"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო ინფლაციის დონით მსოფლიოში 131-ე ადგილზეა

Forbes-WEB-24082111

Trading Economics-ის მონაცემებით, ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 131-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ინფლაცია სამომხმარებლო საქონლის და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ინფლაციის დონეს თითქმის ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ითვლის – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოყენებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათას ეყრდნობა, რომელიც 300-მდე დასახელების განსხვავებულ საქონელს და მომსახურებას მოიცავს. სამომხმარებლო კალათაში შედის ის საქონელი და მომსახურება, რაზეც მოსახლეობა ძირითადად ხარჯავს ფულს.  ღარიბი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათს და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტებს, მდიდარი ქვეყანაში კი სურსათის წილი შედარებით დაბალია და იზრდება ჯანდაცვის, განათლების და დასვენება-გართობის მომსახურების წილი.

სამომხმარებლო ფასების ინდექსში პროდუქტებს განსხვავებული წონები აქვთ. რაზეც მეტი თანხა იხარჯება, მას მეტი წონა აქვს და შესაბამისად, მისი გაძვირება უფრო მეტად აისახება ინფლაციის საბოლოო, საშუალო მაჩვენებელზე, რასაც წლიური ინფლაციის დონედ მოვიხსენიებთ.

ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს სხვადასხვა ორგანიზაციები აქვეყნებენ, მაგრამ ოპერატიულ, ყოველთვიურად განახლებად ინფორმაციას პორტალი Trading Economics აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ვეყრდნობით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ადგილის განსასაზღვრად.

საქართველო ინფლაციის რეიტინგში

Trading Economics-ის 2024 წლის ივლისის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 1.8%-იანი წლიური (12 თვის) ინფლაციის დონით საქართველოს მსოფლიოში 131-ე ადგილზეა 164 ქვეყანას შორის, ანუ უფრო მაღალი ინფლაცია 130 ქვეყანაშია, ხოლო 33 ქვეყანაში უფრო დაბალი ინფლაციაა.

საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 9.4%-ით ტრანსპორტი გაძვირდა (საწვავის ფასის ჩათვლით). შემდეგ მოდის სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, რომელიც 6.7%-ით გაძვირდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 4.3%-ით გაძვირდა, განათლება 3.8%-ით. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 44%-ით მწვანე ლობიო ატამი გაძვირდა. შემდეგ მოდის საზამთრო, რომელიც 39%-ით გაძვირდა. თვითმფრინავით მგზავრობა 34%-ით გაძვირდა, ბენზინი 21%-ით გაძვირდა, ავტომობილის რეცხვა 16%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში საქართველოში ყველაზე მეტად – 7.6%-ით კავშირგაბმულობის მომსახურება გაიაფდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3.8%-ით გაიაფდა. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 27%-ით ანტიბიოტიკები გაიაფდა. ხახვი და წიწიბურა 23%-ით გაიაფდა, კომბოსტო 17%-ით, სიმინდის ფქვილი 16%-ით.

წლიური ინფლაცია საქართველოში, ყოველი წლის ივლისის მაჩვენებელი

წყარო: საქსტატი
ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია

ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად არგენტინაში გაიზარდა – 263%-ით. ლიბანს ბოლო წლებში ზოგადად მაღალი ინფლაცია ახასიათებს. წინა წლებშიც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა. ინფლაციის დონით მე-2 ადგილზე თურქეთია, სადაც ფასები 62%-ით გაიზარდა. შემდეგ ვენესუელა მოდის 44%-იანი ინფლაციით. მაღალი ინფლაციით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან, არგენტინა და თურქეთი ამ მხრივ გამონაკლისია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთშია (62%). რუსეთში ინფლაცია 9.1%-ია,  სომხეთში 1.4%, ხოლო აზერბაიჯანში 0.7%.

დეფლაცია დაფიქსირდა, ანუ ფასები შემცირდა მხოლოდ ორ ქვეყანაში, სენეგალში (-0.7%) და ბრუნეიში (-0.3%).

ყველაზე მაღალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ინფლაციის დონე, %

1

არგენტინა

263

2

თურქეთი

62

3

ვენესუელა

44

4

ლიბანი

42

5

მალავი

34

6

ზიმბაბვე

34

7

ნიგერია

33

8

ირანი

32

9

სიერა ლეონე

32

10

ანგოლა

31

წყარო: tradingeconomics.com

ყველაზე დაბალი ინფალციის მქონე 10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ინფლაციის დონე, %

1

სენეგალი

-0.7

2

ბრუნეი

-0.3

3

კოსტა რიკა

0

4

პაპუა ახალი გვინეა

0.1

5

ყატარი

0.2

6

ჩინეთი

0.5

7

სეიშელი

0.6

8

აზერბაიჯანი

0.7

9

კამბოჯა

0.7

10

სეიშელის კუნძულები

0.7

წყარო: tradingeconomics.com

გააზიარე