Truth Social-ის აქციები 15%-ით გაძვირდა - ტრამპი კიდევ $500 მილიონით გამდიდრდა

Truth Social-ის აქციები 15%-ით გაძვირდა - ტრამპი კიდევ $500 მილიონით გამდიდრდა

დონალდ ტრამპის სოციალური მედიაპლატფორმის, Truth Social-ის მფლობელი კომპანია Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასი ორშაბათს 15%-ით გაიზარდა. შედეგად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კიდევ $500 მილიონით გამდიდრდა.

14 ოქტომბერს ტრამპის კომპანიის თითო აქციის ფასმა დაახლოებით $30 შეადგინა. ამის წყალობით 2024 წლის არჩევნების პრეზიდენტობის კანდიდატის ქონებას $531 მილიონი შეემატა.

FactSet-ის უახლესი მონაცემებით, დონალდ ტრამპი Trump Media & Technology Group-ის აქციების 57%-ს ფლობს. ამერიკული Forbes-ის მუდმივად განახლებადი ანგარიშის თანახმად, ტრამპის ქონების წმინდა ღირებულება $5.5 მილიარდს შეადგენს, რაც მას მილიარდერთა რეიტინგში 604-ე ადგილს ანიჭებს.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ბოლო პერიოდში Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასის მნიშვნელოვანი ზრდა იმითაა განპირობებული, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი შეუერთდა.

აქციების ფასის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, Trump Media & Technology Group-ი პიკისგან ჯერ კიდევ შორსაა. შეგახსენებთ, მარტში ერთი აქცია საფონდო ბირჟაზე $66 დოლარად ივაჭრებოდა.