მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა. კომპანიის აქციების ფასის მნიშვნელოვანი ზრდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დაიწყო.
ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და უკვე მისი უახლოესი გარემოცვის წევრი, ილონ მასკი, რომელიც Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორია, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი ალბათობით, საკუთარი ბიზნესების კიდევ უფრო განსავითარებლად მეტ შესაძლებლობას მიიღებს. ეს კი ინვესტორების განწყობაზე დადებითად აისახა, რაც აქციების ფასის ზრდაში გამოიხატა.
გასული სავაჭრო დღის ბოლოსთვის საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების ფასი 8.2%-ით გაიზარდა და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში $1-ტრილიონიან ნიშნულს პირველად გადააჭარბა. მთლიანობაში გასული კვირის განმავლობაში ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ღირებულება 29%-ით, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $230 მილიარდითაა გაზრდილი.
შეგახსენებთ, Tesla-ს ღირებულება ჯამურად Toyota-ს, BYD-ის, Xiaomi-ს, Ferrari-ს, Porsche-ს, GM-ის, Mercedes Benz-ის, Volskwagen-ის, BMW-ის, Ford-ის, Suzuki-ს, Honda-ს, Mahindra&Mahindra-სა და Stellantis-ის საბაზრო კაპიტალიზაციას აჭარბებს.