ამერიკული Forbes-ის უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ქალების რეიტინგში პირველ ადგილს L’Oreal-ის მემკვიდრე ფრანსუაზ ბეტანკურ მაიერსი იკავებს. ფრანგული კოსმეტიკური გიგანტის მფლობელი სიის სათავეში ფუფუნების ევროპული ბრენდების აქციების ფასის ზრდის გავლენით მოექცა.
$93.3 მილიარდად შეფასებული ქონებით, მაიერსმა მილიარდერთა რეიტინგში Walmart-ის მემკვიდრეს, ელის უოლტონს გადაასწრო. უოლტონმა მსოფლიოს უმდიდრესი ქალის სტატუსი მიმდინარე თვის დასაწყისში მოიპოვა, ამჟამად კი, $90.4 მილიარდით მეორე პოზიციას იკავებს. რეიტინგის მესამე ადგილზე Koch Industries-ის მფლობელის, დევიდ კოხის ქვრივი ჯულია კოხია, $74.2 მილიარდით.
ცნობისთვის, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მაიერსი მე-18, ხოლო უოლტონი მე-19 პოზიციებს იკავებენ.
ხუთშაბათის მდგომარეობით, L’Oreal-ის აქციების ღირებულება 7%-ით, $408.65-მდე გაიზარდა, რაც ივლისის თვის შემდეგ, კომპანიისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქციების ფასების ზრდას მაიერის ქონების $5.5-მილიარდიანი მატება მოჰყვა. მაიერსი, ოჯახთან ერთად, კომპანიის $34.7%-იან წილს ფლობს.
პარალელურად, აქციაზე 2%-ით დაბალი ღირებულებით დაიხურა ვაჭრობა Walmart-ისთვის. შედეგად, კომპანიის აქციების ფასი $79.92-მდე დაეცა და უოლტონის ქონებაც $1.3 მილიარდით შემცირდა.
L’Oreal-ის მიერ დაფიქსირებული შედეგები უმეტესად ჩინეთის ბაზრის დამსახურებაა. ფრანგული ბრენდისთვის ჩინეთი სიდიდით მეორე ბაზარია. ჩინეთის მთავრობის მიერ, ეკონომიკური სტიმულირების მრავალმილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას, ფუფუნების ევროპული ბრენდების აქციების ფასების ზრდა მოჰყვა.