სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.8%-ით გაიზარდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში ზრდა დაფიქსირდა. მაჩვენებელი 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 6.8%-ით არის გაზრდილი.

სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში ფასები 4.6%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. პარალელურად, საანგარიშო პერიოდში, ფასები 0.8%-ით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ჯგუფში შემავალ კვების პროდუქტებზე – 3.5%-იანი. თუმცა 2.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.

რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფის შემთხვევაში ფასები გაიზარდა 29.7%-ით. ჯგუფში მნიშვნელოვანი მატება ლითონის მადნებზე დაფიქსირდა და 35.9% შეადგინა.
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 5.3%-ით. ქვეჯგუფებიდან გამოსარჩევია კვების პროდუქტების 6.6%-ით და ძირითადი ლითონების 11.8%-ით გაძვირება.
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 4.4%-ით.
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით – ამ ჯგუფზე ფასების მატებამ ჯამში 10.9% შეადგინა.