ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს კომპანიის მიერ ყოველწლიურ კონფერენციაზე გაჟღერებულმა სიახლეებმა გამოიწვია. საფონდო ბირჟებზე Apple-ის აქციების ფასი ერთ დღეში 7%-ზე მეტით გაიზარდა და მოცემული დროისთვის 207 აშშ დოლარს აჭარბებს.
აღნიშნული ზრდით, Apple-მა Nvidia-ს გადაასწრო და მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა. მეტიც, მას საბაზრო კაპიტალიზაციით ლიდერ Microsoft-მდეც ცოტა აკლია. მოცემული დროისთვის Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.18 ტრილიონს, Microsoft-ის კი – $3.22 ტრილიონს შეადგენს. ზემოხსენებული სამივე კომპანია ზრდის ტემპით პირველობის პოტენციური კანდიდატია.
როგორც აღვნიშნეთ, ერთ დღეში Apple-ის აქციების ფასის 7.3%-იანი ზრდის ძირითადი მიზეზი ის სიახლეები გახდა, რომლებიც მან ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინა. მთავარი სიახლე კი ისაა, რომ კომპანია საკუთარ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მასშტაბურ ინტეგრაციას განიხილავს.