2024 წლის საპარლამენტო არჩევნები | საერთაშორისო გამოხმაურება

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები | საერთაშორისო გამოხმაურება

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) მონაცემებით, აქტივობამ 58.94%-ს მიაღწია (2,060,412 ამომრჩეველი), ხმათა უმრავლესობა კი – 53.93%, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. შედეგად, „ქართული ოცნება“ ახალი მოწვევის პარლამენტში არსებული 150 მანდატიდან 89 მანდატს მიიღებს.

ცესკოს თანახმად, ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის 11%-ზე მეტმა მხარი „კოალიცია ცვლილებებისთვის: ახალი, დროა, გირჩი – მეტი თავისუფლება“ დაუჭირა, „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, ხმათა 10.16% მიიღო. ასევე, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლეს ოპოზიციურმა პარტიებმა: „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ (8.8%) და „გახარია საქართველოსთვის“ (7.77%).

ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს და აქციები დააანონსეს. გაცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს ოპოზიციური პარტიები „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ესწრებოდნენ.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული გაცხადების თანახმად, არჩევნების აღიარება იგივეა, რაც აღიარება რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. „ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით, არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნებს, „ტოტალური გაყალბება“ და „ხმების ტოტალური წართმევა“ უწოდა.

„ცესკოს“ მიერ საბოლოო მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, განცხადება გააკეთეს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმაც. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დააანონსა, რომ მათი გუნდი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა ოპოზიციურმა პარტიამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“.

„ჩვენ ყველა ერთად ვამბობთ, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული და შედეგები არალეგიტიმური. ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხისთვის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს“, – განაცხადა პარტიის სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ.

საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მალევე საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი მმართველ პარტიას გამარჯვება უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მიულოცა. „საქართველოს მოსახლეობამ იცის, თუ რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა“, – ვკითხულობთ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ორბანი, სამთავრობო დელეგაციასთან საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, 28-29 ოქტომბერს ეწვევა.

„ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც და დასძინა, რომ „ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი“. საქართველოს პრემიერსა და პარტია გამარჯვება მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც და სომხეთი-საქართველო სტრატეგიული ურთიერთობების მდგრადი განვითარების გაგრძელების იმედი გამოთქვა.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის საელჩომ. ბლინკენმა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს კანონის უზენაესობის დაცვისა და კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდა, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

არჩევების შედეგებს გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და „ცესკოს“ საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა. მიშელი საქართველოს საკითხის ევროპული საბჭოს ნოემბრის არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შეტანასაც განიხილავს.

განცხადება მაღალი რანგის ევროპელმა დეპუტატებმა კანადელ კოლეგასთან ერთად გამოაქვეყნეს. განცხადებას გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი აქვეყნებს. მათი შეფასებით, საქართველოში გამართული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, რის გამოც, ევროკავშირი მის შედეგებს ვერ აღიარებს. მათივე თქმით, ისინი შეშფოთებულნი არიან საქართველოს „ბელორუსიფიკაციის“ პროცესით, მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და შესაბამის ზომებს მიიღებენ, თუ საქართველოს მთავრობა მსგავს ქმედებებს გააგრძელებს.

არჩევნების შემდეგ ბრიფინგი ჩაატარა არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპულმა ქსელმა (ENEMO). მათი შეფასებით, არჩევნები პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას. საპარლამენტო არჩევები შეაფასა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ: „კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, დავაფიქსირეთ შემთხვევები, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა, განსაკუთრებით – სოფლად“.

ეუთო-ს კოორდინატორ, პასკალ ალიზარდის შეფასებით, კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. მიუხედავად ამისა, ეუთო/ოდირის განცხადებამ საუბრობს არსებულ შიშსა და ზეწოლაზეც, რომელიც ეჭვს ქმნის ქვეყანაში თავისუფლად ხმის მიცემის შესაძლებლობაზე.