ირანის პრეზიდენტის დაღუპვისა და საუდის არაბეთის მეფის ჯანმრთელობის გამო ნავთობი გაძვირდა

ირანის პრეზიდენტის დაღუპვისა და საუდის არაბეთის მეფის ჯანმრთელობის გამო ნავთობი გაძვირდა

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვისა და საუდის არაბეთის მეფის მიერ ჯანმრთელობის მიზეზით იაპონიაში გაუქმებული ვიზიტის გამო, ანალიტიკოსები დღეისთვის ნავთობის ფასის ზრდას ელოდნენ.

დილის მონაცემებით, Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი 41 ცენტით, 0.5%-ით გაძვირდა და ერთი ბარელის ღირებულებამ $84.39 შეადგინა. WTI-ის ნედლი ნავთობის ღირებულება ივნისისთვის 23 ცენტით გაძვირდა და $80.29 შეადგინა.

ფინანსური ანალიტიკოსების განმარტებებით, ნავთობის გაძვირება სწორედ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ დღეს ირანის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვა ოფიციალურად დადასტურდა. ცნობისთვის, იბრაჰიმ რაისი ამჟამინდელი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრედ განიხილებოდა.

ნავთობის ფასზე გავლენა ირანის პრეზიდენტის ტრაგიკული სიკვდილის გარდა, საუდის არაბეთის მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობამაც იქონია. საუდის არაბეთის მეფე პრინცთან ერთად ვიზიტით იაპონიაში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო აღნიშნული ვიზიტი გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ ნედლეულის ფასების ცვლილებას ხშირ შემთხვევაში ზემოთ აღწერილი შემთხვევები განაპირობებს. კონკრეტულად ნავთობის ღირებულების სენსიტიურობა კი იმით აიხსნება, რომ ირანიც და საუდის არაბეთიც ნავთობის მსხვილი მწარმოებლები არიან.