევე კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით. მიუხედავად უნივერსიტეტის მოკლე ისტორიისა, KIU-ს სტუდენტების წარმატება საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებზე, ჰაკათონებში, შთამბეჭდავია.
ინდუსტრიასთან უნივერსიტეტების პარტნიორობის გაძლიერებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი პლატფორმა KIUInnovate-ს გამოყოფს, რომელსაც საფუძველი 2021 წელს ჩაეყარა. პლატფორმის ფარგლებში წელს მესამედ გაიმართება KIU-ს ინოვაციების ბიზნესფორუმი, სადაც ბიზნესი, მთავრობა და საგანმანათლებლო სექტორი ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და, ამ გზით, ინოვაციების ეკოსისტემისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე იმსჯელებენ. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსსა და სხვა აქტივობებს, რაც ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას მომავალ სტარტაპერებად.
რეგიონში ინოვაციების ჰაბად ჩამოყალიბებისთვის KIU-ს კონკრეტული მიზნები აქვს დასახული, რომელთა შორისაა კურსდამთავრებულებისა და თანამშრომლების სტარტაპების ხელშეწყობა, ადგილობრივი ინდუსტრიის მხარდაჭერა გრძელვადიანი ხედვების განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფაში, ასევე კორპორაციული კულტურის სტიმულირება.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებს, ბიზნესთან დიალოგისა და შრომითი ბაზრის ანალიზის შედეგად, KIU ამუშავებს პროგრამებს, რომლებსაც სტუდენტებს ეტაპობრივად შესთავაზებს. როგორც უნივერსიტეტის რექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მათთვის პრიორიტეტი STEM (საბუნებისმეტყველო-საინჟინრო და ტექნიკური) მიმართულებებია, რომლებზეც როგორც ახლა, ისე სამომავლოდ დიდ მოთხოვნას ხედავს.
პროფესორ ალექსანდრე თევზაძის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამოცანაა, ახალგაზრდებს შესთავაზოს თანამედროვე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცე. მისივე განცხადებით, ეს მოიცავს განათლების ევროპულ სტანდარტებს, რის უზრუნველსაყოფადაც სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან როგორც ქართველი, ასევე დარგის წამყვანი უცხოელი პროფესორები.
„პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეუფლებიან როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანებს დასაქმების გლობალურ ბაზარზე“, – აღნიშნავს ალექსანდრე თევზაძე და განმარტავს, რომ ამისთვის სასწავლო პროცესში ინტეგრირებულია სავალდებულო სტაჟირების კომპონენტი, რომლის გავლაც შესაძლებელია კერძო სექტორში, აკადემიურ გარემოში, უნივერსიტეტის პარტნიორ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში.
როგორც KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმაში წერია, მომავალში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ჩამონათვალს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინჟინერიისა და მედიცინის პროგრამები დაემატება. გარდა ამისა, KIU-მ მოკლევადიანი პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზებაც დაიწყო, მათ შორისაა კიბერუსაფრთხოების პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტმა USAID-თან პარტნიორობით შეიმუშავა. აღნიშნული კურსების შექმნა უნივერსიტეტმა დამსაქმებლებთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყვიტა. ამ მიმართულებით შრომის ბაზარზე მოთხოვნის მზარდი ტენდენცია შეინიშნებოდა.
KIU-ს გუნდმა ჩვენთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასწავლო პროგრამები უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერაა დამტკიცებული, რომლის წევრები KIU-ში პროგრამების განხორციელებას და განათლების ხარისხს უწევენ მონიტორინგს. მათივე თქმით, საბჭო დარგის წამყვანი მეცნიერებისა და პროფესორებისაგან შედგება.
მრავალფეროვანი და მოთხოვნადი პროგრამების დამატების გარდა, KIU მალე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ერთი მნიშვნელოვანი პროექტითაც მოექცევა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა იგეგმება, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია, მის დასრულებას კი რამდენიმე წელიწადში ვარაუდობენ.
„ეს პროექტი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო კვლევების რუკაზე ადგილს დაუმკვიდრებს, ვინაიდან საქართველოში ჩამოსვლითა და აქ კვლევების ჩატარებით უკვე არაერთი სამეცნიერო ორგანიზაცია დაინტერესდა“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
ადრონული თერაპიის ცენტრის ინფრასტრუქტურა, რომელიც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ეწყობა, განკუთვნილია ორი თანამედროვე ტიპის პროტონული ამაჩქარებლის – ციკლოტრონის განსათავსებლად. როგორც KIU-ს რექტორი აღნიშნავს, ცენტრი შედგება კლინიკური ნაწილისგან, რომლის მიზანია კიბოს პროტონული თერაპიის საშუალებით მკურნალობა, და სამეცნიერო ნაწილისგან, სადაც შესაძლებელი იქნება პროტონების მაღალენერგეტიკული ნაკადის გამოყენებით კვლევითი პროექტების განხორციელება.
გარდა ამისა, ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსებული მოწყობილობები და ლაბორატორიები KIU-ს სტუდენტებისთვის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური განათლების მიცემასაც უზრუნველყოფს.
„უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საბუნებისმეტყველო და სიცოცხლის შემსწავლელი მიმართულებების გაძლიერება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დონეზე. ადრონული თერაპიის ცენტრი კი შექმნის უნიკალურ ტექნიკურ ბაზას, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელონ თანამედროვე მულტიდისციპლინური კვლევითი პროექტები“, – აღნიშნავს ალექსანდრე თევზაძე.
როგორც KIU-ს რექტორმა განგვიცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და იულიხის ნეირომეცნიერების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ფუნქციონირებას იწყებს ბიოსამედიცინო ინჟინერიის კვლევითი ლაბორატორია. აქ კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ხელოვნური ინტელექტის მეთოდების გამოყენებით, თანამედროვე სამედიცინო გამოსახულებების დამუშავების ამოცანებზე იმუშაონ.
„სამომავლოდ, ამ ტიპის ლაბორატორიები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ადრონულ ცენტრთან და შექმნიან სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების საერთაშორისო ჰაბს, სადაც ჩამოვლენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და, ქართველ მეცნიერებთან და სტუდენტებთან კოლაბორაციით, პროექტებს განახორციელებენ“, – დასძენს ჩვენთან საუბარში ალექსანდრე თევზაძე.
ამ მასშტაბური და ამბიციური გეგმების გაზიარების შემდეგ, ბუნებრივია, დავინტერესდით, როგორ ხედავს KIU-ს გუნდი უნივერსიტეტის მომავალს. ისინი აცხადებენ, რომ პროცესი, რომელსაც ახლა KIU გადის, არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის განვითარების გზა, ეს, თავის მხრივ, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესთანაა დაკავშირებული.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისი საქმიანობით უკვე ზრდის მსოფლიოს მოქალაქეებს, რომლებსაც მშვიდობისა და წარმატების იარაღად განათლება ექნებათ“, – გვეუბნება უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, ვოლფგანგ ჰერმანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე KIU განათლების მსოფლიო რუკაზე გარდატეხას შეიტანს და საქართველო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინოვაციების ჰაბად იქცევა.