რუსეთმა ქვეყნიდან გასულ დასავლური კომპანიების აქტივებზე კონტროლი დაამყარა

რუსეთმა ქვეყნიდან გასულ დასავლური კომპანიების აქტივებზე კონტროლი დაამყარა

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი დასავლური საერთაშორისო კომპანიების უმეტესობამ დატოვა. ფირმების უმეტესობა რუსეთში საკმაოდ მსხვილ აქტივებს ფლობდა. ნაწილმა მათი გასხვისება შეძლო. თუმცა რუსეთიდან გასვლის შემდეგ საკუთარი ქონების, ქარხნებისა თუ სხვა სახის კაპიტალის გაყიდვა ყველამ ვერ მოახერხა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური დეკრეტით, ასეთი აქტივები რუსული კომპანიების მფლობელობაში გადავიდა. წარმოგიდგენთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელთა აქტივებზეც კრემლმა კონტროლი  დაამყარა.

AGROTERRA

პუტინის მიერ აპრილში ხელმოწერილი დეკრეტის თანახმად, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში წამყვანი კომპანიის AGROTERRA-ს რუსული აქტივები დროებით სამართავად რუსულ მენეჯმენტს გადაეცა.

AMEDIA

ნორვეგიულმა გამომცემლობა Amedia-მ ქვეყნის დატოვების შემდეგ, საკუთარი რუსული აქტივები, საგამომცემლო სახლები და საბეჭდი პუნქტები სრულად სამართავად ნობელის პრემიის მფლობელ რუს ჟურნალისტს დმიტრი მურატოვს 2022 წლის აპრილში დაუტოვა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის დეკრეტით, Amedia-ს აქტივები სახელმწიფო მართვაში გადავიდა.

CARLSBERG

ლუდის დანიური მწარმოებელი Carlsberg-ი საკუთარი ბრენდის გარდა რუსეთში ადგილობრივი წარმოების ლუდის, Baltika Breweries-ის ყველაზე მსხვილი აქციონერიც გახლდათ. გასული წლის ივლისში გამოცემული დეკრეტის თანახმად, რუსულ Baltika-ში დანიური Carlberg-ის წილი „დროებით სამართავად“ სახელმწიფო უძრავი ქონების სააგენტო Rosimushchestvo-ს გადაეცა.

COMMERZBANK

რუსეთის სასამართლოს განკარგულებით, რუსეთში გერმანული ბანკის, Commerzbank-ის $101.9 მილიონის ღირებულების აქტივების ამოღების ბრძანება გაიცა. გარდა ამისა, სასამართლოს განკარგულებით დაყადაღდა მოსკოვის ცენტრში მდებარე გერმანული ბანკის შენობა.

DANONE

გასული წლის 16 ივლისს პუტინის მიერ ხელმოწერილი დეკრეტით იოგურტის ფრანგული მწარმოებლის, Danone-ის რუსული შვილობილი კომპანიის, Danone Russia-ს აქტივებს რუსეთის უძრავი ქონების სააგენტო დაეუფლა.

DEUTSCHE BANK

გერმანული ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, Deutsche Bank-ის $260 მილიონის ღირებულების ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები კრემლის მმართველობის ქვეშ გადადის. აღნიშნულის შესახებ განკარგულება რუსულმა სასამართლომ გამოსცა.

აღნიშნული კომპანიების გარდა, კრემლის მმართველობაში Fortum-ის, Fraport-ის, JPMorgan Chase-ის, OMV-ის, Rolf-ის, UniCredit-ის, Uniper-ისა და Wintershall Dea-ს აქტივები გადავიდა.