გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან თავისუფალი სტილით ჭიდაობის 97 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვთან წააგო. შეხვედრის საწყის წუთებზე ტაჟუდინოვმა მაჭარაშვილი შებოჭვაზე დაიჭირა და დაპირისპირება დროზე ადრე დაასრულა.
შეგახსენებთ, გივი მაჭარაშვილმა პირველი შეხვედრა მერვედფინალში სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟეს წინააღმდეგ გამართა. ქართველმა მოჭიდავემ დაპირისპირებაში დამაჯერებელი ანგარიშით, ვადაზე ადრე, 12:2 მოიგო.
ამის შემდეგ, გივი მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს შეხვდა. მაჭარაშვილმა ამ შემთხვევაშიც დამაჯერებლად, ანგარიშით 11:0 მოიგო და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა.
ნახევარფინალში გივიმ აზერბაიჯანის წარმომადგენელი მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 5:0 დასრულდა.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა პარიზი 2024-ზე გამოსვლა შვიდი მედლით დაასრულა – სამი ოქრო (ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე), სამი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე, გივი მაჭარაშვილი) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული). ჩვენი ქვეყანა ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.