პორტუგალიაში მინიმალური ხელფასი გაიზრდება: შედარება EU-ს სხვა ქვეყნებთან

პორტუგალიაში მინიმალური ხელფასი გაიზრდება: შედარება EU-ს სხვა ქვეყნებთან

პორტუგალიის შრომის მინისტრის განცხადებით, 2025 წლიდან ქვეყანაში მინიმალური თვიური ხელფასი 870 ევრომდე გაიზრდება. ცნობისთვის, ამჟამად პორტუგალიაში დასაქმებულები ანაზღაურების სახით თვეში მინიმუმ 820 ევროს იღებენ.

მთავრობის შეთავაზებით, 2028 წლამდე მინიმალური ხელფასი წელიწადში 50 ევროთი გაიზრდება. ამ შეთავაზების მიღებისა და გეგმის სისრულეში მოყვანის შემდეგ, პორტუგალიაში 2028 წლისთვის მინიმალური ხელფასი 1020 ევრომდე იქნება.

ხელფასის გაზრდის მიუხედავად, ამ კუთხით პორტუგალია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დაახლოებით ნახევარს ჩამორჩება და Eurostat-ის მონაცემებით, 22 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს იკავებს.

რეიტინგს ლიდერობს ლუქსემბურგი, სადაც მინიმალური თვიური ხელფასი თვეში 2204 ევროა. ამის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ირლანდიას, სადაც დასაქმებულები ანაზღაურების სახით თვეში მინიმუმ 1840 ევროს იღებენ. მესამე ადგილზე ნიდერლანდებია, თვეში მინიმუმ 1829 ევროთი.

პირველ ხუთეულში ვხვდებით ბელგიასა და გერმანიას, შესაბამისად, 1774 ევროსა და 1761 ევროს ოდენობის მინიმალური თვიური ხელფასით. ცნობისთვის, საფრანგეთში მინიმალური თვიური ხელფასი 1550 ევროს შეადგენს.